როგორ შევამციროთ ხარჯები?
"ფული ძალიან საჭირო ნივთია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის არ გაქვს!" მაგრამ თუ გაქვს, უნდა იცოდე, როგორ გაუფრთხილდე მას ისე, რომ არ დაკარგო (რომ არ "შემოგეხარჯოს"). მოდი, ჯერ ავხსნათ ის, თუ რა არის ფული.
ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს "ხელის ჭუჭყია", თუმცა რეალურად, ის არის ღირებულების საზომი, რომლის საშუალებითაც ვიძენთ პროდუქტს, შემდეგ კი ვიყენებთ მას. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რა არის ფული, ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს ის სწორად.
ფულის ხარჯვასთან დაკავშირებული ჩვევა, მისი დაზოგვა და ნაყოფიერად გამოყენება არც სკოლაში მიღებულ ნიშნებთან და არც IQ-სთან არ არის დაკავშირებული, ეს არის ცოდნა, რომელსაც საკუთარი გამოცდილებიდან იღებ, აგროვებ და შემდეგ იყენებ. გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა ძალიან კარგია, მაგრამ არც ის პატარა და თითქოს უმნიშვნელო ხრიკები უნდა დავივიწყოთ, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდი მოცულობის თანხას ზოგავს და გვეხმარება არსებული თანხის გონივრულად გამოყენებაში. სწორედ ამიტომ ახლა შევეცდები, მოგცე მარტივი, ეფექტური და რეალური რჩევები, რომლებიც ზედმეტ ხარჯებს შეგიმცირებს.
საყიდლებზე ჰერი, ჰერი!
დავიწყოთ საყიდლებით. კარგი იქნება, სანამ საყიდლებზე წახვალ, სია ჩამოწერო, დაგეგმო კვირის თითოეული დღის რაციონი, რაც დაგეხმარება იმის გაგებაში, თუ რომელი პროდუქტი, რა რაოდენობის გჭირდება. ეს თავიდან აგაცილებს ზედმეტი პროდუქტის ყიდვას ან უკვე მზა საჭმლის გაფუჭებას, ასევე, აღარ მოგიწევს დაუგეგმავად საკვების გამოძახება, რადგან გეცოდინება, თუ რა მიირთვა თითოეულ დღეს. ეს კი თავისთავად დაზოგავს ფინანსებს. თუმცა, ხანდახან რთულია, განსაზღვრო კვების რაციონი. ამიტომ გირჩევ, შეაფასო შენი კულინარიული შესაძლებლობები, შეიძინო ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც შეგიძლია (კარგი იქნება თუ სეზონურ პროდუქტს მიანიჭებ უპირატესობას). ამით შეამცირებ საკვების დანახარჯს და, რაც მთავარია, დაზოგავ ფულსაც.
ბნელი და ტკბილი 90-იანები
ალბათ უკვე იცი, რომ სანამ ოთახიდან გახვალ, შუქი უნდა ჩააქრო. მაგრამ იცოდი თუ არა, რომ დენცქვიტაში შეერთებული ნებისმიერი ტექნიკა გამორთულ მდგომარეობაშიც კი ხარჯავს ელექტროენერგიას? ამიტომ, გამოაერთე ყველა უსარგებლო დანადგარი დენის წყაროდან და შეაერთე მხოლოდ მაშინ, როცა დაგჭირდება. ასევე, ეცადე ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც განაახლო, ახლები შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ეკოლოგიურად უფრო სუფთებიც არიან. ასევე, კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებ ენერგოეფექტურობის დონეზე (A++) და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენ ელექტრომოწყობილობას.
ვინ ხარ შენ ასეთი მოდური?!
კარგ, დახვეწილ და მოდურ აქსესუარსა თუ სამოსზე უარს ალბათ არავინ იტყვის, თუმცა მთელი დანაზოგის მათზე დახარჯვა სულაც არ არის გონივრული გადაწყვეტილება. მეტიც, საზიანოა შენი ფინანსებისთვის, ამიტომ გირჩევ, თითოეული ნივთის შეძენამდე მისი ღირებულება კარგად აწონ-დაწონო, არ შეიძინო ისეთი სამოსი, რომლის ტრენდულობაც მხოლოდ რამდენიმე კვირას გასტანს. ყოველთვის ეძებე ფასდაკლებები ან ესტუმრე მეორეული სამოსის მაღაზიებს. იქ შეგიძლია, ძალიან კარგი ხარისხის პროდუქტი ძალიან დაბალ ფასად შეიძინო.
აღარ დახვდა ფული, საიდან? როგორ გაქრა?
ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?...
იცოდი თუ არა, რომ ჩვენი შემოსავლების 15%-ზე მეტს ტრანსპორტირებაში ვხარჯავთ? რა თქმა უნდა, ეს ნიშნული დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. თუმცა, ალბათ, დამეთანხმები, რიცხვი საკმაოდ მაღალია. შესამცირებლად კი გირჩევ, გამოიყენო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისარგებლო სქროლით ან თუნდაც ველოსიპედით. ამით არა მარტო ფინანსებს დაზოგავ, არამედ ხელს შეუწყობ ცხოვრების დონის ამაღლებას, ვინაიდან მსგავსი სატრანსპორტო საშუალება ამცირებს უარყოფით ზეგავლენას ეკოლოგიაზე. ასევე, ზრდის გადაადგილების სიჩქარეს, რაც შესაბამისად იძლევა დროისა და ძალის ეკონომიას.
იმედია, ეს რჩევები დაგეხმარება შენი ფინანსების წარმატებულად წარმართვაში, ფულის შენახვასა და ხარჯების შემცირებაში. მთავარია, შეიძინო გამოცდილება და ნელ-ნელა ისწავლო ფულის დაზოგვის ის ხრიკები, რომლებიც სამომავლოდ ძალიან გამოგადგება და მეტიც, უამრავ თანხას დაგიზოგავს, ჩვენ კი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ფინანსებზე და მის წარმართვაზე, რათა სხვებმაც შეძლონ გამოცდილების დაგროვება ამ მიმართულებით. გახსოვდეს, "მდიდარი არ არის ის, ვისაც აქვს სიმდიდრე, არამედ ის არის, ვინც სარგებლობს ამით". ისარგებლე, გამოიყენე, თუმცა გონივრულად - მხოლოდ ასეთ გადაწყვეტილებებს შეუძლიათ, გაგხადონ წარმატებული.
ასე რომ, რას ელოდები? "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!".