კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ გავხსენით სახელოსნო, ანუ რა არის მთავარი დაზოგვაში

როგორ გავხსენით სახელოსნო, ანუ რა არის მთავარი დაზოგვაში

4726
3.7 / 5

- იმ დღეს ვიღაც ქოუჩს ვუსმენდი და ასეთი რამე თქვა... ნებისმიერი შემოსავლის შემთხვევაში არის დაზოგვა შესაძლებელიო... - მარიამმა ყავა ჩამოისხა აპარატიდან და სამზარეულოს მაგიდასთან მომიჯდა...

მაგიდაზე ჩამოდებული თავი არ ამიწევია, ისე შევხედე...

- მაგალითად, როგორ? ავტობუსს არ გაყვე და ფეხით იარო 10 გაჩერება სახლამდე? პრინციპში ხო... ეგეც შენი დღეში ორი ლარი აქეთ-იქით...

- და უფრო ჯანმრთელიც იქნები...

- კი, მაგდენი ხანი გარეთ ყოფნის გამო გამონაბოლქვმა თუ არ დაგახარჩო...

- რა ხასიათზე ხარ...

- მძინავს... და მძინარეს მიყვები ვიღაც ქოუჩი ბიძიას სისულელეებს... ისე მაგას უნდა მისცე ჩვენნაირი ხელფასი და თან დააზოგინო, თან ოჯახი არჩენინო და თან ვიღაც რომ მოკვდება, გასვენებაშიც ფული დაადებინო და დავინახავ, მერე როგორ ილაპარაკებს... - თავი ძლივს ავწიე და ყავა მოვსვი...

- მე მგონია, რომ მართალია...

- გადადე უკვე ლარი და ორმოცი, თუ რატომ გგონია?

- სანამ არ გამოფხიზლდები, შენთან ლაპარაკი არ შეიძლება...

- მაგაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა... ინგლისური ანეკდოტი მგონი... თუ არ იყო ინგლისური... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს... კაცი ამაყად მივა სახლში და იტყვის, დღეს 1 პენი დავზოგეო, როგორო, ცოლი ეკითხება, ავტობუსმა გამასწრო და უკან გამოვეკიდეო, ხოდა ხვალ ტაქსს გამოეკიდე და 10 პენს დაზოგავო, ცოლმა... სასაცილო არაა, მარა ამ სიტუაციაზეა...

- არადა მართლა რამდენ სისულელეში ვხარჯავთ ფულს...

- მაინც?

- ვთქვათ, ტანსაცმელი...

- ჩემს მეორადის ტანსაცმელზე იძახი მაგას? თუ შენს ლურჯ პიჯაკზე, რომელიც ამ მწვანე კაბას არ უხდება...

- შენ უნდა გენახა, მეორე მწვანე კაბას როგორ არ უხდებოდა... - კაბაზე დაიხედა მარიამმა - ხარჯების სწორად დაგეგმვაა რა საჭირო... კიდევ რაღაც რჩევები ჰქონდა იმ კაცს... ჩაგიგდებ მერე იმ ვიდეოს, უყურე...

- ხარჯების სწორად დაგეგმვაზე იმ ბიზნესებს მოუყევი, ეხლა რომ დაგირეკავენ... გუშინ იყო, ერთ სესხს განვიხილავდი, რა ოპერაციისთვისაც ფული უნდოდა ტიპს, იმ ოპერაციით იმაზე ნაკლები მოგება რჩებოდა, ვიდრე სესხის პროცენტი ექნებოდა იმ ვადაში გადასახდელი... მეთქი, აუხსენით ვინმემ ამ ადამიანს, რომ აგებს ამ ოპერაციით ამ ვადაზე, კი არ იგებს... მერე დაუმტიცებ ეგეთ სესხს და რომ მიხვდება, რომ წააგო, შენ გამოხვალ ცუდი ტიპი და დამაბოლესო, იტყვის...არადა თვითონ ხომ უნდა დათვალოს...

- ეგეთი ანალიზი შენს პირად ხარჯებსაც ჩაუტარე...

- ანალიზი რათ უნდა იმას, რომ ჯანდაბაში ვარ ფინანსურად...

- ნუ დადგი ეხლა ტრაგედია უგმიროდ...

- ვის ეუბნები, შენ არ იყავი, ხელფასის წინა დღეს ოცი თეთრი რომ ვერ დამიმატე ავტობუსის ფულზე რომ მაკლდებოდა? 

- აუ, ეგ მაგარი ისტორიაა, ორმა კაცმა ლარი რომ ვერ შევკარით, თუ ორმოცდაათი თეთრი ღირდა მაშინ ავტობუსი...

- მე ის ისტორია უფრო მომეწონებოდა, მე და შენ მაიამის პლაჟზე რომ ვირუჯებით ჩვენი დაზოგილი ფულით...

მიუხედავად ჩემი სკეპტიკური განწყობისა, სამსახურიდან სახლში რომ წამოვედი, ეს დაზოგვის იდეა მაინც ამეკვიატა... ეს ქოუჩები მართლა ისე კი არაა, ჭკვიანურ რამეებსაც იძახიან... შეიძლება მართლა ნებისმიერი შემოსავლის პირობებში მაინც რეალისტური იყოს დაზოგვა... ო, კაი რა... ესე თეორიულად კი, მარა გეხვეწები, ხო არ მოვკვდები და მიწას მივიყრი... რა ფული უნდა გადავდო, რანაირად... პამპერსი არ ვიყიდო, თუ ბავშვი სკოლაში შიმშილით მოვკლა, თუ თავი შამპუნის ნაცვლად ძმრით დავიბანო... ისე ძმარი რა ღირს, შეიძლება ეგ უფრო ძვირიც დაჯდეს...

სახლში რომ მივედი, სანდროს ვუთხარი: მოდი ფული დავზოგოთ... ხელში იმასაც ახალჩამოსხმული ყავა ეჭირა... პირთან მიტანილი ჭიქა ჩამოდგა...

- აღარ დავლიო? თუ რას მთავაზობ... რომელ ფულს ვზოგავთ? რომელიც არ გვაქვს? -გაიცინა

- ხო მაგალითად ოთხი ჭიქა ყავის მაგივრად დავლიოთ ორი... მშვენიერი დასაწყისია...

- ორი კოლოფი სიგარეტის ნაცვლად მოვწიოთ ერთი...

- კვირაში სამჯერ ლუდის დალევის მაგივრად, დავლიოთ ერთხელ... ან ორჯერ... ან მოდი ლუდს ბოლოს მივადგეთ...

- ნაგვის პარკების მაგივრად ჩვეულებრივი პარკები გამოვიყენოთ...

- ოო, მაგეებში არ ეტევა წესიერად ნაგავი...

- დაზოგვა თუ გინდა, ცოტა თავი უნდა შეიწუხო, სხვანაირი დაზოგვა მე არ ვიცი...

- კიდე რა შეიძლება... - თან ჭურჭელს ვრეცხავდი...

- ცხელი წყლის მაგივრად ცივში გავრეცხოთ ჭურჭელი...

- ეგ არაა ეფექტური, მაშინ მეტი ფეირი წავა...

- ბარემ დიეტა ხომ გინდოდა და ზუსტად დროულია...

- ნუ ღადაობ, მართლა მოვიფიქროთ...

- აბა შუქი ისედაც არ გვინთია ტყუილად, არც წყალს ვტოვებთ მოშვებულს...

- კოსმეტიკას აღარ გამოვიწერ...

- კაი ხო გიყვარს, რომ მოგდის ხოლმე ის ყუთი...

- მიყვარს, მარა მაინც უკვე რამდენი მილაგია ტყუილად, ვადა გასდის... - ჭურჭლის რეცხვას მოვრჩი, ხელები გავიმშრალე და მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი.. - ნახე, უკვე რამდენი ხარჯი ჩამოვთვალეთ, ვითომ ამ ზღვარზე ყოფნის პერიოდშიც... ეტყობა მართლა მუშაობს ეს თემა... კიდევ რომ გადავხედოთ ჩვენს საბანკო ბარათებს ალბათ მილიონ ეგეთ ხარჯს აღმოვაჩენთ... დღეში მარტო სამ ბოთლ კოკა-კოლას ვსვამთ და მაგის მაგივრად ხომ შეგვიძლია, წყალი დავლიოთ და ისიც არ ვიყიდოთ, სახლიდან წავიღოთ. მოგწყურდება, დალევ...

- თეორიაში მხეცები ვართ ...

- პრაქტიკაშიც გავმხეცდეთ ...

- რამდენი დღე იქნები ეგეთ მუღამზე, საქმე ისაა... მაინც რისთვის გინდა ეს დაზოგვა... უბრალოდ, შავი დღისთვის?

- მარიამთან ერთად მაიამი ბიჩზე რომ გავირუჯო...

- იქ სხვანაირად წვავს მზე?.. აა, თუ სახურავები აღარაა ხო მოდაში? არადა ჩვეულებრივად რომ ვიცხოვროთ და გარუჯვაზე დავზოგოთ, მგონი ეგ ჯობია ...

- ოო... ჩვენი სახელოსნო რომ გვინდოდა, გაგვეხსნა, მაგისთვის დავზოგოთ...

მერე ორივე წამოვალთ სამსახურიდან... მთელ დროს ჩვენს სახელოსნოში გავატარებთ...ერთად ვიმუშავებთ... საღამოს ჩვენები შემოგვივლიან, ლუდს დავლევთ... 

- ეგ კაი მიზეზია... მე მგონი მიზეზს აქვს მნიშვნელობა... მიზეზს კი არადა მიზანს...

- ხო რაღაც მიზნისთვის, ალბათ გაცილებით ადვილია ფულის შეგროვება, ვიდრე უმიზნოდ... თუ უბრალოდ აგროვებ, ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს რაღაც, რაც მნიშვნელოვნად მოგეჩვენება და იმაში მიათხლიშავ მთელ ამ ნაწვალებ ფულს... მარა წინასწარ რომ იცი, რისთვისაც გინდა და ის მნიშვნელოვანი ამბავია შენთვის, გაცილებით მარტივია...

- კაი დავიწყოთ... მე გავხსნი შემნახველ ანაბარს ინტერნეტბანკით და რამდენი რაღაც უნდა გვეყიდა და დაზოგვის გამო არ ვიყიდით, ის ფული პირდაპირ გადავრიცხოთ ხოლმე ამ ანაბარზე, მგონი კარგი ვარიანტია...

- კი, კარგი იდეაა... რისი სეკვესტრით დავიწყოთ...

- ნაგვის პარკებით...

- აუ კარგი, არ ეტევა ეს ნაგავი ჩვეულებრივ პარკებში რა...

- სახელოსნო თუ გინდა, ცოტა თავის შეწუხებაც უნდა აიტანო...

ადვილი საერთოდ არ იყო... ადვილი საერთოდ არაფერი არაა... მე და მარიამი მაიამი ბიჩზე ჯერ ვერ მოვხვდით... მაგრამ ჩვენი სახელოსნოს თავზე მზე კი აცხუნებს, ისე რომ რო რამე იქ გარუჯვაც შეიძლება... ძალიან რომ ცხელა, საღამოობით ცივ ლუდს მივაშველებთ ხოლმე გასაგრილებლად...

პ.ს. ნაგავი მართლა არ ეტევა ჩვეულებრივ პარკებში...