კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ გავხდეთ რეალური ცხოვრების „პეპი“?

როგორ გავხდეთ რეალური ცხოვრების „პეპი“?

1556
4.5 / 5

შვედეთის ერთი ქალაქის გარეუბანში, ერთ ნახევრად დანგრეულ სახლში გოგონა ცხოვრობს. პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა გრძელწინდა. ყოფილხართ მასთან სტუმრად ბავშვობის დაუვიწყარი მოგზაურობისას? თუ ერთხელ მაინც შეგიხედავთ "ვილა ყიყლიყოს" ჯადოსნურ სახლში, ალბათ პეპის განუყრელი ატრიბუტი, ოქროთი სავსე ჩანთაც გემახსოვრეათ. ჩანთა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ, ლაღ და წითურ ბავშვს არაერთხელ დაეხმარა. 

გაგჩენიათ სურვილი, ერთი დღით მაინც გეცხოვრათ პეპის მსგავსად? მაშინ, მისი განძი თქვენც ნამდვილად დაგჭირდებოდათ. თუმცა, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ოქროს ფულით სავსე ჩანთას არავინ გვისახსოვრებს? როგორ გავხდეთ რეალური ცხოვრების "პეპი"? ამ კითხვაზე პასუხი იმდენად მარტივია, რამდენადაც ამ მეთოდით ცხოვრების გაუმჯობესება. 

დაზოგე ცოტა და შეცვალე ბევრი, იცხოვრე უდარდელად და იმედიანად!

დაზოგვა - ესაა ერთ-ერთი ძალიან საჭირო, თუმცა ხშირად გამოუყენებელი უნარი, რომლის გამომუშავება და სხვადასხვა სფეროში დანერგვა შეუძლია ყველას. ამიტომ, მნიშვნელოვანია „ყველაში“ შენი თავიც ამოიცნო ასაკის, თუ საქმიანობის მიუხედავად. 

მაგალითისთვის, თუ ისეთი ყოველდღიური პროცესისას, როგორიცაა კბილების გახეხვა, ონკანს დროებით დავკეტავთ, ამით დღეში 3-4, ხოლო წელიწადში 1000ზე მეტ ლიტრ წყალს დავზოგავთ. წყალს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენივე სიცოცხლისთვის. დაზოგვა ეხმარება არა მარტო ადამიანს, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმს. უცნაურად ჟღერს, თუმცა ფაქტია, რომ აქლემი ხშირად ადამიანებზე დიდი მონდომებით ზოგავს მისთვის საჭირო პროდუქტს. ასე რომ, დანაზოგის გაკეთება საჭიროების მიხედვით შეუძლია ყველას. საჭიროებები კი ყოველთვის მრავალფეროვანია, ზოგჯერ ძალიან გრანდიოზული, ზოგჯერ კი მცირედი, მაგრამ სასიამოვნო. ამიტომ, მიეცით თქვენს თავს ბედნიერების მიზეზი, ცოტას დაზოგვით შეცვალეთ ბევრი. 

ერთ ამბავს მოგიყვებით გოგოზე, რომელსაც ძალიან სურდა შეეძინა მისთვის საყვარელი წიგნის მეორე ნაწილი. ამისთვის, ის გულდასმით აგროვებდა მაღაზიაში პურის ყიდვისას მიღებულ კუთვნილ ხურდას და სულ რაღაც ერთ თვეში, დაგროვებული თანხით შეძენილი წიგნის კითხვით იღებდა სიამოვნებას. ეს ამბავი იმით განსხვავდება წიგნებსა თუ ფილმებში გადმოცემული ისტორიებისგან, რომ ნამდვილია. ისეთივე ნამდვილი, როგორიც შესაძლებლობა დაზოგო შენთვის რეალური თანხა და აიხდინო ოცნებები. გამოიყენო ის შენთვის საჭირო დროს, ან მოვლენებისას, რომელმაც შეიძლება შენი მყუდროება დაარღვიოს და განაგრძო ცხოვრება მშვიდად. 

ქართულ ენაში გვაქვს ერთი უნიკალური ფრაზა - "ფული შემომეხარჯა"

თუ ეს ფრაზა ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ და გქონიათ შემთხვევა, როცა თანხა გაუთვალისწინებლად დაგიხარჯავთ, შემდეგ კი გინანიათ, წაართვით თქვენს თავს ამ სინანულის მიზეზი იმ მარტივი წინდახედული საქციელით, რომ თანხა წინასწარ დაზოგოთ, როგორც მასშტაბური, ასევე მცირე მიზნებისთვის. 

ამ პროცესში შეიძლება კიდევ ერთ პრობლემას წავაწყდეთ.

სად შეიძლება ვიპოვოთ ისეთი "სანდო ჩანთა", როგორიც პეპის ჰქონდა?

ჩანთა, რომელიც მუდამ ფულით იქნება სავსე. ამისთვის, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანხის დაზოგვა არაა ერთჯერადი მოქმედება და  ის ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ მოვლენად უნდა ვაქციოთ. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ დანაზოგის სანდო ადგილას შენახვა კიდევ უფრო საიმედოს გახდის თქვენს მომავალს. ფინანსური ორგანიზაციები თქვენს დანაზოგს შეინახავენ და ფორმალურადაც გააფორმებენ. 

ასე რომ, ნუ დაელოდებით სასწაულს, ან ადამიანს, რომელიც ფულით სავსე ჩანთას გადმოგცემთ, ეცადეთ ის თავად შექმნათ. დაზოგეთ გონივრულად და ამით ჩაუყარეთ საფუძველი დიდ ცვლილებებს.