კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რატომ ვხარჯავ იმდენს, რამდენსაც ვხარჯავ?

რატომ ვხარჯავ იმდენს, რამდენსაც ვხარჯავ?

5325
4.7 / 5

დღესასწაულების თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეების მოახლოებასთან ერთად საყიდლების განხორციელებისა და საჩუქრების შეგროვებისთვის მზადებას  ვიწყებთ. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ საჩუქრები და საყიდლები აუცილებელია, შესყიდვის დროს მათი ქმედებები ერთმანეთს თითქმის არასდროს ემთხვევა. მაგალითად, თუ წინასაახალწლო საყიდლების ორომტრიალში სავაჭრო ცენტრის ზღურბლს გადააბიჯებთ, მიხვდებით, ყველა მომხმარებელს განსხვავებული ქცევა აქვს, შეამჩნევთ, რომ ყველა მათგანი განსხვავებული რაოდენობის სასაჩუქრე ჩანთით გადაადგილდება. ამასთან, მაღაზიის კართან მდგარ მომღიმარ მოპატიჟესაც ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ხოლო ზოგი მყიდველი, მხოლოდ მისი კეთილგანწყობით მოხიბლული იწყებს საჩუქრების შერჩევას.

რატომ ხდება ასე? მხოლოდ პირად ბიუჯეტში გაწერილი თანხა განსაზღვრავს ჩვენი ხარჯების მოცულობას, თუ არსებობს კიდევ სხვა ფაქტორებიც? ამ კითხვებზე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაკვირველია პირადი ბიუჯეტი უნდა იყოს  ჩვენი ხარჯების მთავარი განმსაზღვრელი, თუმცა ვიცავთ თუ არა ხარჯების ზღვრებს და რეალურად, რა ტიპის ხარჯებს ვდებთ ბიუჯეტში, ამ საკითხების საფუძვლები შეგვიძლია სხვაგან ვეძიოთ.

ზოგადად, ადამიანების ქმედებას უმეტესად მისივე პიროვნული მახასიათებლები განსაზღვრავენ. სოციოლოგები და ფსიქოლოგები მუდმივად შეისწავლიან ადამიანის იმ თვისებებს, რაც შემდეგ ქცევას განაპირობებს, მათ შორის მის ყიდვის ქცევასაც.  ამ ტიპის კვლევებს და დასკვნებს კი კარგად იყენებენ მარკეტოლოგები, რომ რაც შეიძლება ზუსტად მიაღწიონ სასურველ მომხმარებლამდე.

მოდით განვიხილოთ ერთ-ერთი თეორია და დავფიქრდეთ როგორ და რატომ იღებენ ადამიანები განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ხარჯვის შესახებ. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულს, სუზან დელენჯერმა შეიმუშავა თეორია, რომელიც ადამიანების ქცევასა და გეომეტრიული ფიგურების თვისებებს აერთიანებს და ამ თეორიას ფსიქოგეომეტრია უწოდა. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები 5 ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და თითოეულ ფსიქოტიპს შესაბამისი გეომეტრიული ფიგურის თვისებებსაც მიაწერს.

კვადრატი

"კვადრატი" ტიპი ფიგურასავით მოწესრიგებულია. თეორიის მიხედვით, "კვადრატი" ტიპაჟები ორგანიზებული, ლოგიკურად მოაზროვნე, დეტალებზე ორიენტირებული ადამიანები არიან. არ უყვართ არანაირი ემოციური სიტუაცია, არც კონფლიქტი და არც დაუგეგმავი მეგობრობა უცნობებთან. ასეთი ადამიანები გადაწყვეტილების მიღების წინ აუცილებლად ბევრს იფიქრებენ, ბევრ კითხვას დასვამენ, ბევრ ინფორმაციას გააანალიზებენ და ისე მივლენ დასკვნამდე. მათ ძირითადად, მუდმივად აქვთ წინასწარ გაწერილი გეგმა, რომელსაც თითქმის არასდროს გადაუხვევენ.

ამ ტიპის ადამიანების ანალიტიკური უნარები და საკითხებისადმი დამოკიდებულება ყველა ასპექტში ვლინდება, მათ შორის ხარჯვის პროცესში. თუ თქვენ თავს კვადრატს ამსგავსებთ, დიდი ალბათობით წინასწარ გექნებათ განსაზღვრული რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ, საყიდლებზე წინასწარ კარგად გაფილტრული სიით წახვალთ და ისიც გეცოდინებათ სად რა პროდუქტს შეიძენთ საუკეთესო ფასად. მაღაზიებისთვის, შეიძლება, საყვარელი მომხმარებელი არც იყოთ, რადგან თქვენთვის "ხელს გაიყოლე" შეთავაზებები თითქმის უშედეგოდ მთავრდება, ფასდაკლების დღეებს კი, მხოლოდ მაშინ მიაქცევთ ყურადღებას, თუ ეს თქვენს ბიუჯეტში გათვალისწინებულია. მომღიმარ კონსულტანტს კი ყოველთვის იდეალურად სუფთა მაღაზიის სივრცეს ამჯობინებთ.

სამკუთხედი

თუ სიმბოლიკის ახსნას გავყვებით, ტიპაჟ "სამკუთხედს" ადვილად გავშიფრავთ. როგორც სამკუთხედია ძალაუფლების სიმბოლო, ისე ამ ტიპის ადამიანებს აქვთ მისწრაფება იყვნენ მოვლენათა სათავეში. ამ ფსიქოტიპს შეიძლება არ აინტერესებდეს რა საქმეს აკეთებს, თუმცა კარიერულ წინსვლას მთელ ენერგიას დაახარჯავს. უყვარს სტატუსის ხაზგასმა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, სპონტანურად მიღება, რითიც მის დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. "სამკუთხედი" სოციალური ტიპაჟია, ყოველთვის ცდილობს მის ირგვლივ ადამიანები გუნდად ჩამოყალიბდნენ, თუმცა ამ გუნდის ლიდერობას სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე.

თუ "სამკუთხედი" თქვენს აღწერასთან ახლოსაა, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, სად წავა თქვენი ხარჯებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. დიდი ალბათობით, თქვენ მარტივად შეიძენთ ძვირადღირებულ ნივთს, თუ ის თქვენს სტატუსს კარგად გამოკვეთს, ასევე, გულთბილად შეხვდებით ყველა მომსახურების გამწევს, ვინც თქვენს სტატუსსა და როლს გაუსვამს ხაზს. საყიდლების სიის დიდი მოყვარული ვერ იქნებით და არც ფასების მოკვლევაში დახარჯავთ დიდ დროს, რადგან, ყველაზე მთავარი თქვენთვის ხარჯების მინიმიზაცია არ იქნება.

მართკუთხედი

როგორია "მართკუთხედი"? ჰგავს "კვადრატს", მაგრამ ის არაა. ის საკმაოდ გონებაგახსნილია, ზრდაზე ორიენტირებული და მუდმივ ძიებაში მყოფი, თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვის პროცესში, ხშირად შეიძლება უკმაყოფილო იყოს მის ირგვლივ არსებული სიტუაციით, სამუშაოთი ან ცხოვრებითაც კი. ხშირად იცვლის აზრს და ამ ტიპის წარმომადგენელი ყოველდღე სხვადასხვანაირია. ურთიერთობაში, კი ძალიან გახსნილი და მეგობრულია.

როგორ შეიძლება ხარჯავდეს "მართკუთხედი"? თუ თქვენ მას ჰგავხართ, ალბათ ძალიან ღლით გამყიდველს ან საკუთარ თავს. ძნელად მიიღებთ გადაწყვეტილებას და შეიძლება კონკრეტული ნივთის საყიდლად წასულიც კი სრულად ხელცარიელი დაბრუნდეთ შინ. თუმცა, ხარჯვის კუთხით მშვიდად ყოფნის საბაბი არ გაქვთ, თუ ადვილად ნებდებით ნივთის შერჩევისას, ასევე ადვილად შეიძლება საყიდლებისთვის განეწყოთ ბიბლიოთეკაში წასულიც კი. რადგან თქვენ ადამიანებთან ურთიერთობაც მოგწონთ და დროსაც დიდად არ აკონტროლებთ, შესაძლოა კეთილგანწყობილმა კონსულტანტმა მრავალი ზედმეტი ნივთი გაგაყოლებინოთ ხელთ.

წრე

"წრე" ადამიანი ფიგურასავითაა - უკუთხო და უკონფლიქტო. ძალიან უყვარს ადამიანები და საკუთარ მისიად მიიჩნევს მათზე ზრუნვას. ამ ტიპის ადამიანს ყველაფრის გაკეთება და დათმობა შეუძლია გარშემომყოფების ბედნიერებისთვის. მისი ამგვარი ხასიათი, ზოგჯერ ხელს უშლის კრიტიკული შენიშვნების გაკეთებასა და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაში. "წრეს"  ურჩევნია თავად დათმოს, ვიდრე სხვას აწყენინოს. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ ადამიანის შთაგონებისა თუ გადაწყვეტილებების წყაროს, სხვებთან კომუნიკაცია წარმოადგენს.

თუ თქვენ "წრეს" ამსგავსებთ თავს, ფრთხილად იყავით, თქვენი კეთილგანწყობით არ ისარგებლონ "შეთავაზებებმა". ამ ტიპის ადამიანებს ხშირად შეუძლიათ ისეთი ნივთები იყიდონ, რაც მათ არ სჭირდებათ, მათთვის კმაყოფილების ფაქტორი იქნება არა ნივთი, არამედ იმ ადამიანთან კომუნიკაცია, ვინც ამ ნივთს ჰყიდის. დიდია ალბათობა, რომ თუ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში მოხვდებით, სადაც წინასადღესასწაულო განწყობა, ღონისძიებები, მუსიკა და კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალია, იქიდან ცარიელი ანგარიშით და სავსე სასაჩუქრე ჩანთებით გამოხვიდეთ.

ტეხილი

"ტეხილის" გამორჩეულობის პირველი მახასიათებელი კრეატივი და ინოვაციურობაა. ეს თვისებები ხსნის კიდეც ამ ფიგურასთან თანხვედრას - რამდენადაც კრეატიულია, იმდენად ფიქრის პროცესში სხვა საკითხების მიმართ შეიძლება დაბნეული იყოს და გზადაგზა ყველა ნივთი დაკარგოს. ძალიან კომუნიკაბელური და სპონტანურია. ამ ტიპის ადამიანს ძალიან უჭირს "კვადრატებთან" და "სამკუთხედებთან" ურთიერთობა, რადგან მისთვის სიებად და ლოგიკებად დალაგებული რეალობა მიუღებელია.

თუ თავი "ტეხილს" მიამსგავსეთ, თქვენთვის არაერთგვაროვანი სიახლე გვაქვს. ხარჯვის კუთხით „ტეხილი“ კონსერვატიული მიდგომებით ვერ დაიკვეხნის. დაბნეულობა, ბევრი კითხვები, არჩევანის გაკეთებისას დაბალი კონცენტრირებულობა ზოგჯერ ძალიან დიდი ხარჯის გაწევით სრულდება, ხოლო ზოგჯერ  "ტეხილი" საერთოდაც უდანახარჯოდ წყვეტს მოლაპარაკებას. თუმცა, ერთი რაც ცხადია, ისაა, რომ ამ ტიპს საყიდლების წინასწარი სიით ვერსად შეხვდებით.

და მაინც, მხოლოდ ამ 5 ტიპიდან ერთ-ერთი განსაზღვრავს იმას როგორ ვხარჯავთ? რასაკვირველია არა! პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ ძირითადად ადამიანები არ არსებობენ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფსიქოტიპით. თქვენ შეიძლება უფრო მეტად ჰგავდეთ ერთ ტიპს, თუმცა მსგავსება გქონდეთ სხვა დანარჩენთანაც. თუ გსურთ, გონივრულად ხარჯოთ, მთავარია დროულად გააღვიძოთ ანალიტიკოსი "კვადრატი" და მეგობრული "წრე" არ გაუშვათ საყიდლებზე. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფსიქოტიპს მიღმა, გადაწყვეტილებები თქვენსავე ნებაზეა დამოკიდებული და თუ სურვილებსა და საჭიროებებს სწორად გამიჯნავთ, ყველაზე ხარჯიანი დღეებიც კი ყველაზე ბიუჯეტურად შეგიძლიათ გაატაროთ.