კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს და რაციონალურად ვხარჯოთ ანუ დავზოგოთ!

პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს და რაციონალურად ვხარჯოთ ანუ დავზოგოთ!

1489
4 / 5

დარწმუნებული ვარ სახლში დაქანცული ხშირად დაბრუნებულხარ. მთელი გზა ბედნიერმა იარე ეს რა კარგი რამეები ვიყიდეო. მოხვედი დააწყვე სხვადასხვა ქაღალდის პაკეტები და ჩანთები. როგორც კი ცოტა დაისვენე  მაშინვე ყველაფერი თავიდან გადაათვალიერე და ტანსაცმელი მოისინჯე. მიხვდი რომ ფეხსაცმელი რომელიც ძალიან მოგეწონა არც ისე საჭირო ყოფილა, რადგან მისი მსგავსი უკვე ორი გაქვს. არც ეს კაბა გიხდება ისე, როგორც ერთი საათის წინ გიხდებოდა მაღაზიის ლამაზ ნათელ სარკეში. ასე მიყოლებით პატარა  უსიამოვნო ფიქრები მოგეხვივნენ თანდათან თავს  და მიხვდი როგორ შემოგხარჯვია მთელი ფული... 

ახლა ძველი მოგონებებიც გავიხსენოთ...

დარწმუნებული ვარ, პატარაობაში შენც ითვლიდი ფულს და ათი ათთეთრიანი უფრო გეძვირფასებოდა ვიდრე ქალღადლის თუნდაც 50 ლარიანი კუპიურა. ამ ძვირფას ათეთრიანებს ხშირად ლამაზ ყულაბაში ვინახავდით, მოგვწონდა როგორ წკაპუნობდა ხურდები ყულაბის სიღმეში (რომელსაც ხშირად პატარა გოჭის ან რაიმე საყვარელი არსების ფორმა ქონდა) წკაპუნის ხმაზე ჩვენთვის საოცნებო ნივთზე ვფიქრობდით ან გონებაში გეგმებს ვაწყობდით, როგორ დავხარჯავდით დანაზოგს.

ეს პატარა ისტორიები ჩემთვის და შენთვის საერთოა და უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან თემას როგორიცაა დაზოგვა. ამიტომ მოდი, ვისაუბროთ მასზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაქვს ჩვევები როგორ შევინახოთ/დავზოგოთ ფული. ასაკის მატებასთან ერთად ვფიქრობ, უნდა გავუმჯობესდეთ დაზოგვაში, რათა პირველი ისტორია ხშირად არ გადაგვხდეს თავს.

პირველ რიგში, სანამ ფულს დაზოგავ დაფიქრდი რატომ?

რაში გჭირდება დანაზოგი? დაისახე  მიზანი რომლის მისაღწევადაც საჭიროა ფულის მოგროვება. როცა გაქვს კონკრეტული მიზანი, ყველაფერი ნათელია და მეტი მოტივაციით ინახავ შენს დანაზოგს მომავალი გეგმისთვის. ვფიქრობ, კონკრეტული მიზანი თუ არ გაქვს, დანაზოგის გაკეთება არც ამ დროსაა ცუდი იდეა. შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯები უეცრად გაგვიჩნდეს. დღევანდელ რეალობაში, პანდემიის პირობებში, თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება კრიზისული მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ... დროებით სამსახური დავკარგოთ და თითქოს ყველანაირი ძალა გამოგვეცალოს ხელიდან. ამ დროს გაგვახსენდება ჩვენი დანაზოგის შესახებ და ცოტა დავმშვიდდებით. 

მას შემდეგ რაც გადაწყვეტ ფულის საჭირო მიზნებისთვის დაზოგვას, აუცილებლად დაფიქრდი სად შეინახავ მას?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ პატარაობაში გოჭის ყულაბები იყო შენი არჩევანი, ახლა შეგიძლია უკეთესი ვარიანტებიც განიხილო. ფული შეგიძლია შეინახო სახლში ან ბანკში. სახლი შეიძლება იყოს შენი ან შენი ახლობელის. სანამ აირჩევ, სად შეინახავ, გაითვალისწინე, რომ სახლში შეიძლება, ფული დაზიანდეს ან დაიკარგოს, ბანკში კი ამის ალბათობა ძალიან მცირეა. მითუმეტეს, თუ დიდ თანხებზეა საუბარი, მე გირჩევ, ბანკში შეინახო რომ დაცული იყო.  როცა ფული სახლში გაქვს, დიდი ალბათობაა, ცდუნებამ გძლიოს, აიღო და დახარჯო ირაციონალურად. ბანკში როცა ინახავ, ეს უფრო ოფიციალურია და შანსები რომ დანაზოგს დროზე ადრე დახარჯავ, მცირდება. სხვადასხვა პირობები რასაც ესა თუ ის  ბანკი გთავაზობს, შეგიძლია თავად იხილო მათ ვებგვერდებზე. 

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფული ისე მეხარჯება ვერ ვგებულობ...

როგორ შეიძლება დაზოგვა?

თუ ეს კითხვა გაწუხებს…ბუნებრივია.

ვეცდები, რამდნიმე რჩევა მოგცე.

  • ნუ შეინახავ ფულს შენთვის მარტივად მისაწვდომ ადგილას.
  • ეცადე შენი ხარჯები დაყო/ გადაახარისხო. დაითვალე შენი შემოსავალი. აუცილებელი ხარჯებისთვის გამოყავი თანხა რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდი. ვგულისხმობ კომუნალურებს და ა.შ.

საკვებში და ყოველდღიურ ნივთებშიც, იქნება ეს ჰიგიენის თუ სხვა, საკმაოდ დიდ თანხებს ვხარჯავთ. ეცადე რამდენიმე მარტივი რჩევა გაითვალისწინო.

  • ნუ იყიდი დიდი რაოდენობით მალფუჭებად პროდუქტს. ასე ნაკლები შანსი იქნება საკვების გაფუჭების და გადაყრის.
  • სანამ პროდუქტს შეიძენ შეგიძლია გადაამოწმო გვერდით მაღაზიაში იმავე პროდუქტს ფასდაკლება ჰომ არ აქვს.
  • ხშირად ნუ შეიძენ მზა პროდუქტებს, ისეთს, რომელიც შეგიძლია თავად მოამზადო.
  • სანამ რაიმე ნივთს შეიძენ, კარგად დაფიქრდი ნამდვილად  გჭირდება ეს? ეს რჩევა გამოგადგება შოპინგის დროსაც. სანამ საყიდლებზე წახვალ კარგად გადაათვალიერე რა გაქვს და რა გჭირდება.
  • ჩემი აზრით, ტანსაცმლის შეძენისას ფასს ყურადღება არ უნდა მიაქციო. ძვირი არ ნიშნავს კარგს და იაფი არ ნიშნავს ცუდს. იყიდე ის რაც გიხდება, მოგწონს და გჭირდება. ფასიც გაითვალისწინე, რა თქმა უნდა.
  • ძალიან კარგია თუ  ზამთარში ზაფხულის ტანსაცმელს შეიძენ, ზაფხულში კი ზამთრის თბილ ქურთუკებსა და სვიტერებს. ეს შეიძლება გეუცნაუროს,მაგრამ ნამდვილად კარგი ხერხია ფულის დასაზოგად.
  • ტრანპორტის ხარჯების შესამცირებლად ველოსიპედი ან skateboard კარგი იდეაა, როცა კარგი ამინდია და შორს არ ხარ წასასვლელი. ფეხით სეირნობა კი  მშვენიერია შენი ჯანმრთელობისთვის, ამრიგად აქ ორმაგი სარგებელი გაქვს.
  • გადახდისას  გამოიყენე ბარათი ასე თავიდან აიცილებ თანხების დამრგვალების აუცილებლობას.

თუ ყველაფერს ყურადღებას მიაქცევ მავნე ჩვევებსაც დაივიწყებ შეძლებისდაგვარად შედეგი თვალსაჩინო იქნება. აისრულებ შენს მიზნებს. ხელფასიდან აღარ გაგიჭირდება დანაზოგის გადადება ოცნებებისთვის, რომელსაც მალე რეალობად აქცევ!

პანდემია ზუსტად ის დროა, დაიწყო ცვლილებები!

დაზოგე მეტი, სანამ დრო გაქვს.  გარეთ გასვლა იშვიათად გიწევს, ამიტომ ტრანსპორტის ხარჯები მარტივად შეგიძლია შეამცირო. თავშეყრის ადგილებში რესტორანებში, კაფეებში, კინოსა და სხვა გასართობ ადგილებშიც თითქმის აღარ დავდივართ, ქორწილებში, ნათლობებში დაბადების დღესა და სხვა წვეულებებზე გაუთვალისწინებელი ხარჯები აღარ გვაქვს. პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს, და რაციონალურად ვხარჯოთ ანუ დავზოგოთ!