კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მთაში გაგონილი დაზოგვის ამბავი

მთაში გაგონილი დაზოგვის ამბავი

1739
4.5 / 5

მე მთაში ვცხოვრობ, ერთ-ერთ სოფელში, მყავს ორი ძმა და ერთი და. მინდა მოგითხროთ ჩემი გამოცდილების შესახებ დაზოგვასთან დაკავშირებით.

მშობლები ყოველ დაბადების დღეზე ფულს მჩუქნიდნენ, მე კი ამ ფულს უაზროდ ვხარჯავდი. სოფლის შეკრებებზე, სადაც გაიგებ ყოველგვარ ტყუილ და მართალ ამბავს, ერთმა ბიჭმა გვიამბო ასეთი რამ: მის ბიძას, რომელიც უცხოეთშია და საბანკო სისტემაში მუშაობს, უთქვამს, რომ იქაურ მაცხოვრებლებს ყველას აქვს ფულის დანაზოგი და არსებობს დაზოგვის სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთი კი არის თანხის ბანკში შეტანა.

მე ძალიან დავინტერესდი და მოვიხიბლე ამ იდეით, გადავწყვიტე ჩუმად ფულის შეგროვება და იმ თანხით სამომავლოდ ბიზნესის წამოწყება.

უარი ვთქვი ყოველგვარ შოკოლადებზე, ჩიფსებზე და სხვა მადის აღმძვრელ ტკბილეულზე, ასევე გართობაზე. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა პატარა ბავშვისთვის, მაგრამ ოცნება იმაზე, რომ მეც მექნებოდა "მაგარი" ტელეფონი, მანქანა და ჩემი ბიზნესი, მკარნახობდა ამას. 

ჩვენთან ჩამოსული იყო ჩემი უსაყვარლესი ადამიანი - დეიდა, რაღაც ძალა მანიშნებდა, რომ მისთვის მომეყოლა ჩემი ახალი გატაცება. მას გაეღიმა და შემპირდა, რომ გაარკვევდა, როგორ გამეზარდა ჩემი შეგროვილი თანხა. გარკვეული დროის შემდეგ, ის ისევ ჩამოვიდა ჩვენთან და მომიყვა, რომ 1924 წლიდან არსებობს დაზოგვის დღე, რომელიც ყოველ 31 ოქტომბერს აღინიშნება, ასევე მოიძია დაზოგვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია და რჩევები ეროვნული ბანკის გვერდზე, მათ შორის ის, რომ შეიძლება უფრო ჭკვიანურად დაზოგვა თანხის ბანკში განთავსების, ანაბარის გახსნის გზით. 

ჩემს შეგროვილ თანხას დეიდამ დაამატა გარკვეული თანხა თავისი ყულაბიდან და ჩემს სახელზე გაიხსნა ეგრეთ წოდებული "საბავშვო ანაბარი".

ეს იმას ნიშნავდა, რომ როცა შემისრულდებოდა 18 წელი, მე უკვე, როგორც მოზრდილ ადამიანს დაგროვილი მექნებოდა გარკვეული თანხა. სახლში შევედი, როგორც დიდი ფულის პატრონი და ჩემი ისტორია გავუმხილე ოჯახის წევრებს. მათ ეს ყველაფერი არასერიოზულად აღიქვეს. 

გავიდა ხანი და როცა სრულწლოვანი გავხდი, აღმოჩნდა რომ ჩემ მიერ დაზღვეული და მიზნობრივად განთავსებული თანხა მიზანში იყო მოხვედრილი. 

დღეს მე წარმატებულად ვმართავ ჩემს ბიზნესს და ყველაფერი დაიწყო იმ მცირედი ნაბიჯებით, რაც დაზოგვასთან მიმართებით გადავდგი. ეს ვერც კი წარმოედგინათ ჩემს გარშემო მყოფებს. 

მაქვს ის მინიმუმი, რომელიც ჭირდება ახალგაზრდას და ძალიან მიხარია, რომ თავის დროზე ყველაფერი ასე განვითარდა. მინდა ეს ისტორია სამაგალითო გახდეს სხვა მოზარდებისთვისაც და გირჩევთ მომბაძოთ. 

გისურვებთ წარმატებებს, რომელიც აუცილებლად მიიღწევა სწორი ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებებით!