კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ხვალინდელი დღის შექმნა დაიწყე დღესვე

ხვალინდელი დღის შექმნა დაიწყე დღესვე

2021
3.8 / 5

"ფულის დაზოგვით შეგიძლიათ, ბილ გეითსზე მდიდარი გახდეთ..."

ალბათ, ეს ბლოგპოსტის საუკეთესო დასაწყისი იქნებოდა. იმედები უნდა გაგიცრუოთ, ყველაფერი ესე მარტივადაც არ არის. ფულის დაზოგვიდან მილიარდერობამდე არის რამდენიმე საფეხური: უნიკალური იდეის ქონა, ამ იდეის განხორციელების გზების მოფიქრება და ა.შ. მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ თუ გნებავთ, თქვენი ქონება გაუტოლდეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისას,  პირველი საფეხური ნამდვილად ფულის დაზოგვა უნდა იყოს.

მიიღე გარანტია, რომ შენი გაკეთებული არჩევანი ყველასთვის, ისევე როგორც შენთვის, სასარგებლოა, ხვალინდელი დღის შექმნა კი დაიწყე დღესვე.

#დღესვე

ერთი ებრაული იგავ-არაკი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ბრძენს ჰკითხავს, თუ რომელია საუკეთესო დღე საკუთარი თავის შესაცვლელად. კითხვის პასუხი ოთხშაბათი გახლდათ. კაცს გაუკვირდება, რატომ მაინცდამაინც ეს დღეო?! ბრძენი კი პასუხობს: იმიტომ რომ სწორედ დღეს არის ოთხშაბათიო. დღევანდელი დღე ნამდვილი საჩუქარია, ამიტომ ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ხვალინდელი დღისათვის.

#ხვალინდელი დღე

ეს არის დღე , რომელიც არასდროს ვიცით რას გვიმზადებს, თუმცა ყველა სიურპრიზისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმისათვის რომ ახალ გამოწვევებს მზადყოფნაში დავხვდეთ, საჭიროა, ფინანსურად ძლიერები ვიყოთ ან გვეგულებოდეს ფული ჩვენს ,,ყულაბაში’’

#ყულაბა

ნივთი, რომელიც ყველასთვის ვარდიფერი გოჭუნას ქილასთან ასოცირდება; რომელიც ყველა ადამიანისთვის პირველი ,,ბანკი’’ იყო.  საბანკო ანგარიშის გაგების ხერხი ჭუჭრუტანაში ჩახედვა იყო, ხოლო თანხის განაღდების საშუალება - ჩაქუჩით ,,ბანკის ანგარიშის’’ გატეხვა. დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. კარადის თავზე შემოდებული ყულაბისთვის სკამზე აძრომა არავის სჭირდება. ფულის შენახვა დღეს ბევრად უფრო მარტივი და მნიშვნელოვანია ყველასთვის.

#ყველასთვის

არ არსებობს ჩარჩოები, დანაზოგი სჭირდება ყველას - დიდსა და პატარას, სუსტსა და ძლიერს, მდიდარსა და ღარიბს, კეთილსა და ბოროტსაც. დანაზოგის გახსნა ყველასათვის სასარგებლო არჩევანია.

#არჩევანი

დღის განმავლობაში ათი ათასობით არჩევნის გაკეთება გვიწევს. აქედან კი მხოლოდ რამდენიმე ასრულებს ძირითად როლს ჩვენს განვითარებაში. დამერწმუნეთ, შეუძლებელია უკეთესი არჩევნის გაკეთება, ვიდრე აირჩიო შენი გარანტირებული მომავალი.

#გარანტია

ფულის დაზოგვა ნამდვილად გახდება გარანტია იმისა, რომ მომავლის გაუთვალისწინებელი ხარჯებიც კი შესაძლებელია, გათვალისწინებული იყოს.

ალბათ, ყველა თქვენგანის ოჯახში მოიპოვება ზამთრისთვის საგულდაგულოდ გაკეთებული ტკბილეულობის მარაგი. ბებოები მთელი შემოდგომა რომ ფუსფუსებენ მათ გასაკეთებლად, ჩვენ კი ურცხვად ვეპარებით და პირს ჩავიტკაბურნებთ ხოლმე.  დატუქსულები ყოველთვის ჩვენ ვრჩებით, რადგან ბებოებმა კარგად იციან ზამთრისთვის შენახული ჯემების ფასი. თუმცა, ჩვენ უკეთ ვიცით, ცივ დღეებში ამ სიტკოების მადლის გემო. ზუსტად ასევე ტკბილად შეგვიძლია, ვიგემოთ დაზოგილი ფულის მადლიც, მაგრამ, ჯემებისგან განსხვავებით, ამ ფულით სარგებლობა წელიწადის ნებისმიერ დროს ერთი და იმავე ბედნიერებას მოგვანიჭებს. ბევრ მეცნიერულ კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ასეა,  ცოტას დაზოგვით შეგვიძლია შევცვალოთ ბევრი.:)

გილოცავთ, თქვენმა დანაზოგმა სასურველ ნიშნულს მიაღწია!

არჩევანი მხოლოდ თქვენზეა, შეიძინოთ სასურველი მანქანა, მოიწყოთ დაუვიწყარი მოგზაურობა თუ სულაც აისრულოთ ნებისმიერი სხვა ოცნება! გილოცავთ, თქვენმა გონიერმა ნაბიჯებმა ნამდვილად მიგიყვანათ მიზნამდე!- ეს მესიჯია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, თუ დღესვე  დაიწყებთ ფულის დაზოგვას!