კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

გარიგება

გარიგება

1095
2.4 / 5

- ვიიშ, ქააა... რას მეუნები? განა „კრილოზი“ მაქვს?

ბებიაჩემი, ნაზო მიხეილის ასული 98-ისა მოიყარა... ორი წელიც და საუკუნის ქალბატონი გახდება და ატყდება გნიასი ტელე-მედიაში, მოცვივდებიან ტალიკ-ტალიკა გოგო-ბიჭები, ტელეკამერებს მიანათებენ და ათასგვარ გაცვეთილ კითხვას დაუსვამენ... მერიიდანაც მოვლენ და "ბუკეტს", შამპანურსა და ტკბილეულს მოუტანენ, კიდე რამე საოჯახო ტექნიკას - როგორც წესი, ან სარეცხ მანქანას, ან მაცივარს, ან ტელევიზორს. ნაზო ბებო დიდი სამამულო ომის  "ვეტრანია", როგორც ამბობს ხოლმე თავად და "მინამ, სინამ იმ დალოცვილმა ქანთარიამ და ეგოროვმა რაიხსტაგზე არ ააფრიალეს გამარჯვების დროშა, სანიტრად მსახურობდა 72-ე ბრიგადაში და დაჭრილებს თავს ევლებოდა"... ვინ იცის, რამდენს აღუდგინა ჯანმრთელობა, რამდენს ჩაუნერგა სიცოცხლის იმედი და აჩუქა ნანატრი ნუგეში. რო გადაჰკრავს ნუნუას, აუწითლდება ვენახის ბოლოს, ხეზე შემორჩენილი ატამივით ჩამომჭკნარი ლოყის თავები და ერთ-ორ ფრონტულ რომანსაც გაიხსენებს სიცილ-კუჭკუჭით.

ისე, ძველი ფოტოებით რომ ვიმსჯელოთ, ძალიანც კოხტა გოგო ყოფილა ყაჯარული აბრეშუმის ხალზე გამოხატულ სახეყირმიზა ხათუნივით და მთხოვნელიც უთუოდ ბევრი ეყოლებოდა, მაგრამ, ერთიდაერთი, რო შეჯდა ვირზე, აღარ ჩამოსულა, სანამ ომი არ დაიწყო და მედდად არ გამწესდა საველე ჰოსპიტალში... ჰოდა, ბარე ხუთმა-ექვსმა ტრფობით გულდამწვარმა ყმაწვილმაც მისდია და გაჰყვა ფრონტზე, მაგრამ ომი რა ჯანდაბა და დოზანაცაა, ყველას მოგეხსენებათ, და სად მოიყრიდნენ ერთად თავს?... არა მგონია იმათგან რომელიმე ეხლა ცოცხალი იყოს... 

- იიჰ, იგეთი გოგო ვიყავ, ქირურგი "ნეჟნა - ჩორნი მარგალიტკას" მეძახდა, მააშ?!

- ჰა, ბები, გამოტყდი, ხო არ "გეპადხოდებოდა" ეგ შენი "დოხტური"?! შენ მარტო გვითხარ და დავუთვლით მოყვარეებს... - ეღლაბუცებიან გიო და ფოფო...

ნაზო ბებოს დამჭკნარ ტუჩების საულვაშეზე ამოღერებულ ღინღლში ეღიმება და თვალებში ცუღლუტები ბუქნაობენ:

- ვიიშ, ქააა?! განა ბრინჯს ვარჩევდი? - გამიბედავდა და მიიღებდა თხლაშას!...

ერთ წელიწადს, ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღი რომ შესრულდა, საგანგებოდ აღინიშნა მთავრობისაგან: ფულადი ჯილდოები ჩამოურიგეს კანტი-კუნტად დარჩენილ ვეტერანებს და ნაზო მიხეილის ასულმა მთელი 1000 ლარი მიიღო, თანაც მისალოცი ტექსტიც მოჰყვა პრემიერისაგან, რომელიც მადლობას უხდიდა ჯეელობაში გაწეული შრომისა და გმირობისათვის მასა და მისთანებს. 

გაიხარა ნაზომ და ატყდა, გინდა თუ არა, ბანკში უნდა წამიყვანოთ და თავად უნდა გამოვიტანო ფულიო...

დედაჩემმა გიულიმ ერთი კი ამოატრიალა თვალები ქვაზე დაცემულ კალმახივით, მამას გადახედა და ანიშნა, აქ მე უძლური ვარ და შენ უნდა იმოქმედოო... მამა პლასტელინივით კაცი იყო, რბილი, გულჩვილი, დამყოლი, დედამისი ამგვარ ყოფაში რო დაინახა, წამოწითლდა, აღელდა, მოეხვია და ის იყო, უნდა ეთხოვნა: "დედი, მაიტა რა, შინ დარჩი, ემანდ, რამე ხიფათს არ გედეეყარო და ჩვენც არ დაგვღუპოო", რო ნაზო, "ნეჟნად" ხმობილი,  ხელჯოხით საძინებლიდან გამოკაკუნდა, კრეპდიშინის "გაროშკებიან" გაცრეცილ კაბაზე ძველმოდური შალის პიჯაკითა და მკერდზე ასხმული "ჩინ-მენდლებით" და "კრასნი მაკის" სურნელი შეაფრქვია გაიოზს:

- მე მზადა ვარო...

"პამადაც" რო წაესვა იმ მოპრუწულ ტუჩებზე?!... ჭაღარა, შეთხელებული თმები კოხტად გადაევარცხნა და ზედ ათაბაბის დროინდელი პლასტმასის სავარცხელიც გაერჭო, უწინ "გრებეშოკს" რო უძახდნენ ძველები.   

მამამ უხერხულად აიჩეჩა მხრები და დამნაშვედ გადახედა დედას, რომელიც ქმრის  უხერხემლობამ წყობილებიდან გამოიყვანა, შეკავებულ სიბრაზისგან ელვის უსწრაფესად სამზარეულოში შევარდა და იქაურობას  ლაწა-ლუწი აუტეხა... მგონი, ამ ამბავს სერვიზის ორი მათლაფა და ერთიც "მალენკოვის" ჭიქა ამსხვერპლა.

რაღა უნდა გვექნა, მამას  შუა "ომში" ხო არ მივატოვებდით და გავყეთ შვილიშვილების მთელი ამალა დედა-შვილს: გიო, ფოფო, დათია და მე. 

ბანკში უგრძესი რიგი დაგვიხვდა... ფოფომ იყოჩაღა, უცებ მიდგა-მოდგა, საიდანღაც სკამი  მოურბენინა ნაზოს. ბებომ  ერთი კი წყენით აზიდა ჭაღარა წარბი, აქაოდა, "ეგ რა მაკადრე, განა "სოფო ძალო ვარო?!" - მაგრამ ვერაფერს გახდა:

- აბა, ეხლა "სით დაუნო!" - დაუტანანა ფოფომ, - ქალო, მთლად ტრაკქვეშიდან გამოვაძრე ეს სკამი ნაცნობ კრედიტ-ოფიცერს  და შენ უარზედ ხარო ?!" - და ნაზოც დაჰყვა შვილიშვილის მკაცრ მითითებას. 

რიგი მძიმედ, კახური სიდინჯით მიიწევდა წინ... ზოგი პენსიის ასაღებად იყო შინიდან გამოსული მაისის ჟლაპუნა წვიმაში, ზოგი სესხის მოლოდინში ინაცვლებდა ხან ერთ ფეხს, ხან მეორეს, ზოგსაც გზავნილი ელოდა, ძირითადად, საბერძნეთიდან ან იტალიიდან, „ვეტრანს" არცერთი ჰგავდა...

ლოდინში კარგმა საათნახევარმა გაირა... ჩამოვწყდით, რო იტყვიან, დიდ-პატარიანა, გიომ ვერ გაუძლო, "მე, ლიჩნად,  სახლში დავაწექიო", - ჩაიღრინა და თვალსა და ხელს შუა აორთქლდა. გაიოზი გაბრაზდა, მაგრამ ნაზომ დაამშვიდა - "ყმაწვილია, ჯეელობით მოსდის, რო მიანარცხებს ცხოვრება გაღმა ნაპირს, მემრე მიხვდებაო"...

მამა მოსაწევად გავიდა და გავყევი, ნაზოსთან ფოფო და დათია დავტოვე... ის იყო უნდა დაგვესრისა სიგარეტის ნამწვები ურნას, დათია მოვარდა აჟიტირებული - "ჩვენი ჯერიაო!"  და სასწრაფოდ მივყევით ჩვენც... ოპერატორი ყოჩაღი და ეშხიანი  გოგო შეგვხვდა, ბანკის უნიფორმა სასწაულად შვენოდა და შილაკიან წაზრდილ ფრჩხილებს ისე მარჯვედ უკაკუნებდა კომპიუტერის კლავიატურას, გეგონებოდა, პიანინოზე რამე ნაცნობ და სახალისო  მელოდიას უკრავდა. 

- რით შემიძლია გემსახუროთ? - შემოგვანათა მაყვალივით თვალები ღიმილიანმა.

- ქააა, რა ლამაზი გოგუცანაა? - მოიხიბლა ნაზო-ნეჟნა: - გათხოვილი ბრძანდებით თქვენა? 

შორენა, (ვარდისფერ ატლასის პიჯაკის ბორტზე მიბმულ პატარა სამკერდე ნიშანზე მოვასწარ ამოკითხვა), დაიბნა, გაწითლდა და კითხვის მზერა ჯერ გაიოზს მიმართა და ახლა მე, დათიას და ფოფოს გაგვიზიარა.

- გოგონა,  დედაჩემმა ბანკის წესები არ იცის, - მორცხვად გაუღიმა კისრამდე გაწითლებულმა მამამ, თითქოს მოუბოდიშა ქალიშვილს...

- ააა, თქვენ ერთად ხართ? - გაიხარა შორენამ  და სადღაც შვებითაც ამოისუნთქა...

- დიახ, დედა ომის ვეტერანია... აქამდე შვილიშვილები უღებდნენ ბანკომატით პენსიას, მაგრამ ახლა თავად მოინდომა მოსვლა და თანხის აღება... 9 მაისია, საიუბილეო წელი... ჯილდოს აძლევენ... უხარია ... - გაიოზი ემოციებისგან ენად გაიკრიფა...

- ვაააა, რა კარგი გოგუცანა ხარ, იცი რა ბიჭია ჩემი ზაზა? - ნაზომ გამომხედა და ჩაწვრილებული ჭროღა თვალი ცუღლუტად ჩამიკრა: - გოგოც კარგი, ბიჭიც კარგი, სხვა რა უნდა, ქა, სიყვარულს?

- რიგითო ვეტერანო  ნაზო, აბა ეხლა სწორდი, სმენა, სდექ!-ერთი-ორი! - ესღა მოვახერხე უხერხულობისაგან...

შორენამ ძლივს დაიჭირა სიცილი და თვალებით მგონი წამეარშიყა კიდეც ...

- ქალბატონო ნაზო, პირადობა ხომ თან გაქვთ?

- რაო, რა მინდაო, ქააა? - ამომხედა ბებომ.

- მიბოძეთ თქვენი "რედიკული"! - ყოჩაღად დავუხვედრე მეც...

ბებომ მორჩილად გამომიწოდა თავისი  ნაჭრის გახუნებული საფულე და საჭირო საბუთები  მინის თეჯირის ქვეშ შევაცურე...

ოპერატორმა ერთხანს მდუმარედ აკაკუნა საფინანსო მელოდია კლავიატურაზე და ნაზოს მიუბრუნდა:

- ქალბატონო ნაზო, მთლიანად გსურთ თანხის გატანა? ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი საბანკო პროდუქტი და შემიძლია, შემოგთავაზოთ იაფი საკრედიტო ხაზი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით!... 

- მამიკვდეს თავი, - შეიცხადა ნაზომ, - აბა, შვილო, მე მაგეების არა გამეგება რა... აი, ამ ყმაწვილს უთხარ... ვიიიშ, ქააა, როგო უხდებით ერთმანეთსა?!

- ქალბატონო ნაზო, სამწუხაროდ, თქვენ პირადად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რადგან  სხვა უცხო პირზე ვერ გავცემთ სესხს...

- უცხო? ესა? ეს არი უცხო? რას მეუნები, გოგო, ზაზა როგოა უცხო, რაც ამისთვინ სიცხიანზე ღამეები მითევნია და ტრაკოებზე ნემსები მირჭმნია...

შორენამ ისევ ძლივს შეიკავა სიცილი და როცა სახის მიმიკურ კუნთებს თავი მოუყარა, საქმიანი ინტონაციით გაიოზს მიუბრუნდა:

- მე ახლა სრულად გაგიწერთ თანხას და ქალბატონი სალაროში მიიღებს, თუმცა კიდევ ერთხელ, მინდა შემოგთავაზოთ იაფი საკრედიტო ხაზი, ასევე ანაბრის სადეპოზიტო  ნაირსახეობა...

- რაო? ქააა, მე რად არ მეუნები, რა უნა ვქნა? - გააქტიურდა ნაზო , - მე განა "კრილოზი" მაქვს ... ძალიანაც ჯანზე ვარ და მინდა "პრემიელის" ნაჩუქარ ჯილდოდან ჩემებს გადავუნაწილო ფულები...

- რა კეთილი ქალბატონი ბრძანებულხართ?! - შეაქო შორენამ: - ხომ არ აჯობებს, რომ დეპოზიტზე შემოიტანოთ სასურველი თანხა, მაგალითისთვის, დეპოზიტი, მისი მოქმედების ვადის მიხედვით, შეიძლება იყოს როგორც ვადიანი, ისე უვადო, არსებობს დეპოზიტის რამდენიმე პოპულარული სახეობა: სტანდარტული ვადიანი, ზრდადი ვადიანი, საბავშვო და შემნახველი ანუ მოთხოვნამდე დეპოზიტები. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, სურვილისამებრ გადაანაწილოთ ეს 1000 ლარი თქვენს საყვარელ ადამიანებზე... 

შორენა ისე სხაპასხუპით და თავდაჯერებულად გვიამბობდა საფინანსო ამბებს, ეტყობოდა, კარგად იყო გამოწრთობილი და სანამ თითოეული დეპოზიტის თავისებურების ახსნაზე გადავიდოდა, კიდევ უფრო გაწითლებულმა გაიოზმა მორცხვად გაუღიმა და "ნუ შეწუხდებით, გენცვალე, სჯობს, თანხა გამოწეროთო", ჩაიჩურჩულა.

შორენა მიხვდა, რომ საბანკო პროდუქტების რეკლამას აზრი აღარ ჰქონდა და თანხა სრულად გაწერა, თუმცა სანამ "პრინტერი“ საჭირო ფორმულარს ბეჭდავდა, მოასწრო და თვალების ჟუჟუნით ამიხსნა, რომ ფინანსების მართვა და დაგეგმვა ფინანსური სტაბილურობის წინაპირობაა, ხოლო თუ სესხის აღებას მაინც დავაპირებთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად უპრობლემოდ შევძლებთ სესხის დაფარვას, რომ სესხი საჩუქარი როდია, არამედ  ვალდებულებაა, რომლის გადახდაც შეთანხმებულ ვადებში მოგვიწევს. აუცილებელია რამდენიმე შემოთავაზების შედარება, კრედიტორსათვის უტყუარი ინფორმაციის მიწვდა,  თადარიგის დაჭერა,  ყველა პირობის დაზუსტება და ხელშეკრულების  ყურადღებით წაკითხვა. 

მადლობა გადავუხადე და ხელკავგამოდებული ნაზო სალაროსკენ წავაცუხცუხე. შინ რომ ვბრუნდებოდით, კმაყოფილმა ბებომ ახლა ლოტოს ბილეთების ყიდვა მოიწადინა და, არ დაიჯერებთ, ჯეკპოტი არ მოარტყა?! ...

ვიცი, ისევ მოგვიწევს ბანკში სტუმრობა და შორენასთან კონსულტაცია დეპოზიტზე... ეგება და, ეგ არი ჩემი ბედი?!