ფული და ფერენგები
ვეჭვობ, თუ ვინმე ამ ნაშრომის წაკითხვას მოისურვებს, ამას, უწინარეს ყოვლისა, სათაურში ვინმე ფერენგების ხილვა გადააწყვეტინებს. მოდით, ამიტომ თავიდანვე ნათელი გავხადოთ, თუ ვინ არიან აღნიშნული ფერენგები.
ფერენგები არიან პერსონაჟები ცნობილი სერიალიდან ვარსკვლავური გზა (Star Trek). ისინი პლანეტა ფერენგენარიდან არიან და ახასიათებთ მწვავედ გამოხატული სიხარბე და მერკანტილური ბუნება (ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით). ისინი უცხოპლანეტურ რასას წარმოადგენენ და მათი მთავარი კოდექსია "შეძენის წესები" (Rules of Acquisition), რომელიც 285 მუხლისგან შედგება.
ფერენგები ყოველთვის მოქმედებენ ამ კოდექსის მიხედვით, თავად კოდექსი კი მოიცავს ეკონომიკურსა და ფინანსურ ორიენტირს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. შევეცდები, აღნიშნული წესებიდან ამოვკრიბო რამდენიმე საინტერესო მუხლი და უფრო დეტალურად გავარჩიო ისინი და შევუდარო ცხოვრებისეულ ანალოგიებს.
(1) 106-ე მუხლი: სიღარიბეში არანაირი ღირსება არ არის
თუ გვინდა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ, უპირველესად, გვმართებს იმის გააზრება, რომ სიღარიბე არის საწყისი, არასასურველი მდგომარეობა და მისი აღმოფხვრა ანუ გამდიდრება არანაირი მკრეხელობა ან ამორალურობა არ არის. სიღარიბე არის ჩვენი პირვანდელი ყოფა, ხოლო გამდიდრება - ამ პირველყოფილ მდგომარეობაზე უარის თქმა და წინსვლა. ამ მუხლის გააზრების გარეშე ყველა მომდევნო წესი უშედეგო იქნება.
(2) 255-ე მუხლი: მეუღლე ფუფუნებაა - ჭკვიანი ბუღალტერი აუცილებლობა
აქ მხოლოდ ბუღალტრის ნაწილს შევეხებით. არაფერია იმაზე კომფორტული, როდესაც მარტივ, კომპაქტურად წარმოდგენილ ფორმატში შეგვიძლია ყველა იმ მონაცემის ხილვა, რაც ჩვენს ფინანსებთანაა კავშირში. ამისთვის პროფესიონალი ბუღალტერი სულაც არაა საჭირო. დღესდღეობით თითოეულ ჩვენთაგანსაც მარტივად შეუძლია საკუთარი ფინანსების წარმოსადეგ ფორმატში ასახვა, უამრავი სხვადასხვა პროგრამისა თუ აპლიკაციის მეშვეობით. მათ საპოვნელად ჩვეული საძიებო სისტემა ან მობილურის აპლიკაციებში ძებნაც საკმარისია.
(3) მე-5 მუხლი: ყოველთვის გააზვიადეთ თქვენს გამოთვლებში
ეს მარტივი წესი გვასწავლის, რომ გამოთვლების წარმოებისას (არ არის აუცილებელი წერილობითი იყოს) ჩვენი ხარჯები მეტობით უნდა დავწეროთ, ანუ დავამრგვალოთ. ასე მაგალითად, თუ გვაქვს ხარჯი $480 ოდენობით, შეგვიძლია ვიგულისხმოთ $500. ეს დაგვეხმარება თავი დავიზღვიოთ მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში. რაც შეეხება შემოსავლებს, ამ შემთხვევაში კი პირიქით, ნაკლებობით უნდა დავწეროთ, ანუ თუ მაგალითად ველოდებით $520 შემოსავალს, უმჯობესი იქნება თუ აქ $500 ვიგულისხმებთ.
(4) 190-ე მუხლი: მოუსმინეთ ყველაფერს, არ ენდოთ არაფერს
ინფორმირებულობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ არაეფექტური და საზიანო ნაბიჯების გადადგმას. დამწყებთათვის, რომლებთაც ჯერ არ აქვთ მკაცრად გაწერილი სანდო წყაროები, საიდანაც ღებულობენ ფინანსურ ინფორმაციასა თუ სიახლეებს, სასურველია, თუკი ინფორმაციის მიღების მიზნით მოისმენენ ყველა შესაძლო წყაროს, თუმცა, ყველა მათგანს მიუდგებიან სკეპტიკურად. იმ შემთხვევაში, თუ საწყის ეტაპზე ინფორმაციას მხოლოდ ერთეული წყაროებიდან შევაგროვებთ, შესაძლოა, გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი სიახლე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ინფორმაციას სანდოდ მივინჩნევთ, შეიძლება ჩვენთვის საზიანო ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ ამიტომ, ფერენგები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩენა მათთვის უპატიებელი იყო და, ვფქიქრობ, ეს მიდგომა ჩემს მკითხველსაც გამოადგება.
(5) 125-ე მუხლი: გარიგებას ვერ დადებ, თუკი მკვდარი ხარ
როგორც უკვე განვმარტეთ, ფერენგებისთვის არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ენახათ მოგება და დაედოთ რაც შეიძლება მეტი გარიგება. თუმცა, ისინიც კარგად ხვდებოდნენ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ სიცოცხლეშია შესაძლებელი და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. უცნობია, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის როგორ სისტემას მისდევდნენ ფერენგები, თუმცა არც ჩვენ გვაქვს მცირედი არჩევანი დედამიწაზე. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველაფერი ის რისკენაც მივისწრაფით და რისი გაუმჯობესებაც გვსურს, შესაძლებელია მიიღწეს მხოლოდ სიცოცხლეში, შესაბამისად ყველა გრძელვადიანი გეგმა და ჩანაფიქრი აზრს კარგავს თუ საკუთარი ჯანმრთელობა უყურადღებოდ გვრჩება და არ ვაზღვევთ შესაძლო რისკებს.
ვიმედოვნებ, აღნიშნული წესები ფერენგების შემდგომ აწ უკვე მკითხველსაც წაადგება და ისინიც შეძლებენ ფინანსური წარმატების მიღწევას.
დასასრულს, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ვცდილობთ ჩვენში ალტრუისტული ბუნების გაღვივებას, ადამიანები მაინც ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ვხელმძღვანელობთ და, საზოგადოდ, ჩვენს შორის ყველაზე ემპათიურ ადამიანებსაც სჭირდებათ ფინანსური კეთილდღეობა და გამდიდრება, რამეთუ სხვანაირად შეუძლებელი იქნება იზრუნო სხვებზე.
მართალია, ფერენგები სულ სხვა გალაქტიკაში ცხოვრობენ, თუმცა, მათი კოდექსი დედამიწაზეც ფრიად გამოსადებია, რადგან (6) 284-ე მუხლი ამბობს: გულის სიღრმეში ყველა მაინც ფერენგია.
გამოყენებული ლიტერატურა:1 GEORGE, David R. III. DS9 novel: Sacraments of Fire, 2015
2 BEHR, Ira-Steven. The Ferengi Rules of Acquisition, 1995
3 DECANDIDO, Keith-R.A. SCE eBook: Cold Fusion, 2001
4 KROEKER, Allan. DS9 episode: "Call to Arms", 1997
5 KOLBE, Winrich. DS9 episode: “The Siege of AR-558", 1998
6 BEHR, Ira-Steven. The Ferengi Rules of Acquisition, 1995