კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ფინანსური განათლება ბავშვებში

ფინანსური განათლება ბავშვებში

4863
4.8 / 5

ფინანსური განათლება გვეხმარება მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები თავდაჯერებულად, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ადამიანებს უნდა შეგვეძლოს სწორად შევაფასოთ ჩვენს გარშემო არსებული რისკები და შესაძლებლობები, რომ მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენივე ფინანსები.

შესაბამისად, ფინანსურ განათლებას უნდა შევხედოთ, როგორც კომპლექსურ და სისტემურ ქმედებათა პროცესს, რათა მივიღოთ სასურველი შედეგები.

რადგანაც ყველა ვთანხმდებით, რომ განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, აჯობებს თუ ზოგადი ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციებს ჩვენს შვილებსაც მივაწვდით ადრეული ასაკიდანვე. ბუნებრივია, ცოდნის გაზიარების ფორმა შესაბამისი უნდა იყოს ასაკის გათვალისწინებით.

გთავაზობთ, რამდენიმე საბაზისო იდეას, თუ როგორ გავუჩინოთ ინტერესი და შევუქმნათ წარმოდგენა ბავშვებს ფინანსური განათლების შესახებ.

1. ყულაბა

ეს არის ყველაზე მარტივი და ერთერთი პირველი საშუალება, რათა გამოვუმუშავოთ ბავშვს დაზოგვის კულტურა. საინტერესო და სახალისო იქნება, თუ მათ მივცემთ საშუალებას "გამოკვებოს" მისი ყულაბა ისე, როგორც ამას გააკეთებდა შინაური ცხოველისთვის. თუ ასეთი აქტივობა ბავშვისთვის რიტუალად გადაიქცევა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან კარგად იცის საკუთარი ფულის და მისი დაზოგვა/დაგროვების ხიბლი.

2. სათამაშოების უპირობოდ ყიდვა

ჩვენ ისე ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები, რომ მზად ვართ მთელი მსოფლიო ვუყიდოთ. თუმცა, საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა ბავშისთვის ყველა მატერიალური სურვილის დაუყოვნებლივ ასრულება. სწორედ პატარა ასაკიდანვე უნდა ვეცადოთ, განვასხვავოთ იმპულსური და რეალური  სურვილები.

ახალი სათამაშოს შეძენამდე უნდა გადავხედოთ უკვე არსებულებს, ჩამოვწეროთ ფურცელზე სასურველი ნივთების სია და დავთქვათ სიმბოლური დრო, როცა მათ ყიდვას შევძლებთ. შეიძლება ეს იყოს შემდეგი დაბადების დღე ან რაიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული. ამ გზით ბავშვებს მივაჩვევთ, სამომავლოდ, დაინახონ კავშირი პრიორიტეტებსა და არსებულ ბიუჯეტს შორის.

3. დედა, გიორგისაც აქვს ეს და მეც მინდა!

ალბათ ყველას გსმენიათ ეს წინადადება თქვენი შვილებისგან. ხშირად, მათ ახალი ნივთი უფრო იმიტომ სურთ, რომ ის მეგობარსაც აქვს. ჩვენ უნდა ვეცადოთ გავუჩინოთ ბავშვებს საკუთარი მიზნები და სურვილები. ვესაუბროთ მათ, რომ ჩვენ არ ვყიდულობთ ყველაფერს, რასაც სხვები ყიდულობენ. მივაჩვიოთ ფიქრს და თავადვე მიხვდებიან, თუ როგორი სასიამოვნოა ფულის დახარჯვა საკუთარ მიზნებში.

4. მომავლის მშენებლობა აწმყოში

ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვართ ჩვენ, თავისუფლად შეიძლება იყოს გამოწვეული წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებისგან. ამიტომ უნდა გავხდეთ მაგალითი შვილებისთვის, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები, გარკვეულწილად, განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ მომავალს.
როცა ჩვენ ე.წ. სამომხმარებლო სურვილების დასაფარადაც დანაზოგს ვიყენებთ , უნდა ვიცოდეთ, რომ სტაბილურ ფინანსურ მომავალს საფრთხეს ვუქმნით.

ასე მაგალითად, თუ ბავშვი ყულაბიდან ყოველდღიურად იღებს ფულს, რომ შოკოლადი იყიდოს, უნდა ავუხსნათ, რომ ვეღარ შეძლებს ველოსიპედის შეძენას, რომლისთვისაც დაიწყო ყულაბის შეგროვება.   

5. მოტივაცია და წარმატების ისტორიები

ნებისმიერი ზღაპარი, რეალური ამბავი, ფილმი თუ მულტფილმი, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას და როგორ გაიმარჯვა ამა თუ იმ გმირმა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მოზარდის ცნობიერებაზე.  მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ მათ, რამდენად დიდი ძალა აქვს მოთმინებას და მიზნის მიღწევის ჟინს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გარდა ამისა, როცა სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებას ერთობლივად ვაფასებთ, შევძლებთ პოზიტიურად ვაქციოთ, თუნდაც, მარცხი და ვასწავლოთ შეცდომებთან გამკლავება. დაზოგვა და ინვესტირებაც ხომ, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოთმინებასა და სწორ ფინანსურ აზროვნებაზეა დამოკიდებული.