კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

1174
3.6 / 5

დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა რაც ავტომობილი და სახლი დავაზღვიე. ჩემი მეგობრებისთვის დღემდე გაუგებარია ის თუ რატომ ვანიჭებ დაზღვევას ამხელა უპირატესობას. საქმე ისაა, რომ ზუსტად ოთხი წლის წინ ისეთი რამ შემემთხვა რამაც „ჭკუა მასწავლა“. ეს ამბავი ჯერ არავისთვის მომიყოლია და დღეს მინდა გავუზიარო ხალხს და პირველ რიგში შენ ჩემო მკითხველო. 

ერთი გოგო მომწონდა მარი ერქვა. ერთ დღესაც გადავწყვიტე თეატრში წამეყვანა. თითქოს დღე კარგად დავიწყე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. 

თეატრში წასვლამდე სათანადოდ მომზადება დავიწყე. პირველ რიგში კარადიდან ჩემი „იღბლიანი“ პერანგი გამოვიღე და საუთავებელ მაგიდაზე დავდე. გამახსენდა, რომ შაბათი იყო და დამხმარე ქალი დღეს არ მუშაობდა. ამიტომ ცხოვრებაში პირველად, მომიწია  პერანგი ჩემით გამეუთოვებინა. შორიდან ხომ მარტივი ჩანს, მაგრამ როგორც კი უთო პერანგს შევახე ოთახში საშინელი დამწვრის სუნი დადგა და ჩემი იღბლიანი პერანგი დაიწვა.  საათს დავხედე, შვიდი საათი ხდებოდა. რვის ნახევარზე მარის სახლთან უნდა ვყოფილიყავი ამიტომ პირველივე პერანგი ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და სახლიდან გავედი. მანქანაში ჩაჯდომამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს ცუდი არაფერი აღარ მოხდებოდა თუმცა, იმედები გადამეწურა, როდესაც ჩემი ახალი მანქანის კარს შევხედე, რომელსაც „გასმული“ ჰქონდა. ვცდილობდი სიმშვიდე მაინც შემენარჩუნებინა. მარის გავუარე და თეატრშიც მშვიდობიანად მივედით. შესვენების დროს მარი საპირფარეშოში გავიდა, რაღაცნაირად დაძაბული ვიყავი და ფიქრები არ მასვენებდა როდესაც მივხვდი, რომ უთო ჩართული დამრჩა. მარის ვერ დაველოდებოდი ამიტომ სასწრაფოდ დავტოვე თეატრი, მაგრამ მანქანასთან მისულმა დაშვებული საბურავი დავინახე. ალბათ ხვდებით რამდენად უიღბლო დღე მქონდა. გავაჩერე ტაქსი და დიდ საცობში მოხვედრის შემდეგ საბოლოოდ სახლამდე მივაღწიე. სახლში შესვლისთანავე უთოსთან მივვარდი, რომელიც გამორთული დამხვდა, თურმე არ მახსოვდა, რომ გამოვრთე. ოდნავ დამშვიდებულმა მარისთან მოსაბოდიშებლად და სიტუაციის ასახსნელად დავრეკე თუმცა, არ მიპასუხა. რამდენმე წუთში მომწერა, რომ ჩემთან ლაპარაკი არ უნდოდა. იმედგაცრუებული შევედი სააბაზანოში სადაც უარესი სანახაობა დამხვდა. მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და მთელი სააბაზანო დატბორილი დამხვდა. ანუ რა გამოდის... „იღბლიანი“ პერანგი დავწვი, ახალი მანქანა დაზიანებულია, ის გოგო, რომელიც ამდენი ხანია მომწონს არ მელაპარაკება და მთელი სააბაზანო დატბორილია. გამწარებულმა სპეციალურ სამსახურში დავრეკე, სადაც მითხრეს, რომ ხვალ დილამდე ვერაფერს მომიხერხებდნენ ამიტომ დასაძინებლად დავწექი, მაგრამ როგორ უნდა მომესვენა როცა დღეს ამდენი უსიამოვნო შემთხვევა გადამხდა თავს. ორ საათიანი უშედეგო დაძინების მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე სოციალურ ქსელში შევსულიყავი და დრო გამეყვანა. პირველივე რა შემხვდა სადაზღვეო კომპანიის რეკლამა იყო. გავხსენი, პირობები წავიკითხე და ყველაფერი ჩემზე მორგებული იყო. დავრეკე და ოპერატორთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე მეორე დღეს მანქანა და სახლი დამეზღვია. მას შემდეგ უიღბლო დღე არ მქონია, რადგან ვიცი, რომ მსგავს შემთხვევებში დაზღვევა ჩემს გვერდით დგას. რამდენიმე დღის შემდეგ მარი შემოვირიგე და ისევ თეატრში წავედით ოღონდ ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. დღეს მე მშვიდად ვარ, რადგან ის რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია დაზღვეული მაქვს და ის გოგო, რომლის დაკარგვაზეც ვნერვიულობდი დღეს ჩემი ცოლია.

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია მარიამ მუმლაძე