კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაგეგმეთ 2022 ფინედუსთან ერთად: 12 ნაბიჯი ფინანსური კეთილდღეობისკენ

დაგეგმეთ 2022 ფინედუსთან ერთად: 12 ნაბიჯი ფინანსური კეთილდღეობისკენ

2848
4.4 / 5

საახალწლოდ, ალბათ, მომავალი წლის გეგმებსაც ადგენთ, მიზნებს ისახავთ, ან უბრალოდ, იმ სურვილებზე ფიქრობთ, რომლებიც ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრეთ. რას იტყოდით 2022-ში ფინანსური კეთილდღეობისკენ ნაბიჯების გადადგმაზე? გთავაზობთ რჩევებს, რაც შეიძლება ფინანსური ცოდნის გაუმჯობესებისა და თქვენი ფინანსური ქცევების შეცვლისთვის გაითვალისწინოთ:

1. იანვარი - დაისახეთ ფინანსური მიზნები

იანვარი ფინედუზე მიზნების დასახვის თვეა.

დაფიქრდით თქვენს პრიორიტეტებზე, ღირებულებებზე და ჩამოწერეთ ის ფინანსური მიზნები, რომელთაც გსურთ მიაღწიოთ არა მხოლოდ 2022-ში, არამედ მომდევნო წლებშიც. დაყავით ეს მიზნები მოკლევადიან (1 წლამდე), საშუალოვადიან (1-3 წელი) და გრძელვადიან (3 წელზე მეტი) მიზნებად. მოიფიქრეთ, რას გააკეთებდით მათ მისაღწევად? მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შედეგზე ორიენტირებული და დროში განსაზღვრული. 

2. თებერვალი - იცოდეთ თქვენი უფლებები

თებერვალში ფინედუზე ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია დაიწყება, რომელიც 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღეს დასრულდება.

მომხმარებლის უფლებების ცოდნა, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ფინანსურ პროდუქტზე ამომწურავი ინფორმაცია, წინასწარ მოითხოვოთ ხელშეკრულება და ხელმოწერამდე კარგად გაეცნოთ, თუნდაც სახლში. მეორეს მხრივ, თქვენ როგორც მომხმარებელს, გარკვეული პასუხისმგებლობებიც გაქვთ, მაგალითად ის, რომ დასვათ კითხვები იმ ფინანსურ პროდუქტზე, რომლით სარგებლობასაც აპირებთ და სრულყოფილად წაიკითხოთ ხელშეკრულება, სანამ ხელს მოაწერდეთ.

3. მარტი - დაგეგმეთ პირადი ფინანსები

21-27 მარტს გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება, რომლის მიზანი ფულისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

პირადი ფინანსების დაგეგმვაში ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ. ბიუჯეტი თავს უყრის თქვენს ყველა შემოსავალს, ხარჯსა და დანაზოგს განსაზღვრულ პერიოდში. თქვენ შეიძლება შეადგინოთ დეტალური ბიუჯეტი, სადაც შემოსავალსა და ხარჯებს კატეგორიებად დაჰყოფთ, ან იხელმძღვანელოთ 50/30/20-ის მარტივი მეთოდით, რომელიც გულისხმობს, რომ თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 50% უნდა ნაწილდებოდეს საჭიროებებზე, 30% - სურვილებზე, ხოლო 20% - დანაზოგებზე. 

4. აპრილი - ისესხეთ გონივრულად

თუ თანხის სესხებაზე ფიქრობთ, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს გრძელვადიანი სესხი, განვადება თუ საკრედიტო ბარათი, დაუსვით თქვენს თავს კითხვები: ის, რის შეძენასაც სესხით აპირებთ, საჭიროებაა თუ სურვილი? თუ არის შესაძლებელი მოცდა და თანხის შეგროვება, სესხების ნაცვლად? რამდენის გადახდას შეძლებთ თქვენი შემოსავლიდან ყოველთვიურად ისე, რომ შეძლოთ სხვა ხარჯების გასტუმრებაც? სესხის აღებამდე კი განიხილეთ რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის შემოთავაზება, შეისწავლეთ პირობები, მათ შორის, რა ფინანსური ხარჯები უკავშირდება თქვენს სესხს? არ დაგავიწყდეთ, წაიკითხოთ ხელშეკრულება. 

5. მაისი - დააზღვიეთ 

იფიქრეთ ჯანმრთელობის, ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, იმისთვის, რომ შეიმციროთ ან საერთოდ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები. გაითვალისწინეთ, რომ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში სადაზღვევო შენატანის სახით ყოველთვიური ხარჯები გექნებათ, ამიტომ დააზღვიეთ ისეთი რისკები, რაც მართლა მნიშვნელოვანია თქვენთვის და რაც დადგომის შემთხვევაში მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მოიტანს. დაზღვევის შეძენამდე ერთმანეთს შეადარეთ რამდენიმე შემოთავაზება და დეტალურად გაეცანით დაზღვევის პირობებს სადაზღვევო პოლისსა და ხელშეკრულებაში. 

6. ივნისი - მოემზადეთ გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის

გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებთან გამკლავება დანაზოგის გზითაც შეიძლება. ყოველთვიურად გადადეთ თანხა დანაზოგზე, რომელიც თქვენი „ფინანსური ბალიში“ იქნება და რომელსაც მოულოდნელი შემთხვევებით გამოწვეული ხარჯების ასანაზღაურებლად გამოიყენებთ. 

7. ივლისი - იფიქრეთ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე

დამოუკიდებლად ცხოვრება ფინანსურ დამოუკიდებლობასაც ნიშნავს. არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით - ერთია შემოსავლის არსებობა, და მეორე, იმაზე დაფიქრება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ცხოვრებისეული ეტაპები ასე თუ ისე, უკავშირდება ფინანსებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ხარჯები ახლავს, ან როგორ მოვემზადოთ ფინანსურად ამა თუ იმ ცხოვრებისეული მოვლენისთვის - იქნება ეს ცალკე საცხოვრებლად გადასვლა, სტუდენტობა, სამსახურის დაწყება, შინაური ცხოველის აყვანა, მოგზაურობა, ბინის შეძენა, დაქორწინება, ბავშვის დაბადება, პენსიაზე გასვლა თუ სხვა.

8. აგვისტო - დაეხმარეთ ფინანსურად სხვებს

ადამიანი სოციალური არსებაა, ამიტომ სხვებისთვის ხარჯვა მას ხშირად უფრო მეტ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე საკუთარი თავისთვის. გამოყავით თქვენი შემოსავლიდან თანხის წილი, რომელსაც ქველმოქმედებისთვის გადადებთ. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გაღებული თანხა მართლა მიდის იმასთან, ვისაც დახმარების საჭიროება აქვს. 

9. სექტემბერი - გაეცანით ინფორმაციას ფინანსური განათლების შესახებ

9 სექტემბერი ფინედუს დაბადების დღეა. 

გაცანით მეტ ინფორმაციას, რაც პირადი ფინანსების უკეთ მართვაში, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და ფინანსების დაცვაში დაგეხმარებათ. ფინედუზე შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის საჭირო სანდო ინფორმაცია მარტივ ენაზე, გამოიყენოთ ფინანსური კალკულატორები, შეავსოთ ტესტები და სხვა. 

10. ოქტომბერი - იყავით კიბერფრთხილი

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ფინანსები საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, თუკი ფინანსური უსაფრთხოების წესებს არ დაიცავთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ყველა შემოთავაზებასა და შეტყობინებას, რომელიც რაიმე ბმულზე გამისამართებთ და თქვენგან ინტერნეტბანკის, ან ბარათის მონაცემის შეყვანას ითხოვს. ამ გზით, თქვენი საბანკო მონაცემების ხელში ჩაგდებით კიბერთაღლითები თქვენი თანხის მითვისებას შეძლებენ. არავის გაუზიაროთ ეს მონაცემები. გამოიყენეთ რთული პაროლები, და სადაც შესაძლებელია, ორმაგი ავთენტიფიკაცია.

11. ნოემბერი - შექმენით დანაზოგი

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა.

დაიწყეთ თქვენი შემოსავლის მცირე ნაწილის, მაგალითად, ყოველთვიურად 10%-ის დანაზოგზე გადადებით. გახსოვდეთ, პირველ რიგში გადაუხადოთ საკუთარ თავს - ანუ ხელფასის მიღებისთანავე გადადოთ თანხა დანაზოგზე მომავალში საკუთარი თავისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ხარჯვა. დაარქვით დანაზოგს იმ კონკრეტული ფინანსური მიზნის სახელი, რომლის მისაღწევადაც აგროვებთ თანხას.

12. დეკემბერი - ხარჯეთ გონივრულად

დეკემბერი ფინედუზე გონივრული ხარჯვის თვეა.

იმისთვის, რომ იცოდეთ რაში იხარჯება თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, და ამასთან, შეძლოთ რომელიმე ხარჯის შემცირება, ყველაზე რეალური გზაა აღრიცხოთ ყოველდღიური ხარჯები. ამისთვის დღეში სულ 2-5 წუთია საჭირო. ხარჯების ჩამოწერა მარტივად შეგიძლიათ ბლონკოტში, მობილურის „ნოუთში“, ექსელის ფაილში ან ხარჯების მთვლელ სპეციალურ აპლიკაციაში. გონივრული ხარჯვისთვის გახსოვდეთ თქვენი პრიორიტეტები, საჭიროებები და სურვილები, საყიდლებზე იარეთ წინასწარ მომზადებული სიით, ერთმანეთს შეადარეთ რამდენიმე შემოთავაზება და არ იყიდოთ რაღაც მარტო იმიტომ, რომ ფასდაკლებულია.

ფინანსურად წარმატებულ 2022 წელს გისურვებთ!