კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

1330
4.2 / 5

     „როცა შენ გაქვს დაზღვევა, იცი, რომ დაცული ხარ ყოველი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან ცხოვრებაში და ეს გიქმნის სრული სიმშვიდის განცდას“ - აცხადებს ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანია (IFFCO Tokyo). ბევრი ფიქრისა და ინფორმაციის მოძიების შემდეგ (რომელიც ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ფინანსური განათლების პორტალის, „ფინედუს“ ვებ-გვერდზე), მეც ვეთანხმები მოყვანილ მოსაზრებას. 

    ცხოვრების ყოველი დღე თითოეული ადამიანისთვის განსხვავებული და მრავალფეროვანია. ყოველ ახალ დღეს უამრავი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი მოვლენა მოჰყვება, რაც ზოგჯერ შფოთვასა და შიშსაც კი იწვევს, მომავლის შიშს, ალბათ. ფიქრი ფიქრს მისდევს და მისი დიდი, შავი, უხილავი გორგალი იკვრება, რომელიც ადამიანს ჩრდილივით თან დასდევს. რამე რომ მოხდეს? გაზი ხომ გამოვრთე, სანამ დასაძინებლად წავიდოდი? უთო ჩართული ხომ არ დავტოვე? სახლში ცეცხლი არ გაჩნდეს. რა მოხდება, დედა ისევ ცუდად რომ გახდეს? ოპერაციისთვის საკმარისი ფული არ გვაქვს. მიწისძვრამ ჩემი ბიზნესი დააზარალა, ახლა რაღა მეშველება... მე კი გკითხავ, მკითხველო: რატომ უნდა დაისტრესო თავი მომავალზე შფოთვით, როცა ამ დროს იმისათვის უნდა იყენებდე, რომ ის უკეთესი გახადო? ჩაანაცვლე ფიქრი ქმედებით, დააზღვიე შენი მომავალი დღეს და აირიდე რისკები თავიდან. არც ის იფიქრო, რომ მხოლოდ შენ გეშინია. პირიქით, დარწმუნებული იყავი, რომ ყველა ადამიანს ეშინია, მით უმეტეს, მომავლის. მისი დაზღვევა ნამდვილად შეგიმსუბუქებს შფოთვას.

გახსოვდეს: სწორად გათვლილი საფრთხეები და მათი პრევენციისა თუ მოგვარების გზები ნიშნავს სწორად გათვლილ მომავალს.   


გაკვირვებულიც კი დავრჩი, როცა საკმარისი ინფორმაცია მოვიძიე სადაზღვევო პროდუქტებსა და მათ მრავალფეროვნებაზე (ვგონებ, ადამიანის ცხოვრებასავით მრავალფეროვანია სადაზღვევო პაკეტების არჩევანიც). შევეცდები, მარტივი ენით აგიხსნა დაზღვევის იდეა. შენ შეგიძლია, ფაქტობრივად, ყველაფერი დააზღვიო, რაც გინდა. თავად ქმნი შენი დაზღვევის „ობიექტს“. ასევე წინასწარ ინსაზღვრება ყოველი დეტალი: სადაზღვევო ლიმიტი, კონკრეტული რისკი, რომელიც დააზღვიე კონკრეტული ობიექტისთვის და ა.შ. არსებობს ქონების: სახლი, ავტომობილი, ბიზნესი, ჯანმრთელობის, მოგზაურობის, სიცოცხლის დაზღვევა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, ჩემი აზრით, რადგან ამ დროს შენ აზღვევ საკუთარ სიცოცხლეს და თუკი რამე დაგემართა, შენ მიერ არჩეულ ადამიანს უნაზღაურდება გარკვეული თანხა. მაშასადამე, დაზღვევა არა მარტო შენ გაზღვევს, არამედ შენს საყვარელ ადამიანებსაც. რაღა თქმა უნდა, როცა ზრუნავ შენს თავსა და მომავალზე, ამავდროულად შენს ოჯახზეც ზრუნავ. რამ შეიძლება შენი დაზღვეული ობიექტი დააზიანოს? ყველაფერმა: სტიქიური მოვლენა, ხანძარი, ქურდობა, ავარია და ა.შ. წარმოიდგინე, მშვიდი სიზმრებიდან იღვიძებ და იგებ, რომ ქუჩა, რომელზეც შენი პატარა რესტორანი (რომელიც ერთადერთი შემოსავალი იყო შენთვის) მდებარეობს, საშინლად დაიტბორა. ვაი, ის სასოწარკვეთილების ერთი წამი იქამდე, სანამ გაგახსენდებოდა, რომ რესტორანი დაზღვეული გაქვს. შევადაროთ შემდეგ განვითარებული მოვლენები დაზღვეულ და დაუზღვეველ ობიექტს შორის: დაუზღვეველი - უდიდესი ფინანსური ზარალი დაგატყდა თავს და უეცრად რესტორნის შემოსავლის გარეშე დარჩი, პირიქით, აქეთ შენ დაგაწვა ათასი ახალი ხარჯი. დაზღვეული - დაზარალდი, თუმცა სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებს შენი რესტორნის გარკვეულ ზარალს და მალევე შეძლებ ფეხზე წამოდგომას. ვაი, ის სიმშვიდე და მადლიერება, რომელიც იგრძენი მას შემდეგ, რაც გაგახსენდა, რომ ხანგრძლივი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, ერთი თვის წინ რესტორანი დააზღვიე. ასე რომ, მიეცი შანსი შენს მომავალს, გადაგიხადოს მადლობა დღევანდელ დღეს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის. ვფიქრობ, ცხოვრება საკმარისად რისკიანია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი რისკი დავუმატოთ მას და არ ვეცადოთ, პირიქით, მათ შემცირებას. მით უმეტეს, ჩემი გადმოსახედიდან, თანამედროვე მსოფლიოში კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი ზარალისმომტანი მოვლენები, თუნდაც „უბრალოდ“ სახლის ან მაღაზიის გაქურდვა. ხშირად მომისმენია (და მათ შორის, თავადაც მითქვამს) მსგავსი ფრაზა: აჰ, ეს მე არ დამემართება. საინტერესოა, რატომღაც ამგვარი მიდგომაც რომ გვახასიათებს ადამიანებს მაშინ, როცა ისიც კი არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ხვალ. მე კი იმასღა გეტყვი ძვირფასო მკითხველო, რომ ყოველი გამოწვევა სწორად უნდა შეაფასო და მზად დახვდე მას. წარმოიდგინე, გამოწვევა გამომწვევად მოდის შენკენ, თუმცა შენ, წინასწარ მომზადებული და შენს თავში დარწმუნებული, სიოსავით მშვიდად უვლი გვერდს, მხოლოდ იმისთვისღა მიხედავ უკან, მისი გაკვირვებული თუ გაბრაზებული მზერა რომ დაინახო. კარგი წარმოსადგენია, არა? მხოლოდ შენ შეგიძლია შექმნა შენი თავი, ცხოვრება და მომავალი ისეთი, როგორიც გინდა, რომ იყოს. ასევე მხოლოდ შენ შეგიძლია აირჩიო, რა არის შენთვის თეთრი და რა - შავი. ყველას განსხვავებული მიდგომა აქვს თავის თითოეულ პრობლემასთან, ამიტომ შენ შეგიძლია ის ისე გადაჭრა, როგორც თავად გადაწყვეტ, მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ეს გააკეთო („მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა, ჩემო „მკითხველო“, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“). ხელი თუ არ გავანძრიეთ, მხოლოდ ღმერთი ვერ გადაგვარჩენს დახრჩობისგანო, არ ვეთანხმებით? 

    მაშასადამე, შევიძინოთ მეტი პრაგმატიზმი, შევიმციროთ რისკები ცხოვრებაში და სიმშვიდეში გამოვძერწოთ ჩვენთვის მისაღები მომავალი (არათუ მისაღები, მისი საუკეთესო ვერსია), რადგან არ შეგვიპყროს სინანულმა - სასოწარკვეთილების საუკეთესო მეგობარმა. 

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორის ფსევდონიმია Shoviley