კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ბოტასი, რომლის ჩაცმა შეუძლებელია

ბოტასი, რომლის ჩაცმა შეუძლებელია

3789
4.1 / 5

დღეში რამდენიმე ათეული დოლარის შემოსავალი, მარტივი ფული, გამდიდრების საშუალება... ეს ის დაპირებებია, რასაც ქართველი მოსახლეობა უკვე რამდენიმე კვირაა, ისმენს ნაცნობებისგან თუ ინტერნეტსა და მედიაში. "ბოტასები" ბოლო პერიოდია, საზოგადოების მთავარ სასაუბრო თემად იქცა და ისტორიები, თუ როგორ მდიდრდებიან ადამიანები დღეში 20 წუთიანი სიარულით ან ძუნძულით, მოსახლეობის უმეტესობას სურვილს უჩენს, დანაზოგებითა თუ ნასესხები სახსრებით, თვითონაც შეიძინონ წარმოსახვითი ბოტასი და ჩაებან ფულის მარტივად შოვნის სქემაში. 

თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი არც ისეთი მარტივი და ლამაზია, როგორც გვიხატავენ და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საკითხს, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, სანამ გადაწყვეტთ, თქვენი დანაზოგი იმ ბოტასებზე დახარჯოთ, რომლებსაც ვერ კი ჩაიცმევთ, ან კიდევ უარესი, ბანკიდან სესხი აიღოთ და თამაშს მოახმაროთ.

ციფრული აქტივი

1) STEPN ბოტასი ციფრული აქტივია და მასში წარმოდგენილია ყველა ის რისკი, რომლებიც ზოგადად უკავშირდება კრიპტო ვალუტებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, გამომუშავებული თოქენის რეალურ ვალუტებში ღირებულება ძალიან ცვალებადია, არ არის არანაირად რეგულირებადი და დაკავშირებულია მხოლოდ მოთხოვნასა და მიწოდებაზე. უნდა გაიაზროთ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა, თოქენის ღირებულება 0-თან ახლოს აღმოჩდეს. ეს დრო კი როდის დადგება, არავინ იცის და შესაძლოა, მოხდეს როგორც გრძელვადიან პერიოდში, ასევე, რამდენიმე კვირაში, ან თუნდაც დღეში.

NFT

2) მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, თუ როგორი იყო აქამდე არსებული მსგავსი თამაშების ბედი.

მარკეტინგულად STEPN იფუთება, როგორც Move to Earn („იმოძრავე, რომ გამოიმუშავო“) თამაში, თუმცა ის შინაარსობრივად ძალიან ახლოსაა სხვა P2E (play to earn ანუ „ითამაშე, რომ გამოიმუშავო“) თამაშებთან. ორივე შემთხვევაში, უბრალოდ მოძრაობისა ან თამაშისთვის ფულს არავინ იხდის და იმისთვის, რომ თანხის გამომუშავება დაიწყოთ, ქართული ბაზრისთვის საკმაოდ მაღალი ინვესტიციის გაღებაა საჭირო. P2E თამაშები ბოლო წლებია აქტიურად არის გავრცელებული და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაშების უმეტესობა ერთ დღესაც სრულიად გაუჩინარდა, ან გარკვეული პერიოდის მერე მათში გამომუშავებული თოქენების ღირებულება თითქმის 0-ს გაუტოლა.

პირამიდა

3) არის შანსი იმისა, რომ STEPN იყოს პირამიდა ან ე.წ. Ponzi სქემა.

ცალსახად ვერავინ იტყვის, რომ ვირტუალური ბოტასები რომელიმე სქემას მიეკუთვნება. თუმცა ლოგიკით ძალიან ჰგავს მათ და საწყისი ინვესტორები გაცილებით მეტ ფინანსურ სარგებელს იღებენ, ვიდრე გვიან შესული ინვესტორები. თანხის გამომუშავება დამოკიდებულია ბოტასებსა და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ კრიპტო ვალუტის ღირებულებაზე. სანამ მომახმარებელთა რაოდენობა მზარდია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესებული ბოტასის შეძენით, თოქენის ღირებულება იზრდება და მოსიარულე თუ მოძუნძულე ადამიანებიც უფრო მეტს გამოიმუშავებენ. თუმცა შეუძლებელია ეს ტრენდი უსასრულოდ მზარდი აღმოჩდეს. შესაბამისად, როდესაც მომხმარებლების რაოდენობა თავის მაქსიმუმს მიაღწევს, შემდგომ კი კლებას დაიწყებს, ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდება და ეს ავტომატურად შეამცირებს თოქენების ღირებულებას რეალურ ვალუტებთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც თანხის გამომუშავება თამაშში შემცირდება, მეტი და მეტი ადამიანი დაიწყებს ბოტასებისა და თოქენების გაყიდვას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მათ ღირებულებას.

4) ერთი შეხედვით თამაშით ან სიარულით ფულის გამომუშავება მარტივად ჟღერს, თუმცა რეალურად ის ასეთი მარტივიც არ არის.

მნიშვნელოვანია, თამაშში გამომუშავებული თანხის რეინვესტირება, ბოტასის პარამეტრების გაუმჯობესება და იმის კონტროლი, თუ რამდენად არის შესაბამისი თქვენი ფიზიკური აქტივობა თქვენი ბოტასის პარამეტრებთან. თამაშის ენთუზიასტებიც კი აღიარებენ, რომ ფინანსური სარგებელი მეტწილად დამოკიდებულია დისციპლინასთან, კალკულაციებთან, სტრატეგიებთან და ა.შ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებსაც ამის დრო, განწყობა და ენერგია არ აქვთ, თავიდანვე განწირულნი არიან ფინანსური ზარალისთვის.

კრიპტო

5) იმის გარანტიას რომ ესა თუ ის ინვესტიცია გაამართლებს, ვერავინ იძლევა.

100%იანი ინვესტიციები რეალურად არც არსებობს, იქნება ეს რეალური თუ ვირტუალური პროექტი. თუმცა არარეგულირებადი გარემო ინვესტიციებს კიდევ უფრო რისკიანს ხდის. თანხის ჩადებისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი რისკის მიმართ მიმღებლობა, რამდენად მზად ხართ დაკარგოთ ის თანხა, რაც ინვესტიციად ჩადეთ. გაითვალისწინეთ, მაღალი მომგებიანობით და აქტიური მარკეტინგული კამპანიებით ხშირ შემთხვევაში მაღალ რისკიანი პროექტები გამოირჩევა.

შეჯამებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ STEPN-ის, არამედ NFT სიცრცესთან შეხებისას სიფრთხილე და რისკების იდენტიფიცირებაა საჭირო. იმპულსური გადაწყვეტილებები იწვევს ფინანსური დანაკარგის რისკს. საჭიროა პროექტის კვლევა, ბაზრის ანალიზი. აუცილებელია, გესმოდეთ ბიზნესმოდელი, თუ როგორ ხდება თანხის გამომუშავება, რა შემთვევაში გადიან მხარეები ზარალში და ა.შ. ლეგენდები სხვების ფინანსურ წარმატებებზე არ უნდა ახდენდეს თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას. ყოველთვის მზად უნდა იყოთ შესაძლებლობისთვის, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებთ და ხელში მხოლოდ ბოტასის ვირტუალური ესკიზი შეგრჩებათ.