კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ბანკის რიგში გაგონილი რჩევები

ბანკის რიგში გაგონილი რჩევები

1723
4.3 / 5

წესად მაქვს, რომ ყოველ კვირა დღეს ჩანთიდან ყველაფერს ამოვყრი და ვალაგებ, ვემზადები ორშაბათს სამსახურში წასასვლელად. არც ეს კვირა დღე ყოფილა გამონაკლისი. ამოვაბრუნე მთელი ჩანთა და მაგიდაზე დავყარე. საფულეში აღმოვაჩინე, რომ ზედმეტი თანხა დამრჩენოდა: ხვალ ხელფასის დღეა, მე კი საკმაო თანხა მაქვს თვის ბოლოსთვის. ვიფიქრე, მაღაზიაში წავალ და ახალ ტანსაცმელს ვიყიდი თქო. ვალაგებდი და თან ვფიქრობდი, რა უნდა მეყიდა. უცებ ამოყრილ ნივთებში ერთ-ერთი ბანკის სარეკლამო ბროშურას მოვკარი თვალი - „გახსენი ანაბარი ჩვენთან და მიიღე იმაზე მეტი, რაც გაქვს“. მაშინვე გადავიფიქრე მაღაზიაში წასვლა და გადავწყვიტე ფული შემეგროვებინა, იქნებ იმდენი მოვაგროვო, რომ სამოგზაუროდაც წავიდე. აუცილებლად მივალ ხვალ ბანკში, ანაბარს გავხსნი და პირველ შენატანსაც გავაკეთებ.

ორშაბათიც გათენდა, მზიანი და თბილი დღე. როგორც გადაწყვეტილი მქონდა, სამსახურამდე ბანკში შევირბინე, რიგის ნომერი ავიღე და იქვე სავარძელში მოვთავსდი. ჩემს გვერდით ორი ქალბატონი იჯდა, ერთი შავგვრემანი, წითელ კაბაში და მეორე ქერა, ლურჯ შარვალსა და პიჯაკში. მათ საუბარს მოვკარი ყური:

- ვიხდი, ვიხდი სესხის თანხას და ვერ გავედი ბოლოში, ასე მგონია სულ დავფარე თანხა, მაგრამ ყოველთვიურად ისევ მომდის შეტყობინება, რომ გადასახდელი მაქვს, ისიც არ ვიცი, როდის უნდა მოვრჩე... უფ, დავიღალე, ძალიან დავიღალე...

- როგორ თუ არ იცი? როცა სესხს იღებდი, გრაფიკი არ მოგცეს? ხელშეკრულებას არგაეცანი?

- გრაფიკი რა არის? რაღაცაზე კი მომაწერინეს ხელი, მაგრამ ის ფურცლები ნაგავშიგადავყარე, არც კი წამიკითხავს.

- აბა შენი ბრალი ყოფილა. იცი, პირველად რომ დავაპირე სესხის აღება, გადავქექე მთელი ინტერნეტი და გავეცანი რჩევებს, რა უნდა გამეთვალისწინებინა სესხის აღებამდე, თუ გაქვს დრო რამოდენიმე რჩევას მოგცემ, მომავალში აუცილებლად გამოგადგება.

- თუ არ შეწუხდები, რიგში კიდევ 10 კაცია, მემგონი მოასწრებ.

- რა შეწუხებაა:

სანამ ბანკში მიხვალ

ზუსტად განსაზღვრე, რა რაოდენობის თანხა გჭირდება და რისთვის - შეიძლება უფრო მეტი თანხა დაგიმტკიცდეს, მაგრამ თუ არ გჭირდება ზედმეტი ვალდებულება, არ აიღო.

დაითვალე

შენი შემოსავლები და ყოველთვიური ხარჯები, რა რაოდენობის თანხის გადახდას შეძლებ სესხის მიმდინარე გადასახადისთვის.

აუცილებლად გაითვალისწინე

რომ შენი შემოსავალი იყოს სტაბილური. თუ გაქვს იმის ალბათობა, რომ მომავალ თვეებში შემოსავალი შეგიმცირდება ან ზუსტად იცი, რომ ხარჯი გაგეზრდება, თავი შეიკავე ამ ეტაპზე სესხის აღებისგან.

სესხის აღებამდე

აუცილებლად რამოდენიმე საბანკო დაწესებულების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოთავაზება განიხილე და ერთმანეთს შეადარე. რომელი უფრო მეტად ერგება შენს ფინანსურ საჭიროებებს, რომელს უფრო კარგი პირობები აქვს. კარგად დაფიქრდი და საუკეთესო ვარიანტი აარჩიე!

აუცილებლად ზედმიწევნით წაიკითხე ხელშეკრულება

რომელსაც სესხის ოფიცერი მოგცემს. 15-20 წუთი გადაინაცვლე ფოიეში და თავიდან ბოლომდე გაეცანი ხელშეკრულებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე - სესხის თანხას, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ყოველთვიური შენატანის რაოდენობას, გადახდის ვადებს, სესხის სრულად დაფარვის ვადას.

ხელშეკრულებას დანართის სახით ექნება გრაფიკი, რის მიხედვითაც მოგიწევს სესხის დაფარვა. თუ რაიმე გაუგებარია, არ მოგერიდოს, აუცილებლად კითხე სესხის ოფიცერს და პასუხი ჩაიწერე. ხელმოწერის შემდეგ არდაგავიწყდეს, რომ ხელშეკრულება შეინახო.

კრედიტ ოფიცრისგან მიიღე ინფორმაცია

დამატებითი ხარჯების შესახებ. იცოდე, რომ სესხის თანხა მხოლოდ ძირი თანხა და საპროცენტო განაკვეთი არ არის. ესეთი ხარჯები შეიძლება იყოს სესხის გაცემის საკომისიო, ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო და ა.შ.

-

ტაბლოზე ჩემი რიგის ნომერი აინთო, ოპერატორი ღიმილით მომესალმა, მკითხა რითი შეეძლო ჩემი დახმარება. ანაბრის პირობები გამაცნო და ჩემი თანხმობის შემდეგ ყველა საჭირო პროცედურაც ჩაატარა. წარმატებული დღე მისურვა და დამემშვიდობა.

ნამდვილად წარმატებული დღე მქონდა, ანაბარი გავხსენი, ძალიან სასარგებლო რჩევები მივიღე უცნობი ქალბატონისგან სესხის აღების პროცედურებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, სამსახურში რომ მივედი სასიხარულო ამბავიც გავიგე - ხელფასის მომატების შესახებ. გადაწყვეტილებაც მაშინვე მივიღე: მომატებული თანხის რაოდენობას ყოველთვიურად ანაბარზე შევიტან. ნაწილ თანხას შევაგროვებ, ნაწილს სესხად გამოვიტან და მომავალი წლისთვის მანქანასაც ვიყიდი.