კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

10 სამოტივაციო წიგნი ფინანსური წიგნიერების შესახებ

10 სამოტივაციო წიგნი ფინანსური წიგნიერების შესახებ

13191
4.7 / 5

გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო. თუ შენ დაინტერესდი აღნიშნული ბლოგით, გამოდის რომ, შენ უკვე დაფიქრდი შენს ფინანსურ მდგომარეობაზე და აღარ გაკმაყოფილებს ის მდგომარეობა რომელშიც შენ ამჟამად იმყოფები. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ბლოგი ნამდვილად სწორი არჩევანია! ის დაგეხმარება გადადგა პირველი ნაბიჯები შენი ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებისკენ და მოგცემს მოტივაციას იარო ფინანსური განათლების გზით.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ფულის შოვნა როგორც წესი საკმაოდ რთულია. გაცილებით რთულია მისი დიდი ხნით შენარჩუნება და მითუმეტეს გამრავლება. სამწუხაროდ ადამიანების უდიდესი ნაწილი,არც კი დაფიქრებულა მსგავს საკითხებზე. ისინი თავისი შრომით და გარჯით ნაშოვნ ფულს ისე მარტივად და უმეტესწილად უმიზნოდ ხარჯავენ, რომ ბოლოს ყოველთვის უკვირთ ხოლმე, თუ სად წავიდა ამდენი ფული.

ალბათ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს სიტუაცია შენთვისაც კარგად ნაცნობია. მეორეს მხვრივ, როგორ უნდა დაიჯერო ის, რომ ადამიანები შეგნებულად სჩადიან ამგვარ ქმედებას და ხშირად რბილად რომ ვთქვათ დაუფიქრებლად ხარჯავენ მთელ თავის შემოსავალს ისე, რომ მათ არაფერი არ რჩებათ თავისი სხვა სურვილების ასრულებისთვის ან უბრალოდ ე.წ. „ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის“ შესაქმნელად.

გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ უმეტესწილად ეს სულაც არ არის მათი ბრალი. ყველაფერი კი გაცილებით მარტივია და სწორი ფინანსური აზროვნებისა და ფინანსური წიგნიერების ნაკლებობით არის განპირობებული. ამ ადამიანების უმრავლესობამ, არც კი იცის ან უბრალოდ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი შემოსავლები და ხარჯები, საკუთარი ფინანსები. ეს სულაც არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით რომ, სკოლაში, კოლეჯში თუ შემდეგ უკვე უნივერსიტეტში, ჩვენ ყველანი ვიღებთ საკმაოდ მრავალფეროვან, თუმცა ზოგად განათლებას და გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმეტესწილად სრულიად გამოუსადეგარი არის როგორც წესი და სამწუხაროდ საერთოდ ვერ ვიღებთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად საჭირო და აუცილებელ, იგივე ფინანსურ განათლებას, იმისთვის, რომ შევძლოთ საკუთარი ფინანსების და ფინანსური მდგომარეობის სწორად და მარტივად მართვა (ამავე დროს არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მოსახლეობის ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლების და ფინანსური განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები და განხოციელებული პროექტები. ამის თვალსაჩინო მაგალითია. ჩემი ბლოგის მასპინძელი finedu-ს ძალიან საინტერესო პლატფორმა, რომელიც სებ-ის მიერ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში იქნა შემუშავებული). არადა მე ვსაუბრობ ისეთ საბაზისო (საწყის) ფინანსური ცოდნის მიღებაზე, რომელიც მარტივად შეგვაძლებინებდა საკუთარი ფინანსების უფრო წარმატებით და ყაირათიანად ხარჯვას, ფულის სწორად განკარგვას, ფულის დაზოგვას და შენახვას, სწორი გზით დაბანდებას, ოჯახის ბიუჯეტის და ფინანსური გეგმის შედგენას და სხვა საკითხების უკეთ გაგებას. გაგვარკვევდა თუნდაც ბანკთან ურთიერთობისთვის აუცილებელ, საბაზისო საკითხებში, ტერმინებში და ა.შ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო. გეტყვით რომ, დავინტერესდი თუ არა აღნიშნული თემატიკით. მაშინვე გადავწყვიტე საკუთარი ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებაზე დამეწყო ზრუნვა. თუმცა იმ დროს ჩემს გარემოცვაში არ მეგულებოდა არავინ ისეთი, ვინც დამეხმარებოდა და მასწავლიდა რაიმეს განსხვავებულს, განსაკუთრებით სწორი ფინანსური აზროვნების განვითარებისთვის, ფინანსური წიგნიერების და წარმატების მიღწევის მიმართულებით.

ამავდროულად, რა თქმა უნდა, ინტერნეტ სივრცეში ფინანსურ თვითგანათლებასთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაციის მოძიება იყო შესაძლებელი. თუმცა მე მაინც ძველებური მეთოდის გამოყენება ვარჩიე და ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს საყვარელ წიგნების მაღაზიაში შევიარე, სადაც პირდაპირ პიროვნული და პროფესიონალურ თვითგანვითარებას და მათ შორის, ფინასურ წიგნიერებას მიძღვნილ, სახელმძღვანელოების თაროს მივადექი. პირადი ფინანსების მართვის შესახებ დაწერილი, რამდენიმე წიგნის დათვალიერების შემდეგ ის წიგნი შევიძინე, სადაც ყველაზე ნაკლები სქემები და მათემატიკური ფორმულები იყო მოყვანილი (ბავშვობიდან არ მიყვარდა სქემები და ფორმულები). სახლში დაბრუნებულმა წიგნს ჩავუჯექი და დიდი ენთუზიაზმით დავიწყე კითხვა. წიგნი ძალიან მარტივად იკითხებოდა და შედგებოდა ძირითადად თეორიული მასალისგან და ფინანსური ხასიათის წესებისა და რჩევებისგან. ამის შემდეგ, მსგავსი თემატიკის არაერთი წიგნი წავიკითხე (სამწუხაროდ იმ დროს მსგავსი თემატიკის ქართულენოვანი წიგნები ნაკლებად იშოვებოდა, ამიტომ ძირითადად უხცოენოვანი წიგნების წაკითხვა მიწევდა, მათ შორის რათქმაუნდა ინტერნეტ სივრცეშიც. საბედნიეროდ დღეს ეს პრობლემა ნაკლებად დგას და ქვემოთჩამოთვლილი წიგნების უმრავლესობა ქართულენოვან ვერსიაშიც არის ხელმისაწვდომი). რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით მეტად ვხვდებოდი რომ, სწორ ფინანსურ აზროვნებას მიძღვნილმა წიგნებმა, ჩემი მსოფლმხედველობა მთლიანად შეცვალეს და ჩემს ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონიეს.

ასე დაიწყო ჩემი გზა ფინანსური განათლებისკენ.

ამ ბლოგში მინდა წარმოგიდგინოთ „ფინანსურ განათლებას“ მიძღვნილი, ჩემი საყვარელი წიგნების ათეული. ამ წიგნებმა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და ვიმედოვნებ რომ ისინი თქვენც მოგეწონებათ. რათქმაუნდა მხოლოდ წიგნები არ არის საკმარისი, პირადი ფინანსების სამართავად საჭირო, საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად. თუმცა სავსებით საკმარისია, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად აღნიშნული თემატიკის მიმართულებით. 

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება :

1. ბოდო შეფერის „ძაღლი სახელად მანი ანუ ფულის ანბანი“

ეს წიგნი ძირითადად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ამასთანავე, ის მოზრდილებისთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება. რადგან ის მიძღვნილია სწორ ფინანსურ კულტურას, რაც  რავალი ადამიანისთვის დღემდე რაღაც ახალი და გაუგებარია.

2. ჯორჯ კლეისონი "ბაბილონის ყველაზე მდიდარი ადამიანი"

ეს წიგნი დაიწერა ჯერ კიდევ 1926 წელს და მასში აღწერილი მოვლენები ძველ ბაბილონში ვითარდება. წიგნში მოყვანილია მარტივი წესები, რომელთა გამოყენებით, ჩვენ გამდიდრების და საკუთარი შემოსავლის გაზრდის შანსი გვეძლევა.

3. რობერტ კიოსაკი "მდიდარი მამა, ღარიბი მამა"

ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური წიგნი, რომელიც სწორი ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ფული მუშაობს საკუთარი წესების შესაბამისად და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მიჰვყვეთ ამ წესებს სწორად.

4. ნაპოლეონ ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი“

ეს არის „ფინანსურ განათლებას“ და არა მხოლოდ მას მიძღვნილი, ერთ-ერთ ყველაზე „ეფექტიანი“ წიგნი მსოფლიოში. წიგნში თქვენ გაეცნობით „ფინანსური დამოუკიდებლობის“ მიღწევის ეტაპობრივ გეგმას და იმას თუ როგორ უნდა მიჰყვეთ მას.

5. ვლადიმერ სავენოკის „როგორ შევადგინოთ პირადი ფინანსური გეგმა და როგორ მოვახდინოთ მისი რეალიზება“

წიგნის ავტორი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ ვაკონტროლოთ და ვამუშავოთ ჩვენი ფული, რაც საბოლოოდ ჩვენ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში დაგვეხმარება.

6. ტომას სტენლის და ვილიამ დანკოს “მილიონერი თქვენ მეზობლად“

ადამიანების უმრავლესობას, საკმაოდ არასწორი წარმოდგენა აქვს სიმდიდრეზე. თუ შენ ბევრს შოულობ და ამავდროულად ბევრს ხარჯავ, მაშინ შენ ვერ გამდიდრდები. წიგნის ავტორები მოგვითხრობენ იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ ნამდვილი „მილიონრები“ და როგორ მიაღწიეს მათ თავის სიმდიდრეს.

7. ბრაიან ტრეისის „როგორ გავმდიდრდეთ ნულიდან“

წიგნი დატვირთულია „პირად ფინანსებთან“ დაკავშირებული საინტერესო იდეებით და პრაქტიკული რჩევებით. წიგნში აღწერილი რჩევების გამოყენებით, თქვენ აუცილებლად შეძლებთ ფინანსური წარმატების მიღწევას, თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად.

8. ალექსეი პოკუდოვის “ პირადი ფინანსები 2. ფინანსების მართვის საიდუმლო“

წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მასში აღწერილია თუ როგორ უნდა დავაგროვოთ „ინვესტირებისთვის“ საჭირო მინიმალური თანხა. რაში დავაბანდოთპირადი დანაზოგი და როგორ უნდა დავგეგმოთ, საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა.

9. ბრაიან ტრეისის „მილიონერების წარმატების 21 საიდუმლო“

წიგნში მოყვანილია 21 საუდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა გავმდიდრდეთ. წიგნში მოცემული ინფორმაცია ემყარება, ავტორის მიერ ჩატარებულ, ასობით მილიონერის „ჩვევებისა და ქმედებების“ საფუძვლიან ანალიზს .

10. ჯო ვიტალის "როგორ გამოიმუშაოთ ფული"

წიგნი ეძღვნება ადამიანის ფინანსური ქცევის ფსიქოლოგიას. იმას თუ როგორ უნდა შემოვუშვათ სიმდიდრე ჩვენს ცხოვრებაში და ამავდროულად დავხარჯოთ ფული ისე, რომ ის აუცილებლად გაორმაგებული ძალით დაგვიბრუნდეს.

გახსოვდეთ ფინანსური წინსვლა ეტაპობრივი და ნელი პროცესია. მიზნის მისაღწევად საჭიროა მუდმივი თვითგანვითარება, სწავლა და საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე უთუოდ საჭიროა დიდძალი მოტივაცია, საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების დიდი სურვილი და ამ ცვლილებებისთვის მზადყოფნა. ასევე რათქმაუნდა გარკვეული (ფინანსურ კეთილდღეობაზე გამიზნული) ქმედებები და აქტივობები აღნიშნული მიმართულებით. რაც მთავარია მუდმივი რწმენა იმის, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.