კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ზუგდიდში მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ზუგდიდი
22-23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუს ორგანიზებით, ასევე,  გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ „შპარკასეს“ ჩართულობით ქ. ზუგდიდში მეწარმეთათვის და ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში მონაწილეობდნენ მეწარმეები (წარმოების, ვაჭრობისა, მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროს წარმომადგენლები) და განათლების სფეროში ჩართული პირები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან.

ორდღიანი შეხვედრა, რომელიც სალექციო კურსთან ერთად პრაქტიკულ აქტივობებსაც მოიცავდა, მიზნად ისახავდა მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ბიზნესში ჩართული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირებას ბიზნესის დაფინანსების წყაროების, საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული პროდუქტების, ბიზნეს სესხის, ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის მნიშვნელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული 5 ძირითადი თემის შესახებ. ტრენინგზე განხილული თემებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ მეწარმეები ფინანსური განათლების სტრატეგიით განსაზღვრული მნიშვნელოვანი სეგმენტია. ფინედუს გუნდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მეწარმეებისა და ბიზნესით დაინტერესებული პირების ფინანსური ცნობიერების ამაღლების აქტივობებით მხარდაჭერას.