გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს მიერ ორგანიზებული ვიდეოების კონკურსი სახელწოდებით "ჩემი ფული" დასრულებულია. კონკურსი 11 მარტს დაიწყო და სსიპ „საპენსიო სააგენტოს", სს „საქართველოს ბანკის", სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის", სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების ფინანსური საკითხებით დაინტერესება, ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისება.
კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევრების მიღება დასრულდა 19 მარტს და შემოვიდა 35 ნამუშევარი. ნამუშევრების ავტორებიდან ყველაზე პატარა კონკურსანტი - 8-ის, ყველაზე უფროსი კი 16 წლის აღმოჩნდა.
დღეს, 25 მარტს, 10 გამარჯვებულის ვინაობა გახდა ცნობილი. მათგან 5, მომხმარებლების რჩეული, ფინედუს ფეისბუქგვერდის შესაბამისი პოსტის კომენტარებში ატვირთულ ვიდეოებზე დაფიქსირებული რეაქციებით გამოვლინდა, ხოლო დანარჩენი ნამუშევრებიდან 5 რჩეული გამოავლინა ჟიურიმ. ჟიური შედგებოდა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის", სსიპ საპენსიო სააგენტოს, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისგან. ეროვნული ბანკის მხრიდან ჟიურის ერთ-ერთი წევრი ფულის მუზეუმის წარმომადგენელი როლანდ სპანდერაშვილი იყო.
მომხმარებლების რჩეული გამარჯვებულები არიან:
- საბა ცაბაძე, 11 წლის
- ირინა ბუკია, 14 წლის
- სალომე ჩხაიძე, 14 წლის
- ნიკოლოზ ვარდანიძე, 13 წლის
- ბარბარე სამნიაშვილი, 8 წლის და ხატია ალავერდაშვილი, 9 წლის.
ჟიურის რჩეული გამარჯვებულები არიან:
- გიორგი ზირაქაშვილი, 13 წლის
- სოფია აბრამიშვილი, 16 წლის
- ანამარია ბიბიჩაძე, 13 წლის
- ლილი ჩოხელი, 14 წლის
- ხატია ფრუიძე, 13 წლის
გამარჯვებულები მიიღებენ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პრიზებს:
- გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი
- წიგნი-ალბომი "ფული საქართველოში"
- ჰუდი ფინედუსა და გლობალური ფულის კვირეულის სიმბოლიკით
- საგანმანათლებლო ბროშურები "მოგზაურობა ფულის სამყაროში" და "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო"
ფინედუს გუნდი მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, მათს მშობლებსა და მასწავლებლებს დაინტერესებისათვის, მონაწილეობისა და წვლილისათვის.