ზემოაღნიშნულ ეტაპს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები პროექტში ჩართულ 32 უნივერსიტეტში, რომელსაც 1,100-მდე სტუდენტი დაესწრო. შეხვედრები შეეხო პროექტის საორგანიზაციო საკითხებს, ფინანსურ განათლებასა და კონკურსის თემატურ გამოწვევებს, ასევე, სტარტაპის შექმნისა და ჩამოყალიბების თავისებურებებს.
შიდასაუნივერსიტეტო კონკურსები ჩატარდა იმ უნივერსიტეტებში, საიდანაც კონკურსში ერთზე მეტი გუნდი ჩაერთო. საუკეთესო გუნდები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ბანკის, GITA-სა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები შედიოდნენ. გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდნენ:
- პრობლემის იდენტიფიცირება და აქტუალობა (15%)
- გადაწყვეტის ინოვაციურობა (20%)
- ტექნოლოგიური განხორციელებადობა (20%)
- ბიზნეს პოტენციალი (20%)
- გუნდი და როლების განაწილება, გუნდის შესაბამისობა / კომპეტენცია გადაჭრას პროექტის გამოწვევები (15%)
- პრეზენტაციის ხარისხი (10%)
ცალკე შეხვედრა ჩატარდა იმ უნივერსიტეტების გუნდებთან, რომლებიც მხოლოდ ერთი გუნდით იყვნენ წარმოდგენილები. ამ გუნდებმაც ჟიურის წინაშე მაინც წარადგინეს საკუთარი იდეები.
საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე 27 გუნდი შერჩა, რომლებიც მიმდინარე კვირაში მენტორებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ საკუთარი გადაწყვეტების დასახვეწად. ხოლო 2 ნოემბერს გადამწყვეტ ფინალურ რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარი იდეების დემო ვერსიებს წარუდგენენ ჟიურს.
გამარჯვებული გუნდი გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - WEB SUMMIT-ზე გაემგზავრება. გამარჯვებული უნივერსიტეტი კი წარმოდგენილი იდეის გასავითარებლად 20 000-ლარიან გრანტს მიიღებს.
Uni4verse საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსია, რომელიც სხვადასხვა თემაზე ტარდება. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლებაა. სტუდენტურ გუნდებს ევალებოდათ შეექმნათ ფინანსურ-ტექნოლოგიური (FINTECH) პროდუქტი, რომელიც გადაჭრას უპოვნიდა ფინანსური განათლების რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გამოწვევას:
- ფინანსური სერვისების ინტეგრაცია
- ფინანსების გრძელვადიანი დაგეგმვა
- ფინანსური უსაფრთხოება და კიბერთაღლითობა
- ყოველდღიური ფინანსები და ბიუჯეტის ეფექტური მართვა
- მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების პროგნოზირება
კონკურსი სექტემბერში დაიწყო და მასში 32 უნივერსიტეტი ჩაერთო.
კონკურსი ტარდება სს ბაზისბანკის, სს პეივბანკის, სს კრედო ბანკის, მიკრობანკი ემბისის, სს ტერაბანკის, სს თიბისი ბანკის მხარდაჭერით.