საქართველოს ეროვნული ბანკი "სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში, 29-30 ოქტომბერს მასწავლებელთა ტრენინგს აცხადებს!
"სკოლა–ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (CYFI) მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ფინანსური განათლება, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვებს გონივრულად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.
„სკოლა-ბანკის“ მოდული 15 გაკვეთილისგან შედგება და ის VII-IX კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოდულის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება. მოდულის ეს თემები შესაბამის სახელმძღვანელოში ბავშვებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმითაა მოცემული.
მასწავლებელთა 2-დღიან ტრენინგზე დაიფარება ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული.
ტრენინგზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პედაგოგს, რომელიც მზად არის მიღებული მასალებისა და ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებს პროგრამით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი ჩაუტაროს.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის გასავლელად არ არის აუცილებელი პროგრამაში მონაწილე პედაგოგი ფლობდეს რაიმე წინარე ფინანსურ ცოდნას. პროგრამის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს (მიუხედავად იმისა, თუ რა საგანს ასწავლის), რომელსაც აინტერესებს ფინანსური განათლება და სურს ახალგაზრდა თაობას ის ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები შესძინოს, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ.
ტრენინგზე დასწრება უფასოა, მონაწილეებს გადაეცემათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით.