6 აპრილიდან ფინედუზე ახალი რუბრიკა, „საუბრები ბიზნესზე“ იწყება. „საუბრები ბიზნესზე“ ფინედუს ფეისბუქგვერდზე, პირდაპირი (LIVE) ვიდეო ჩართვების ფორმატში გაიმართება და თითოეულ ჩართვას სხვადასხვა მოწვეული სპიკერი გაუძღვება.
ფეისბუქლაივის თემები ბიზნესის ზოგად ციკლს გაჰყვება: ბიზნეს იდეა, ბიზნესის დაწყება, ბიზნესის მართვა, ბიზნესის გაფართოება. სასაუბრო თემები იმ გადაწყვეტილებებს დაუკავშირდება, რომლების მიღებაც მეწარმეებს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე უწევთ და რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენენ ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე. სპიკერებად კი შესაბამისი დარგის ექსპერტები - ბიზნესტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, პრაქტიკოსი მეწარმეები და ა.შ. იქნებიან მოწვეულნი.
პროექტის მიზანია, დამწყებ თუ მოქმედ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს დაანახოს, რომ ნებისმიერ ბიზნესგადაწყვეტილებას თან ახლავს ფინანსური შედეგი, მეწარმეს სხვა უნარებთან ერთად საბაზისო ფინანსური ცოდნაც სჭირდება და რომ ფინანსები როგორც ცხოვრების, ასევე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია და მასზე მსჯელობა საჭირო და საინტერესოა.
პროექტის სამიზნე აუდიტორია იქნება მიკრო და მცირე მეწარმეები, ბიზნესში ჩართული ადამიანები (მაგ: ბუღალტერი), ე.წ. სტარტაპერები და ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ის კონკრეტული თემა, რომელსაც მიეძღვნება ლაივი.
რუბრიკის მოსმენას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ რეჟიმში. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები ფეისბუქლაივის კომენტარებში და მიიღონ პასუხები სპიკერისგან.
რუბრიკა ოთხშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ, 13:00 საათზე გავა.
„საუბრები ბიზნესზე“ პირველი ეთერი 6 აპრილს, 13:00 საათზე იგეგმება თემით: „ბიზნესის დაწყება - იდეიდან თუ იდეამდე?“ სპიკერი კი იქნება გიორგი აბაშიშვილი, კომერსანტის მმართველი პარტნიორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ჯეოქეისის მკვლევარი ეკონომიკური მიმართულებით.
პირველი ღონისძიების ბმული და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ჩატარებული ფეისბუქლაივების ჩანაწერები კი დარჩება როგორც ფინედუს ფეისბუქგვერდზე, ასევე განთავსდება იუთუბარხსა და ჩვენს ვიდეოგალერეაში.