კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საგანმანათლებლო ბროშურებს 500 ბავშვი სასურველ მისამართზე მიიღებს - კიდევ ერთი კამპანია მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში

მსოფლიო დაზოგვის დღე
მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) და ფინანსური განათლების პორტალი www.finedu.gov.ge დაინტერესებულ პირებს 7-12 წლის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო მასალების სასურველ მისამართზე მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

მასალების მისაღებად საჭირო იქნება ონლაინ რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განაცხადი ფინედუს ფეისბუქგვერდზე გამოქყვეყნდება და მასზე რეგისტრაციის შესაძლებლობა პირველ 500 მსურველს მიეცემა.

დარეგისტრირებული მომხმარებლები სასურველ მისამართზე ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო მასალას მიიღებენ:

მსოფლიო დაზოგვის დღე
კომიქსი "დაგროვების ამბავი“

კომიქსი "დაგროვების ამბავი" ახალგაზრდა მკითხველს სახალისო ფორმითა და მარტივი ენით მოუთხრობს დაზოგვის, ფინანსური მიზნების დასახვის, მომავალზე ზრუნვისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ. ბავშვები დაფიქრდებიან, თუ რატომ არის საჭირო დღევანდელი რესურსის ხვალისთვის გადადება, რას ნიშნავს საბანკო ანგარიში და რა ფორმით შეგვიძლია დავზოგოთ თანხა. ეს რესურსი დაეხმარება მასწავლებლებსა და მშობლებს ბავშვებთან ერთად ისაუბრონ ფულის, დაზოგვისა და პირადი ფინანსების მართვის საკითხებზე.

კომიქსი შემუშავებულია გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ჩართულობით.

მსოფლიო დაზოგვის დღე
ბროშურა "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“

ბროშურაში "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო" ახალგაზრდა მკითხველი გაეცნობა პირადი ბიუჯეტის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვისა და სესხების საკითხებს. ამასთან, ბროშურაში ფინანსური ტერმინების გამარტივებული ლექსიკონი და ინტერაქტიული სავარჯიშოებია შემოთავაზებული. ნაშრომში მოცემული პირადი ბიუჯეტის შაბლონი მოზარდებს პირადი ფინანსების მართვაში შეუწყობს ხელს, მარტივი და პრაქტიკული ფინანსური რჩევები კი მათ სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. 

ბროშურა შემუშავებულია "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით.

მსოფლიო დაზოგვის დღე
ბროშურა "მოგზაურობა ფულის სამყაროში“

ბროშურა "მოგზაურობა ფულის სამყაროში" ახალგაზრდებს ფულის ისტორიას, ფორმებს, მნიშვნელობასა და ფუნქციებს გააცნობს. ბროშურაში აგრეთვე მოცემულია ინფორმაცია თანამედროვე ქართული ფულისა და ლარის დამცავი ნიშნების, ასევე, უცხოური ვალუტებისა და გამორჩეული ბანკნოტების შესახებ. 

ბროშურა შემუშავებულია "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით.

ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო ბროშურებთან ერთად ბავშვები მიიღებენ სიურპრიზს მსოფლიო დაზოგვის დღის ქართული სიმბოლოს, ჭიანჭველა გროვიასგან - ნიღაბს, სანიტაიზერსა და ჩანთას.

აღნიშნული კამპანიის მიზანია, ასეულობით პატარას გააცნოს დაზოგვის მნიშვნელობა და მათს აღქმაში ეს დღე სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო მოგონებასთანაც დააკავშიროს.