ეროვნული ბანკის ინიციატივით, წელს უკვე მესამედ საქართველოს საფინანსო სექტორი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერში აღინიშნება. წელს კამპანიის სლოგანი იყო - „დაფიქრდი, სანამ გახსნი“, #იყავიჰაკერზეჭკვიანი.
ტექნოლოგიების განვითარება სწრაფსა და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას, თუმცა შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით შეიძლება. მსგავსი საინფორმაციო კამპანიების იდეაც სწორედ ამ მიზანს პასუხობს.
წლევანდელ საინფორმაციო კამპანიაში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინედუსთან ერთად ჩაერთნენ: საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, პროკრედიტ ბანკი, რებანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“.
2023 წლის საინფორმაციო კამპანია ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა სოციალური ინჟინერია და კიბერკრიმინალებისგან თავდაცვისთვის საჭირო მექანიზმები. ფინედუს სოციალურ არხებში მომხმარებელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- რა არის სოციალური ინჟინერია;
- რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი და უნიკალური პაროლების გამოყენება;
- რა არის მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია (MFA) და რა სარგებელი მოაქვს მას;
- როგორ ამოვიცნოთ ფიშინგი;
- პერსონალურ გარიგებებთან დაკავშირებული თაღლითობები;
- კიბერჰიგიენა ბიზნესებისთვის;
- კარიერა კიბერუსაფრთხოებაში.
კამპანიის ფარგლებში ფინედუმ ბაზისბანკთან, თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკთან ერთად კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების თემებზე საინფორმაციო ვიდეოები შეიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ფინანსურად განათლებული ადამიანების არსებითი კომპეტენციების ჩამონათვალს განეკუთვნები. ამიტომ ამ მიზნით ფინედუ პარტნიორებთან ერთად მომავალშიც არაერთ აქტივობას განახორციელებს.