კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ინოვაციების ბანაკი მეწარმეების ფინანსური განათლების თემაზე

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს. 

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, 5 კომერციული ბანკის - ბაზისბანკის, თიბისი ბანკის, კრედო ბანკის, საქართველოს ბანკის, ტერაბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სის თანადაფინანსებითა და საქართველოს საბანკო ასოციაციის ჩართულობით ჩატარდა.

ინოვაციების ბანაკი მეხუთე წელია, რაც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-18 წლის 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ბანაკის მონაწილეებს კონსულტაცია გაუწიეს საბანკო-საფინანსო სფეროს მოწვეულმა ექსპერტებმა. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა კი ახალგაზრდებს  ფინანსური განათლების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერება

ბანაკის მონაწილეების ამოცანა იყო მეწარმეებისთვის ისეთი ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოფიქრება, რომელიც ხელს შეუწყობდა მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას, ბიზნესის ფინანსების სწორად დაგეგმვასა და მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტების გამოყენებას. ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა გუნდმა პროექტით - enhance. 

ღონისძიების გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ.

"მოხარული ვართ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტთან ერთად, ტრადიციულად, წელსაც შევძელით ჩაგვეტარებინა ინოვაციების ბანაკი, რომელიც პრაქტიკული და სახალისო საშუალებაა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დასაინტერესებლად. ვფიქრობ, ამ ღონისძიების შედეგად, ახალგაზრდები არა მხოლოდ გუნდური მუშაობის, იდეების განვითარებისა და გამოწვევების გადაჭრის უნარებს შეიძენენ, არამედ ფინანსური განათლების საკითხების ირგვლივ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

ღონისძიების ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.