ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული (GMW) 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად. გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ბოლო წლებში ღონისძიების საერთაშორისო ორგანიზატორია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია (OECD).
წელს კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალთან - finedu.gov.ge-სთან ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. წლევანდელი კვირეულის დევიზია - შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს! (Build your future, be smart about money!)
28 იანვარსა და 3 თებერვალს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს წარმომადგენლები დაესწრნენ საერთაშორისო შეხვედრებს, რომლებიც დაინტერესებული ქვეყნებისათვის OECD-ს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრების მიზანი იყო ქვეყნების მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, პანდემიის დროს არსებული გამოწვევების განხილვა და შესაბამისად, მათთან აქტივობების ადაპტირება. პირველი შეხვედრის ძირითადი თემა იყო მასწავლებლების ჩართულობა და მხარდაჭერა GMW-ის აქტივობებში. ბელგიის, ინდოეთისა და მალაიზიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს მათ მიერ წინა წლებში განხორციელებული აქტივობები, მეთოდები და მიდგომები. მეორე შეხვედრის თემა იყო GMW-ის აქტივობების მონიტორინგი და მათი წარმატების გაზომვის მეთოდები, სადაც უკვე ბრაზილიამ, უნგრეთმა და პორტუგალიამ გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება.
ფინედუ ტრადიციულად ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ პრაქტიკებსა და მიდგომებს და ტრადიციული ენთუზიაზმით და, რაც მთავარია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს 2022 წლის გლობალური ფულის კვირეულისთვის მზადებას და მომხმარებლებს არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს.