კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფულის გლობალური კვირეული 2025 დაიწყო

GMW
დღეს, 17 მარტს,  "ფულის გლობალური კვირეული 2025" დაიწყო. საერთაშორისო კამპანია, რომელიც 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველო ამ ინიციატივაში 2014 წლიდან მონაწილეობს. ღონისძიება სლოგანით "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე" ტარდება და მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოში კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც კამპანიას ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში და საკუთარი პლატფორმის, www.finedu.gov.ge (ფინედუს), საშუალებით ახორციელებს. კამპანიაში ჩართულნი არიან საქართველოს საბანკო ასოციაცია, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, კრედო ბანკი, მიკრობანკი ემბისი და ეროვნული სასახლე.

ფულის გლობალური კვირეულის 2025 წლის მთავარი თემა ფულის გონივრული მართვაა, ხოლო წლევანდელი დევიზია: "დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად" (Think before you follow, Wise money tomorrow).

კამპანიის ფარგლებში საქართველოში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. ფინედუსთან ერთად განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი კი ასეთია:

ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ყველასთვის საყვარელი და მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში წელსაც გაიმართება. 17 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, ღია გაკვეთილები საქართველოს სხვადასხვა სკოლებში, მათ შორის რეგიონებშიც ჩატარდება, სადაც III-XII კლასის მოსწავლეები ფინანსური განათლების მნიშვნელოვან საკითხებს ინტერაქტიული ფორმატით გაეცნობიან.

ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა, მონაწილეობას იღებენ თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, კრედო ბანკი და მიკრობანკი ემბისი, რომელთა თანამშრომლები სკოლებს ფინედუს დესპანის სტატუსით ეწვევიან. III-VI კლასის მოსწავლეებს განახლებული, ინტერაქტიული პრეზენტაციები ელოდებათ. VII-XII კლასის მოსწავლეები კი პრეზენტაციის გარდა, სპეციალურ სამაგიდე თამაშს სახელწოდებით „ფინანსური ასოციაციობანა“ ითამაშებენ, რაც მათ ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებს და ფულის მართვის მნიშვნელობას გაააზრებინებს.

ნახატების კონკურსი "ლარი 30 წლისაა"

18 მარტს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება ნახატების ღია კონკურსი   "ლარი 30 წლისაა". კონკურსის მიზანი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესება, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისება და ამავდროულად, ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის შესრულების აღნიშვნაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ამისათვის მათ ევალებათ, სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში, შექმნან 30 ლარის ნომინალის ბანკნოტის ნახატი. კონკურსის პარტნიორები არიან: ბაზისბანკი, ტერაბანკი, კრედო ბანკი და საქართველოს საბანკო ასოციაცია. 

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში ფინედუს სოციალურ არხებში სხვადასხვა თემატური და სასარგებლო პოსტები გაზიარდება.