24 სექტემბრიდან ფინედუზე ახალი რუბრიკა, „Finოსოფიური დღიურები“ აიღებს სტარტს. პირდაპირი (Live) ჩართვების სერია ფინედუს ფეისბუქგვერდზე დაიწყება და მსმენელს დღიურივით პატარ-პატარა ამბებს მოუთხრობს, იმავდროულად კი ფინანსების სიბრძნეს გააცნობს ("სოფია" ბერძნულ ენაზე "სიბრძნე"-ს ნიშნავს). თითოეულ ჩართვას ერთი სპიკერი ეყოლება, რომელიც ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით არასტანდარტული, ორიგინალური და საინტერესო კუთხით ისაუბრებს.
პროექტის მიზანია, ადამიანებს განსხვავებული, საინტერესო კუთხით დაანახოს ესა თუ ის ფინანსური საკითხი, შედარებით რთული საკითხები მიაწოდოს მსუბუქად, ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში ფინანსების მიმართ გონივრული დამოკიდებულებების ფორმირებას, მათ შორის, იმას, რომ ფინანსურ საკითხები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მასზე ფიქრი, მჯელობა და განხილვა საინტერესო და საჭიროა.
პროექტის სამიზნე აუდიტორია იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური საკითხების სხვადასხვა ჭრილში განხილვა, ეძებენ სიახლეებსა და ორიგინალურ იდეებს.
რუბრიკის მოსმენას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ რეჟიმში. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები ფეისბუქლაივის კომენტარებში და მიიღონ პასუხები სპიკერისგან.
რუბრიკა, ძირითადად, გავა 2 კვირაში ერთხელ, პარასკევობით. დაიწყება 13:00 საათზე და 30 წუთი გაგრძელდება, საიდანაც 15 წუთი ისაუბრებს სპიკერი, ხოლო დანარჩენი დრო მომხმარებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხს დაეთმობა.
Finოსოფიური დღიურების პირველი თემა 24 სექტემბერს იგეგმება თემით: „როდის ვყრით ფულს?“. ლაივის სპიკერი იქნება თიბისი ბანკის ბრენდის ანალიტიკის ლიდერი, საშა მაყაშვილი.
პირველი ღონისძიების ბმული და დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ - https://www.facebook.com/events/1272238676562948/?ref=newsfeed
ჩატარებული ლაივების ჩანაწერები მოგვიანებით განთავსდება როგორც ფინედუს Facebook გვერდსა და Youtube არხზე, ასევე, ჩვენს ვიდეოგალერეაში.