ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად არაერთი ადამიანი ემიგრაციის გზას ირჩევს. ცხოვრების ეს ახალი ეტაპი მრავალ გამოწვევას უკავშირდება, მათთან გამკლავება კი ფინანსური განათლების საჭიროებას კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამიტომ ემიგრანტთა სეგმენტისთვის ფინანსური განათლების ღონისძიებების განხორციელება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური გავრცელების არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს „თიბისი ბანკთან“, სს „ბაზისბანკთან“, სს „ემბისისთან“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს, სახელწოდებით „ჩემი გზა ემიგრაციაში”.
კონკურსის ფარგლებში ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ შეიქმნება ტექსტური და ვიდეო მასალა, რომელთა საშუალებით ავტორები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიზნობრივ აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.
საკონკუსო ნამუშევრების მიღება 19 ივლისიდან დაიწყება და 30 სექტემბერამდე გაგრძელდება.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2024 წლის 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 6 (ექვსი) გამარჯვებული და მათთვის დაწესებულია შემდეგი პრიზი:
- კატეგორია „ბლოგი“:
- I ადგილი - 2000 (ორი ათასი) ლარი.
- II ადგილი - 1000 (ათასი) ლარი.
- III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი.
- კატეგორია „ვიდეო“:
- I ადგილი - 2000 (ორი ათასი) ლარი.
- II ადგილი - 1000 (ათასი) ლარი.
- III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი.
კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ.