კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების პორტალი უკვე ხელმისაწვდომია

პირველი ქართული ფინანსური განათლების ვებპორტალი - www.FinEdu.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია!

  FinEdu - ეს არის რეკლამისა და სხვა კომერციული მიზნებისგან თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს მოიძიოს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ. გაიგეთ მეტი FinEdu-ს მისიასა და ჩვენს გუნდზე.

დაგვეთანხმებით, დღესდღეობით ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, რასაც, ხშირ შემთხვევებში, ფინანსური ბაზრის მოთამაშეების მხრიდან აქტიური და თავბრუდამხვევი მარკეტინგიც ემატება. რიგითი მომხმარებლისათვის კი, რომელიც ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ეძებს, ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში ამ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია, რადგან ის გაფანტული და/ან ფრაგმენტულია. ასევე, სანდო ინფორმაციის  ყალბისგან გარჩევაც საკმაოდ პრობლემატურია. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ობიექტური, მოქმედი კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, უტყუარი და ყველა მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული სხვადასხვა ტიპის რესურსი. 

ჩვენი სლოგანია - "FinEdu - ჩემი ფინანსური მეგზური" და გვაქვს ამბიცია და სურვილი, ვებგვერდი თქვენი ფინანსური მიზნებისკენ, და, შესაბამისად, პირადი თუ ოჯახის ფინანსური სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე თითოეული თქვენგანის სანდო, კომპეტენტური და ობიექტური მეგზური გახდეს. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობისა და სტაბილურობის ასაშენებლად თითოეული თქვენგანის პირადი და ოჯახური კეთილდღეობა საჭირო და აუცილებელია.

რა ტიპის ინფორმაციას/მასალებს ნახავთ ჩვენთან? 

ვებგვერდი რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • ძირითად კატეგორიებში წარმოდგენილია საბაზისო ინფორმაციები ფინანსური განათლების ისეთი ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა პირადი ფინანსების მართვა, დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოება, მომხმარებელთა უფლებები, მეწარმეთათვის საჭირო საკითხები, ინვესტირება და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციისას გასათვალისწინებელი საკითხები;
  • ტესტები საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
  • კალკულატორები, რომლებსაც ვებგვერდზე ნახავთ, ამ სახით სხვაგან შესაძლოა არც კი შეგხვდეთ. მათი საშუალებით შეძლებთ თავად დათვალოთ სესხზე გადასახადი და ანაბარზე მისაღები სარგებელი, შეადგინოთ პირადი/საოჯახო ბიუჯეტი, გამოითვალოთ სხვადასხვა სახის ინვესტიციებთან დაკავშირებული ფინანსური შედეგები, დაითვალოთ სესხისა და დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე წარმოდგენილი კალკულატორების მეშვეობით გამოთვლილი შედეგები და კონკრეტულ ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებში ასახული მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რამდენადაც ეს უკანასკნელი ითვალისწინებს დღეების ზუსტ რაოდენობასა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაშვებებსა თუ პირობებს. ამდენად, კალკულატორებით მიღებული შედეგები საორიენტაციოა, თუმცა სხვადასხვა ალტერნატივის ერთმანეთთან შესადარებლად, ვფიქრობთ, უსათუოდ გამოგადგებათ;
  • პუბლიკაციები - აქ თავმოყრილია სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასალა ფინანსური განათლების თემებზე, ასევე, ტრენინგების გზამკვლევები და სხვა დამხმარე მასალა;
  • ბლოგები -  აქ ფინანსური განათლებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის პირადი ნააზრევი შეიძლება განთავსდეს. ამ გზით შეგიძლიათ ცოდნის გავრცელებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ, მოხარული ვიქნებით ამისთვის ჩვენი პლატფორმა დაგითმოთ. გაეცანით პირობებს, რომლის გათვალისწინებითაც ბლოგების მენიუში თემების ატვირთვაა შესაძლებელი;
  • ღონისძიებები -  ამ ბლოკში თავმოყრილია სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი მასალა, მათ შორის, მედია მასალები. თუ თქვენ მონაწილეობა მიგიღიათ ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ ამა თუ იმ ღონისძიებაში, იქნებ იქ თქვენი თავიც აღმოაჩინოთ;
  • გამოკითხვები  ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე თქვენი მოსაზრებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში და, შედეგად, თქვენზე მეტად მორგებული კონტენტის შექმნაში დაგვეხმარება.

ზემოაღნიშნულის გარდა ჩვენს ვებგვერდზე თქვენთვის საინტერესო სხვა უამრავ მასალასაც აუცილებლად აღმოაჩენთ. 

დაუმეგობრდით FinEdu-ს და ის თქვენი ფინანსური თანამგზავრი გახდება!

გამოიწერეთ თქვენთვის საინტერესო სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ახალი სტატიის, ბლოგისა თუ ტესტის შესახებ პირად ელექტრონულ ფოსტაზე.

გამოგვყევით FinEdu-ს Facebook გვერდზე და თვალყური ადევნეთ საინტერესო სიახლეებს. 

თუ უკვე იყავით ჩვენ ვებგვერდზე, მაშინ თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვისაც FinEdu-სთან დამეგობრებისა და მისი მეგზურობის შესაძლებლობა მიეცა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდი სულ ახლახანს გაეშვა. ხარვეზების აღმოჩენის  შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შესაბამისი ინფორმაცია კონტაქტების გვერდიდან ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@finedu.gov.ge.
თქვენი დახმარებით ფინანსური განათლებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული კომფორტული სივრცის სრულყოფა უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნება, თქვენ კი - ამ დიდი პროექტის მონაწილე გახდებით.

 

იმედს ვიტოვებთ, სამომავლოდ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთად, მეტი ცოდნით, უკეთესი მომავლისაკენ ვიმოგზაურებთ! 

 

პატივისცემით, 

 

„FinEdu“-ს გუნდი