კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო მასწავლებლებისთვის - ფინალური ღონისძიება

11 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით  "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" ფინალური ღონისძიება გაიმართება. 

ყოველწლიურ კონკურსს - "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო"  - 2025 წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი. წელს კონკურსის პირველი გამარჯვებული გამოვლინდება  - ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების განვითარებასა და ფინანსური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. 

საკონკურსო განაცხადებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაშიც არიან ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, განათლების სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე. კონფერენცია გააერთიანებს მასწავლებლებს, განათლების, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და ხელს შეუწყობს სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ჩაერთვებიან ორგანიზაციები კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორიდან, ასევე, ფინალისტი და სხვა დაინტერესებული მასწავლებლები. გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ ფინანსური განათლების ეროვნულ ხედვაზე, ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და რესურსებზე და მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში საფინანსო სექტორის როლზე.

მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მიდგომების, საგანმანათლებლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ღონისძიება დასრულდება პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო შეხვედრებით (ე.წ. ვორქშოფებით). კონფერენციის დამსწრე 100-მდე მასწავლებელი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში იმუშავებს ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლების, სხვადასხვა საგანში ინტეგრირების, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ციფრული ფინანსური უნარების განვითარების იდეებზე.