კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლება ემიგრანტებისა და მათი ოჯახებისთვის

„როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად“ - ამ თემაზე პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები მოისმინეს ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ტრენინგზე, რომელიც ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებით 21 ნოემბერს გაიმართა. ტრენინგის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ბანკი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ტრენინგის მიზანი იყო ემიგრანტებისა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ოჯახების ინფორმირება ამ ტიპის შემოსავლებთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ და მათი მხარდაჭერა პრაქტიკული რეკომენდაციებით. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, შემოსავლების სწორად მართვა, ფინანსური დამოუკიდებლობა, ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, საბანკო პროდუქტები, ფულადი გზავნილები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ფინანსური განათლების სტრატეგიაში ცალკე მიზნობრივ სეგმენტად განისაზღვრნენ ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც ფინედუ მომავალშიც მხარდამჭერ აქტივობებს კიდევ უფრო გააფართოვებს.