კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულმა ბანკმა ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებისათვის საჯარო პანელი დააორგანიზა

ფულის გლობალური კვირეული
20 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკმა ბანკმა, მის მიერ დაარსებულ ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუსთან“ და საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანაორგანიზატორობით ალტე უნივერსიტეტში ახალგაზრდა თაობისათვის საჯარო პანელი ჩაატარა თემაზე „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“.

პანელური ღონისძიება ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საბანკო ასოციაციის, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროკრედიტ ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კიბერსაფრთხეები სტუდენტებისათვის, პერსონალური მონაცემების დაცვა, ონლაინ ბანკინგისა თუ სოციალური მედიით სარგებლობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, კარიერული შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სექტორში, პირადი ფინანსების დაგეგმვა, ადრეული ასაკიდანვე საპენსიო ასაკისთვის მზადების მნიშვნელობა, დაზღვევა და კიბერდაზღვევა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები სფეროს პროფესიონალებისაგან, ასევე, ჩართულიყვნენ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოეგოთ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები. 

პანელი გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, თეიმურაზ ხომერიკმა. მან ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და ამ საქმეში ეროვნული ბანკის როლზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ მაქვს საშუალება მოგესალმოთ და გამოვთქვა სიხარული, რომ ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად ეს საჯარო პანელიც იმართება და გვეძლევა საშუალება ჩვენს სტუდენტებს ვესაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც ნებისმიერი სპეციალობისა და ნებისმიერი პროფესიული მიზნების მქონე ადამიანისთვის იქნება აქტუალური, სასარგებლო და მნიშვნელოვანი, რადგან ფული არის თემა, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მასთან დაკავშირებული ცოდნაც უკვე ისეთი ცხოვრებისეული კომპეტენციაა, რომელიც ყველას სჭირდება,“ - აღნიშნა მან საკუთარ გამოსვლაში.

ფულის გლობალური კვირეული ცნობიერების ასამაღლებელ ამ საერთაშორისო ღონისძიებაა და მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღინიშნება. კამპანიის სლოგანია „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.“ და მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას.

წლევანდელი კვირეული 18-24 მარტს ხორციელდება და მისი მთავარი თემა ფინანსური უსაფრთხოებაა. წლევანდელი კამპანიის დევიზა- "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი" (Protect your money, secure your future). კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და 20-მდე ორგანიზაციის ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.