„მსოფლიო დაზოგვის დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება. დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.
2020 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალის „ფინედუ“-ს (www.finedu.gov.ge) და გერმანელი შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით ხორციელდება.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წლევანდელი ღონისძიებები მხოლოდ დისტანციურ არხებს მოიცავს. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.facebook.com/finedu.gov.ge-ზე გამოაქვეყნებს სპეციალურ ფორმას, რომელიც 7-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო მასალის მიღების მსურველებს დაარეგისტრირებს. ამ გზით 500 დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, სასურველ მისამართზე, ფოსტით მიიღოს მასალები დაზოგვისა და ფინანსური განათლების თემებთან დაკავშირებით.
კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასევე, დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსის ორგანიზება. კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ჩართული იქნება 7 კომერციული ბანკიც, კერძოდ, სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, სს „კრედო ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ფინკა ბანკი საქართველო“, სს „ტერაბანკი“. კონკურსის გამარჯვებულები ჟიურის წევრ ბანკებში 500 ლარიანი ზრდადი ანაბრებით დასაჩუქრდებიან.
ზემოაღნიშნული კომერციული ბანკები სხვადასხვა სახის აქტივობებს დამოუკიდებლადაც განახორციელებენ, მათ შორის, ბანკის ფილიალებში არსებულ ეკრანებზე გაუშვებენ საინფორმაციო ვიდეორგოლს დაზოგვის მსოფლიო დღის ქართული სიმბოლოს „გროვიას“ მონაწილეობით. ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე, მედიაში გავრცელდება ინფორმაცია დაზოგვის დღისა და დაგეგმილი კონკურსის შესახებ.
1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.