საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი, მე-8 სხდომა გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უძღვებოდა.
სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ წევრ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების მნიშვნელობას როგორც ქვეყნის, ისე ცალკეული ორგანიზაციების ფინანსური სტაბილურობისათვის და ისაუბრა ამ მიმართულებით ერთობლივი ჩართულობისა და დაინტერესებული მხარეების რაოდენობის მნიშვნელობაზე.
სხდომაზე ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა ფინანსური განათლების მიმართულებით ერთობლივად განხორციელებული აქტივობების 2023 წლის შედეგები შეაჯამა.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება დაამტკიცეს და ისაუბრეს 2024 წლის გეგმებზე, პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კერძო კომერციული სექტორებიდან. ასევე, არაწევრი დაინტერესებული პირები კომერციული ბანკებიდან.
კომიტეტის წევრების მიერ შეთანხმებული პრიორიტეტებისა და ორიენტირების შესაბამისად, 2024 წლის აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სამუშაო პროცესი ეროვნული ბანკის ორგანიზებით უკვე მუშა ჯგუფებში გაგრძელდება და კომიტეტის შემადგენლობაც ახალი, 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახლდება.
ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პირველი ვერსია 2016 წელს დაამტკიცა, ხოლო 2023 წელს საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების ფონზე ამ დოკუმენტის განახლებული ვერსიაც მიიღო. აღნიშნული დოკუმენტი ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვის, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელებისა და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის გზით. სტრატეგიის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩამოყალიბდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაინტერესებული მხარეები სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებიდან. აღნიშნული კომიტეტი მინიმუმ წელიწადში ერთხელ იკრიბება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან დაკავშირებული მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და მისი მხარდაჭერის მიზნით.