ღონისძიებას, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი პროექტებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების, მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძისა და OECD-ის მომხმარებელთა უფლებების, ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელმძღვანელის მაილს ლარბის შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და OECD-ის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც მაილს ლარბიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა კონტრიბუცია სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური განათლების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. „ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბევრ ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჩნდება ახალი გამოწვევებიც. ამდენად, OECD-ის პროგრამის გაგრძელება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა. თანაორგანიზატორი სომხეთის ცენტრალური ბანკი იყო.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი“ (OECD/INFE) 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 130-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე საჯარო ორგანიზაციას აერთიანებს.