კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი სტუდენტებისთვის - „მარეგულირებლის დილემა“

1. კონკურსის იდეა და მიზანი

ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და საფინანსო ინტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ-ს" ორგანიზებით (შემდგომში - „ორგანიზატორი“), ასევე, სს „კრედო ბანკი-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232238) მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი სახელწოდებით - „მარეგულირებლის დილემა“ (შემდგომში - „კონკურსი").

კონკურსის მიზნებია:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • სტუდენტებში ეროვნული, ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება;
  • სტუდენტებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება.

კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებს (შემდგომში - „კონკურსანტი გუნდი“) წინასწარ დაეგზავნებათ ეროვნული, ცენტრალური  ბანკის საქმიანობიდან რომელიმე აქტუალური დილემა, კონკურსანტმა გუნდმა უნდა მოამზადოს საკონკურსო ნაშრომი, რომელიც მოიცავს დილემის ანალიზს, რეკომენდაციებსა და სავარაუდო შედეგების განსაზღვრას. საკონკურსო ნაშრომი უნდა წარედგინოს ჟიურს. 

2. კონკურსის ძირითადი თარიღები

2.1 კონკურსის სახელწოდება: „მარეგულირებლის დილემა“;

2.2 კონკურსის გამოცხადებისთარიღი: 09 ოქტომბერი, 2026 წელი; 

2.3 კონკურსანტი გუნდების სარეგისტრაციო პერიოდი: 19-25 ოქტომბერი, 2026 წელი;

2.4 კონკურსის პირველი რაუნდი: 16-17 ნოემბერი, 2026 წელი;

2.5 ფინალური რაუნდი:  07 დეკემბერი, 2026 წელი;

2.6 გამარჯვებული კონკურსანტი გუნდების გამოვლენის თარიღი: 07 დეკემბერი, 2026 წელი.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 3-6 პერსონიან გუნდს, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები;

3.2. კონკურსანტ გუნდში მონაწილე ყველა პერსონა უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; 

3.3. კონკურსანტი გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კურსისა და მიმართულების (ფაკულტეტი; სკოლა) სტუდენტები.

4. მოთხოვნები საკონკურსო ნაშრომის მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით

4.1 კონკურსანტ გუნდს ევალება:

4.1.1 მოამზადოს და ორგანიზატორს გაუგზავნოს საკონკურსო ნაშრომი წინასწარ მიწოდებულ დილემაზე და 

4.1.2 მომზადებული ნაშრომი ჟიურის წინაშე წარადგინოს.

4.2 საკონკურსო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

4.2.1 მომზადებულ იქნას საპრეზენტაციო ფაილის სახით ნებისმიერ, თუმცა, რეკომენდირებულია „MS PowerPoint-ის: ფაილის ფორმატით;

4.2.2 უნდა ასახავდეს კონკურსანტი გუნდების მიერ გაკეთებულ დილემის ანალიზსა და არგუმენტირებულად წარმოადგენდეს  შესაბამის მიგნებებს, რეკომენდაციებსა და შედეგებს; 

4.2.3 წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე საკონკურსო განაცხადის მე-5 მუხლში გათვალისიწნებული პირობებისა და ქვემოთ მოცემული ვადების დაცვით: 

  • პირველი რაუნდში მონაწილე საკონკურსო გუნდების მიერ - არაუგვიანეს 2026 წლის 12 ნოემბრის, 23:59 საათისა; 
  • ფინალური რაუნდის მონაწილე საკონკურსო გუნდების მიერ  - არაუგვიანეს 2026 წლის 03 დეკემბრის 23:59 საათისა.

4.3 კონკურსანტ გუნდს ევალება საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ჟიურის წინაშე. წარდგენა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • წარდგენის პროცესში  მონაწილეობა უნდა მიიღოს გუნდის ყველა წევრმა;
  • წარდგენის პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 15 (თხუთმეტი) წუთს. 

4.4 საკონკურსო ნაშრომის შინაარსი და წარდგენისას წარმოდგენილი მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

5. საკონკურსო ნაშრომის მოწოდების პირობები

5.1. საკონკურსო ნაშრომი მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ელექტრონული წერილის სათაურად (ე.წ. „Subject") უნდა მიუთითოს „კონკურსი - მარეგულირებლის დილემა“. ელექტრონული წერილის სათაურის მიუთითებლობის შემთხვევაში, ელექტრონული წერილის მიღება შეუძლებელი იქნება. ასევე, ელექტრონული წერილის ტექსტში უნდა მიეთითოს კონკურსანტი გუნდის სახელი და მის შემადგენლობაში არსებული წევრების ჩამონათვალი - თითოეულის სახელი და გვარი. 

5.2. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნაშრომი დიდი ზომის ფაილია, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაილების გასაზიარებელი სხვადასხვა პლატფორმა, მაგ.: „Wetransfer.com" ან „Google Drive" ან სხვა (ამ შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ გუნდის წევრების სახელი და გვარი გაგვიზიაროთ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და არ გადმოგვიგზავნოთ „Wetransfer.com" ან „Google Drive" ან სხვა საშუალებით);

5.3. საკონკურსო ნაშრომის გამოგზავნა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება ე.წ. „დომეინით" - "ru";

5.4. კონკურსანტი გუნდი არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა მიიღებს დასტურს საკონკურსო ნამუშევრის მიღებაზე, სხვა შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი მიღებულად არ ჩაითვლება. ამასთან, აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ საკონკურსო ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა კონკურსის პირობებთან.

6. კონკურსის ჩატარების ეტაპები

6.1 კონკურსი შედგება 3 (სამი) ეტაპისგან: რეგისტრაცია, პირველი რაუნდი და ფინალური რაუნდი; 

6.2 რეგისტრაციის ეტაპი:

6.2.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 19 ოქტომბრის 11:00 საათიდან. 

6.2.2 პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღებას შეძლებს 20 ( ოცი) საკონკურსო გუნდი, რომელიც შეირჩევა სარეგისტრაციო სიის თანმიმდევრობით.

6.3 პირველ რაუნდში: 

6.3.1 კონკურსანტ გუნდებს გაეგზავნებათ დავალება 2026 წლის 27 ოქტომბერს;

6.3.2 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ საკონკურსო ნაშრომებს არაუგვიანეს 2026 წლის 12 ნოემბრისა;

6.3.3 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ საკუთარ საკონკურსო ნაშრომს ჟიურის წინაშე და უპასუხებს ჟიურის წევრების  შეკითხვებს, გუნდის წევრებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ ვინ უპასუხებს შეკითხვას;

6.3.4 პირველი რაუნდის შედეგების შესაბამისად, ფინალურ რაუნდში გადავა 5 (ხუთი) გუნდი.

6.4 ფინალური რაუნდში:

6.4.1 კონკურსანტ გუნდებს ახალი დავალება გაეგზავნებათ 2026 წლის 19 ნოემბერს; 

6.4.2 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ ფინალისთვის განკუთვნილ მეორე საკონკურს ნაშრომს არაუგვიანეს 2026 წლის 03 დეკემბრისა;

6.4.3 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ საკუთარ საკონკურსო ნაშრომს ჟიურის წინაშე და უპასუხებენ ჟიურის წევრების შეკითხვებს;

6.4.4 საბოლოოდ გამოვლინდება 3 (სამი) გამარჯვებული გუნდი.

6.5 დამატებითი საკითხები:

6.5.1 თითოეული რაუნდის ჩატარების ადგილმდებარეობა კონკურსში მონაწილე საკონკურსო გუნდებს ეცნობებათ ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) დღით ადრე;

6.5.2 ფინალისტი საკონკურსო გუნდებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია პირველი რაუნდის მონაწილეებსაც;

6.5.3 საინფორმაციო შეხვედრის დღესვე მოხდება ფინალური რაუნდის მონაწილე საკონკურსე გუნდების ფოტოგადაღება;

6.5.4 იმ შემთხვევაში თუ საკონკურსე გუნდის რომელიმე წევრი ვერ ახერხებს არ აცხადებს თანხმობას გუნდური ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით, მაშინ, ფოტოგადაღება განხორციელდება და კონკურსის საინფორმაციო არხებში გამოქვეყნდება გუნდის ფოტო არასრული შემადგენლობით;

6.5.5 საკონკურსო გუნდების ფოტო გამოქვეყნდება „ფინედუ-სა“ და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ვებგვერდებზე.

6.6 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა ათზე ნაკლები  საკონკურსო ნაშრომი, კონკურსის ორგანიზატორიიტოვებენ უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილონ და დაადგინონ გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების განსხვავებული წესი.

7. გამარჯვებული გუნდების გამოვლენის პირობები

7.1 კონკურსის ორივე რაუნდში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჟიურის შეფასების შედეგად; 

7.2 ჟიური კონკურსანტ გუნდებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • კონკურსანტ გუნდს კარგად ესმის დილემა და გათვალისწინებული აქვს დავალების ყველა შეკითხვა; 
  • კონკურსანტი გუნდის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები პასუხობს დილემის მოგვარების გზებს და განხორციელებადია;
  • კონკურსანტი გუნდი ამომწურავად პასუხობს ჟიურის შეკითხვებს;
  • კონკურსანტ გუნდს კარგად ესმის ეროვნული, ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
  • საკონკურსო ნაშრომი შეესაბამება მსჯელობას და მოყვანილი წყაროები სანდოა;
  • საკონკურსო ნაშრომის წარდგენაში ჩართულია გუნდის ყველა წევრი.

7.3 კონკურსის ჟიურში წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა თემატური სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. ჟიურის წევრთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 3 (სამი). 

8. კონკურსის პრიზები

8.1 კონკურსის 3 (სამი) გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ქვემოთ მოცემული პრიზებით:

I ადგილი - 4 000 (ოთხი ათასი) ლარიანი ფულადი პრიზი;

II ადგილი - 2 000 (ორი ათასი) ლარიანი ფულადი პრიზი;

III ადგილი - 1 500 (ერთი ათასი და ხუთასი) ლარიანი ფულადი პრიზი.

კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრიზით დააჯილდოვებს სს "კრედო ბანკი". 

8.2 კონკურსანტი გუნდის წევრებისთვის ფულადი პრიზის გადაცემის წესი - თანხა ნაწილდება თანაბრად გუნდის წევრებზე და თანხის ჩარიცხვაც მოხდება შესაბამისად. 

9. საავტორო უფლებები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები:

9.1 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნაშრომის ავტორი ნაშრომზე საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუ“-ს. მიღებული საკონკურსო ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, „ფინედუ-სა" და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდსა და შესაბამის სოციალურ არხებში ავტორის ვინაობის მითითებით. ამასთან, ნაშრომების ვებ-გვერდიდან/სოციალური არხებიდან წაშლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და „ფინედუ-ს" გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს;

9.2 კონკურსის ფარგლებში საკონკურსო ნამუშევრებით წარმოდგენილი პროექტები  შესაძლოა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და „ფინედუ-ს" გუნდის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ;

9.3 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისების, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიციირების, საგანმანათლებლო მასალების შექმნის, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გადაცემისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით , რომლის საფუძველია კონკურსანტის მომართვის განხილვა  და მისი ლეგიტიმური ინტერესი, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას;

9.4 დაინტერესებული პირის მიერ კონკურსით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების წარდგენის გარეშე, დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო, გამარჯვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის (საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა)  ასევე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი პრიზის მიღებას;

9.5 ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობით, ასევე, მისი დასრულებიდან 1 წლის  ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების „Facebook“-ის გვერდზე გასაჯაროებული პერსონალური მონაცემები (კერძოდ, გამარჯვებული გუნდების წევრთა სახელები და გვარები) დამუშავდება „Facebook“-ის ოფიციალური გვერდის არსებობის ვადით,  წინამდებარე განაცხადის 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი, - ამავე პუნქტში მითითებული ელექტრონული პლატფორმების არსებობის ვადით. ამასთან, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა წინამდებარე განაცხადის 8.1 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება. რაც შეეხება შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერს - იგი, წინამდებარე განაცხადის 1-ელ პუნქტში მითითებული ორგანიზაციის მიერ, დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით; 

9.6 გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი), პრიზების გადაცემის მიზნით გაეგზავნება  წინამდებარე განაცხადის 1-ელ პუნქტში მითითებულ კრედო ბანკსორგანიზაციას. ხოლო, საბანკო ანგარიშის ნომერს, უშუალოდ მითითებული ორგანიზაცია გამოითხოვს გამარჯვებული გუნდისგან;

9.7 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს  პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება;

9.8 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - (რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva ), ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში -  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“  ან საქართველოს საერთო სასამართლოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საკონტაქტო ინფორმაცია 

მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;

ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 

ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;

ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;

„Facebook-ის" გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.