მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება 30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა, რომელიც ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა გახსნა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა და არის იმის შეხსენება, რომ ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება. დიახ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დაზოგვის კულტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ჩვენს მომავალ თაობას, რაც შედეგს უსათუოდ გამოიღებს, რაც უმნიშვნელოვანესია ფინასური განთლებისათვის და გამორიცხავს შემდგომში ამ მიმართულებით პრობლემებს. სიმბოლურია რომ დღევანდელი ჩვენი ღონისძიების მთავარი გმირები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან. მათ დაზოგვის კულტურის თემაზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას წარუდგინეს. ჩვენგან კი მათ საკასო ცენტრის დათვალიერება და სამახსოვრო საჩუქრები დაიმსახურეს. და ბოლოს, გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით მომავალში საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და 5 ქართული კომერციული ბანკი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი და ფინკა ბანკი.
მსოფლიო დაზოგვის დღე მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის კარგი საშუალებაა. ეს დღე აამაღლებს ნდობას ფინანსური სექტორისადმი და მოუწოდებს ხალხს, დაზოგონ ფული ბანკებში.
შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს ,,დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები“ საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.