კობა გვენეტაძემ ახალგაზრდა თაობასთან ერთად ფინანსური განათლების თემებზე იმსჯელა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება, და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცოდნის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ბავშვები და ახალგაზრდები ერთვებიან ფინანსების, ბავშვთა უფლებებისა და მეწარმეობის საკითხების შესახებ საუბარში.
წლევანდელი კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე."
დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და ბრიტანულ-ქართული სკოლის უფროსკლასელებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა.
ახალგაზრდებმა საკაო ცენტრის დაათვალიერეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ფინანსური განათლებისა და ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს. ამას გარდა, მათ გადაეცათ სამახსოვრო პრიზები, მათ შორის, ეროვნული ბანკის ჩართულობით "ფინკა ბანკის" მიერ განვითარებული ბროშურა "გლობალური ფულის კვირეულის" შესახებ.
"გლობალური ფულის კვირეულის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და ამ განვითარებას საქართველოც უწყობს ფეხს. 2016 წელს, გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მასშტაბით 132 ქვეყნის 14 000–მდე ორგანიზაციამ აღნიშნა. სხვადასხვა სახის ღონისძიებაში, მთლიანობაში, შვიდ მილიონზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩაერთო. წელს საკმაოდ დატვირთული კვირეული გვაქვს რამდენადაც მონაწილეობას იღებს მეტი დაინტერესებული მხარე და ბავშვი.ნებისმიერი ის შეხვედრა, რომელიც ფინანსურ განათლებასთან არის დაკავშირებული ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ჩვენ გუშინ გვქონდა ფინანსური განათლების კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც განვიხილეთ პრიორიტეტული მიმართულებები. კომიტეტში ჩართულნი არიან საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის ის ინიციატივა, რომელმაც მომავალში აუცილებლად უნდა გაზარდოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყება ამ საკითხებზე საუბარი ვფიქრობ, ფინანსურად მით უფრო მეტად გათვითცნობიერებული მომხმარებლები იქნებიან საქართველოში და მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი. ეს ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად აისახება ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობაზე. გლობალური ფულის კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება, მე თავად ვარ ჩართული, რადგან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ღონისძიებებს. ვფიქრობ, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელებას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ეს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებშიც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარებისა და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის "გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ცერემონიალზეა მიწვეული. ღონისძიება, 3 მაისს, ბერლინში გაიმართება, სადაც ეროვნული ბანკი, სხვა ფინალისტებთან ერთად, 2017 წლის "რეგიონული პროექტის" ნომინაციაზეა წარდგენილი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი ბავშვებისთვის საინტერესო ფინანსურ და სამეწარმეო თემებზე. ასევე, საუკეთესო ნაშრომების შედარებით მცირეწლოვან ავტორებს საქართველოს ეროვნული ბანკი 1 აპრილს ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ლექციას ეროვნული ბანკის ისტორიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების საქმიანობის, ფულის ისტორიისა და გლობალური ფულის კვირეულის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები ეწვევიან ტექნოპარკს, სადაც მოისმენენ ლექციას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ, და გაეცნობიან სტარტაპების საქმიანობას, საქართველოს ეროვნული ბანკი კი ეწვევა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბავშვო კლუბს – BTU Kids - სადაც ბავშვებს ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდებათ ბიუჯეტირების, საბანკო ტრანზაქციების ანალიზისა და დაზოგვის შესახებ.
წლევანდელი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, კომერციულმა ბანკებმა - "ფინკა ბანკმა", "საქართველოს ბანკმა" და "თიბისი ბანკმა" არაერთი სახალისო-შემეცნებითი პროექტი განახორციელეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ინკუბატორმა კი ბავშვებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა შესთავაზეს.