"გლობალური ფულის კვირეული" მსოფლიოს 160 - ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.
2019 წლის კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე".
26 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa - ს ორგანიზებით, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში "ფინანსური ფეხბურთის" სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ეთამაშათ, შეემოწმებინათ და გაეღრმავებინათ საკუთარი ფინანსური ცოდნა. "ფინანსური ფეხბურთი" სწრაფი და დინამიური თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. "ფინანსური ფეხბურთის" ქართულენოვანი თამაში და თანმდევი სასწავლო მოდულები Visa - მ და ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს განავითარეს. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სასახლის მოსწავლეებისთვის, ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ამავე დღეს, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ეროვნული ბანკის ჩართულობით, საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის სემინარი "როგორ ვმართოთ ფული და დავიწყოთ ინვესტირება" ჩაატარა. ამასთან, 31 მარტს "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ", აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში "მეწარმეობის" პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვა გამართა, სადაც პროგრამაში მონაწილე 25 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. დღის ბოლოს, ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო გუნდები გამოავლინა.
27 მარტს, წნორში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისათვის ფინანსური განათლების ინტერაქტიული სემინარი ჩაატარეს. მონაწილეები სახალისო ჯგუფურ თამაშებში ჩაერთნენ და პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, სესხების, მომხმარებელთა უფლებებისა და ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის გზების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა "ცოდნის კაფესა" და არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children - ის პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში შედგა. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა "ბაქსვუდის" სკოლის მოსწავლეებს საკასო ცენტრში უმასპინძლა. მოსწავლეებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და ფინანსური განათლების მნიშვნელობისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ საინტერესო დისკუსიაში ჩაერთნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრმა ახალგაზრდებისთვის საბანკო პროდუქტების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ფინანსური პროდუქტების, შემოსავლის რაციონალურად მართვისა და დაზოგვის შესახებ იმსჯელეს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ კი 25 მარტს ორგანიზაცია Aflatoun International-ის ინიციატივით ჩამოყალიბებული და ფინანსური განათლებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური, საერთაშორისო "აფლატუნის დღე" (Aflatoun Day) აღნიშნა.
"გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. ვინაიდან წელს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, "გლობალური ფულის კვირეულიც" განსაკუთრებული აქტიურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, რათა ახალგაზრდები პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და მეწარმეობის თემაზე დიალოგში ჩავრთოთ. მსურს, მადლობა გადავუხადო კვირეულში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის Visa - ს, რომელთან ერთადაც გასულ წელს ვიდეოთამაში "ფინანსური ფეხბურთი" შევიმუშავეთ, და ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერებით დაინტერესების მიზნით, არაერთ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებას ვახორციელებთ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.