კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში მერვედ აღინიშნა

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა. მისი აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცა და წელს უკვე მერვედ აღინიშნა. მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით დაიგეგმა. ამ თარიღისადმი მიძღვნილ აქტივობებს კვირეულის სახე ჰქონდა და თბილისსა და რეგიონებში 28 ოქტომბრიდან  3 ნოემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დაზოგვის დღისადმი  მიძღვნილი კამპანია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის თანამშრომლები,   როგორც დესპანები ფინანსური განათლების გავრცელებაში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. თანამშრომლებთან ერთად, დაზოგვის კვირეულში მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც მიიღო. კობა გვენეტაძე  თბილისის N11 საჯარო სკოლას ესტუმრა. მან პატარებს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციები გააცნო და სწორად დაზოგვის მნიშვნელობასა და ფულის ისტორიაზე ესაუბრა. ეროვნული ბანკის დესპანებმა გაკვეთილები IV-VI კლასების 450-მდე მოსწავლეს ჩაუტარეს.  

ღონისძიებაში ეროვნულ ბანკთან ერთად 7 ქართული კომერციული ბანკიც მონაწილეობდა: ფინკა ბანკი საქართველო, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, ბაზისბანკი, და ტერა ბანკი.  კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილე კომერციულმა ბანკებმა საკუთარ ფილიალებში,  ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე, ელექტრონული მედიის საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია მსოფლიო დაზოგვის დღისა და დაზოგვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს, კერძოდ: კრედო ბანკმა ზესტაფონში, ქუთაისში, მარტვილში, გურჯაანსა და გორის სერვისცენტრებში სახალისო და ინტერაქტიული პრეზენტაციები გამართა 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის ფულის დაზოგვის საკითხებთან დაკავშირებით; ლიბერთი ბანკმა ბათუმსა და ქუთაისში თავის ფილიალებში უმასპინძლა IV-V კლასის მოსწავლეებს და მიაწოდა ინფორმაცია დაზოგვის მნიშვნელობაზე, ასევე, ჩაატარა ხატვის კონკურსი დაგროვების თემასთან დაკავშირებით;  ბაზის ბანკმაც აქტივობები რეგიონებში ჩაატარა, კერძოდ, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში უმასპინძლა მოსწავლეებს და ჩაატარა ინტერაქტიული ლექციები დაზოგვის კვირეულის შესახებ; ფინკა ბანკმა აქტივობები განახორციელა საქართველოს 15 ქალაქში, კერძოდ: ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, საჩხერეში, ბოლნისში, ქუთაისში, საგარეჯოში,  ვარკეთილში, წნორში, კასპში, სამტრედიაში, ამბროლაურში, დიდუბესა და გორში. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ 450-მდე ბავშვს ჩაუტარდა ექსკურსია ბანკის სერვისცენტრებში, გარდა ამისა, მათ მოისმინეს ინფორმაცია ფულის და დაზოგვის შესახებ, ბოლოს კი მიიღეს "პატარა ბანკირის" სერტიფიკატები; ტერაბანკმა კი საბავშვო დეპოზიტების წამახალისებელ კამპანია განახორციელა, კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, პირველ 100 მომხმარებელს, რომელიც მინიმუმ 500-ლარიან საბავშვო ანაბარს გახსნიდა, ტერაბანკისგან საჩუქრად დამატებით 100 ლარს მიიღებდა.  გარდა ამისა, ტერა ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ფილიალების ქსელის საშუალებით ახორციელებდა დაზოგვასთან დაკავშირებული სპეციალური საგანმანათლებლო ბროშურების გავრცელებას; საქართველოს ბანკმა საინფორმაციო კამპანია ამავე ბანკის საბავშვო პროდუქტის, sCool card-ის მომხმარებლებზე განახორციელა. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბანკმა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საინფორმაციო ტრენინგს ფინანსური განათლების თემებზე 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა, ბარათის დანარჩენ აქტიურ მომხმარებლებს კი საინფორმაციო მოკლე ტექსტურ შეტყობინებები გაუგზავნა დაზოგვის დღისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ; თიბისი ბანკმა აქტივობების გაშლა ონლაინ აქტივობებით გადაწყვიტა და კვირეულის ფარგლებში სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ ბლოგზე "ედუფინი", კვირეულის ფარგლებში კამპანია დაზოგვის თემებზე წარიმართა და 100,000 - მდე ონლაინ მომხმარებელს მიწვდა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს 6 ქალაქის 20 სკოლაში მოსწავლეები ჩაერთვნენ "დაზოგვის სამაგიდე თამაშში", რომლის მიზანია მაღალკლასელებში ფინანსური განათლების დონის გაზრდა და დაზოგვის კულტურის ამაღლება.

შეგახსენებთ, რომ შექმნილია დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე, საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1924 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს "პასუხისმგებლობიანი დაფინანსება კავკასიაში". პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ).