კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსი „ჩემი გზა ემიგრაციაში“

1. კონკურსის იდეა

ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად არაერთი ადამიანი ემიგრაციის გზას ირჩევს. ცხოვრების ეს ახალი ეტაპი მრავალ გამოწვევას უკავშირდება, მათთან გამკლავება კი ფინანსური განათლების საჭიროებას კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამიტომ ემიგრანტთა სეგმენტისთვის ფინანსური განათლების ღონისძიებების განხორციელება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური გავრცელების არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების  შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.  

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს „თიბისი ბანკთან“, სს „ბაზისბანკთან“, სს „ემბისისთან“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს, სახელწოდებით „ჩემი გზა ემიგრაციაში”.

კონკურსის ფარგლებში ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ შეიქმნება ტექსტური და ვიდეო მასალა, რომელთა საშუალებით ავტორები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიზნობრივ აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.  

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის სახელწოდებაა: „ჩემი გზა ემიგრაციაში”;

2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 19 ივლისი;

2.3 ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი;

2.4 გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2024 წლის 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს;

2.5 კონკურსი ცხადდება 2 კატეგორიაში: 

  •  კატეგორია „ბლოგი“ - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისთვის;
  •  კატეგორია „ვიდეო“ - ვიდეოფორმატის („Vlog“ ან „Motion Design“) ნამუშევრებისთვის.

2.6 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე (ტექსტური და ვიდეო ფორმატის) საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს მითითებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის შესაბამისი მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

2.7 კონკურსში მონაწილეობით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირი (შემდგომში - „კონსულტანტი“) აცხადებს თანხმობას, რომ „ფინედუს“ და საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მისი, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები

3.1 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც ახლა ან წარსულში აქვს ემიგრაციაში ცხოვრების მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;

3.2 კონკურსანტს ევალება, შექმნას ტექსტური ან ვიდეო ფორმატის ნამუშევარი (შემდგომში - „ნამუშევარი“), რომლის იდეა, სიუჟეტი თუ შინაარსი შეეხება ემიგრაციისთვის მზადების, ემიგრაციაში ცხოვრების ან/და ემიგრაციიდან დაბრუნების პერიოდში არსებულ ფინანსურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და ემიგრაციით დაინტერესებულ აუდიტორიაში წაახალისებს და ხელს შეუწყობს:

3.2.1 ფინანსური ცოდნის ამაღლებას - მათ შორის, ფინანსური პროდუქტების (მაგ.: ანაბარი/დეპოზიტი, სესხი/კრედიტი, „ინტერნეტბანკი“, „მობილბანკი“, გზავნილი, საინვესტიციო პროდუქტები და სხვა) და ფინანსურ სექტორის წარმომადგენლების შესახებ (მაგ.: ემიგრაციის ქვეყანაში მოქმედი თუ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ემიგრაციის ქვეყანაში მოქმედი გზავნილების განმახორციელებელი პუნქტები და ა.შ.) ცოდნის ამაღლებისკენ;

3.2.2 გონივრული ფინანსური ქცევებს - მათ შორის,  გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციისა თუ ალტერნატივების მოძიებას, ფინანსური მიზნების დასახვას, დაგეგმვას, დაზოგვას, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათი დაცვისთვის საჭირო ქმედებებს და ა.შ.;

3.2.3 ჯანსაღი ფინანსური დამოკიდებულებების პოპულარიზებას - მაგალითად, რომ ფინანსების მართვა მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურ მიზნებზე დაფიქრება და დაგეგმვა საჭიროა და ა.შ.;

3.3 კონკურსანტმა ნამუშევარში ფინანსური განათლების საკითხი იმგვარად უნდა წარმოაჩინოს, რომ  იკითხებოდეს  საკითხების აქტუალურობა და/ან შესაძლებელი იყოს საკითხის შესახებ სწორი, გონივრული და რაციონალური დასკვნების გაკეთება;

3.4 ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში; 

3.5 კატეგორიაში „ბლოგი“  წარმოდგენილი ნამუშევრის ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 300 (სამასი) და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) სიტყვას;

3.6 კატეგორიაში „ვიდეო“ წარმოდგენილი ნამუშევრის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 (ოცდაათი) და არაუმეტეს 120 (ასოცი) წამს;

3.7 ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;

3.8 ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს ერთი ნამუშევარი;

3.9 ნამუშევარი და/ან მასში გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;

3.10 თუ ნამუშევარში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ასევე, ციტირების სტანდარტები.

4. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა და ვადა:

4.1 კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს ფორმატის ქვემოთ მოცემულ პირობებს:

4.1.1 კატეგორიაში „ბლოგი“ წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს „Microsoft Word-ის“ ან „PDF“ ფაილის ფორმატით;

4.1.2 კატეგორიაში „ვიდეო“ წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს „H.264“, „MP4“ ფორმატით;

4.2 კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს „ფინედუს“ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ნამუშევრების მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება „დომეინით“ „.ru“. სხვა შემთხვევაში კონკურსანტის ნამუშევრის „ფინედუსთვის“ და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიწოდება შეუძლებელი იქნება;

4.3 კონკურსანტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინების/ფაილების პასუხად გაეგზავნება ნამუშევრის მიღების დასტური არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან;

4.4 კონკურსანტმა გზავნილის/წერილის სათაურად (ე.წ. „Subject“) უნდა მიუთითოს „კონკურსი - „ჩემი გზა ემიგრაციაში“, ხოლო შეტყობინების ტექსტში შემდეგი ინფორმაცია:

  • კონკურსანტის სახელი და გვარი;
  • ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდი (მაგ.: 3 (სამი) თვე ან 1 (ერთი) წელი და ა.შ.).

4.5 ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი.

5. ნამუშევრების მიღების, განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები:

5.1 ნამუშევრების მიღება იწარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 2024 წლის 30 სექტემბრის 23:59 საათის ჩათვლით;

5.2 შემოსული ნაშრომები ორგანიზატორის მიერ ჟიურის წევრებს გაეგზავნება ავტორის მიუთითებლად;

5.3 ნამუშევრების განხილვასა და შეფასებას მოახდენს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში
  • სს „ემბისი“

6. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე; 
  • ფინანსური განათლების საუკეთესო პრაქტიკული რჩევები; 
  • ნამუშევრის ორიგინალურობა და შემოქმედებითობა.

7. კონკურსის ჩატარების ეტაპები:

7.1 კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად, რომელსაც მოჰყვება ფინალური, გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება;

7.2 I ეტაპზე, 2024 წლის 4 დეკემბერს ჟიურის ერთობლივი შეფასების საფუძველზე შეირჩევა არაუმეტეს 20 ნამუშევარი, ამასთან, არაუმეტეს 10 ნამუშევარი თითოეულ კატეგორიაში. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს ამა თუ იმ კატეგორიის მასალები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი, თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს;

7.3 I ეტაპის ფარგლებში გადარჩეული ნამუშევრები 2024 წლის 4 დეკემბერს გამოქვეყნდება www.finedu.gov.ge-ზე და მის ოფიციალურ „Facebook-ის“ გვერდზე - www.facebook.com/finedu.gov.ge, ფინედუ იტოვებს უფლებას, ტექსტური ნამუშევარი გააფორმოს ვიზუალური ელემენტებით, საკუთარი შეხედულებისამებრ;

7.4 ნაშრომებსა და მათ ავტორებზე, რომლებიც ვერ მოხვდნენ I ეტაპის შერჩეულ ნამუშევრებში, ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არც ჟიურის წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია ავტორების ვინაობასთან დაკავშირებით;

7.5 II ეტაპზე, ფინალში, I ეტაპის ფარგლებში გამოქვეყნებული ნამუშევრებიდან, გამოვლინდება სულ 6 გამარჯვებული;

7.6 გამარჯვებულები გამოვლინდებიან და გასაჯაროვდებიან კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე, 2024 წლის 18 დეკემბერს, ემიგრანტთა საერთაშორისო დღეს. ღონისძიება გაიმართება  „ონლაინ“, „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით, რომელზეც მოწვეული იქნებიან ფინალისტები. ღონისძიება შეიძლება გადაიცეს პირდაპირი („Live“) ჩართვითაც, რის შესახებაც ფინალისტები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი. 

8. კონკურსის პრიზები

8.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 6 (ექვსი) გამარჯვებული, აქედან თითოეულ კატეგორიაში 3 (სამი) გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ქვემოთ მოცემული პრიზებით:

  • კატეგორია „ბლოგი“:
  • I ადგილი - 2000 (ორი ათასი) ლარი.
  • II ადგილი - 1000 (ათასი) ლარი.
  • III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი.
  • კატეგორია „ვიდეო“:
  • I ადგილი - 2000 (ორი ათასი) ლარი.
  • II ადგილი - 1000 (ათასი) ლარი. 
  • III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი.

8.2 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა  ან/და ფინალისთვის შეირჩა ექვსზე ნაკლები  ნამუშევარი, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილონ და დაადგინონ გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების განსხვავებული წესი.

9. საკონტაქტო ინფორმაცია 

მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;

ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 

ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;

ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;

„Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.

10. სასარგებლო ინფორმაცია:

ფინედუს ვებ-პორტალი: www.finedu.gov.ge 

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია: ეროვნული სტრატეგია