საქართველოს ეროვნული ბანკისა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ერთობლივი პროექტი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-მ, ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, გორის სასწავლო უნივერსიტეტში, ფინანსური განათლების თემაზე ახალგაზრდული "ინოვაციების ბანაკს" უმასპინძლეს.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილემ მიიღო 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი "ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისათვის.
"ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევუერთდით "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ამ მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის განხორციელებაში. "ინოვაციების ბანაკის" მიზანია მოახდინოს ახალგაზრდების ინტერესის პროვოცირება ფინანსური და სამეწარმეო განათლების მიმართულებით და დაეხმაროს მათ ამ კუთხით არსებული პრობლემების გუნდურად გადაჭრაში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კიდევ არაერთხელ განვახორციელებთ "ინოვაციების ბანაკს", ამჯერად, საქართველოს სხვა რეგიონებში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
"სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA ევროპის ხელმძღვანელობით, JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.