1. კონკურსის იდეა და მიზანი
კონკურსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს იწყება და მისი მიზნებია:
- ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისება;
- ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიცირება და საგანმანათლებლო მასალების შექმნა.
კონკურსის ფარგლებში კონკურსანტ გუნდებს მოეთხოვებათ შექმნან ახალგაზრდა თაობაზე მორგებული, სამოტივაციო და საინტერესო აქტივობები/პროექტები ფინანსური განათლების გასავრცელებლად, რომელიც დააინტერესებს ახალგაზრდებს და რომელიც განხორციელებადი იქნება დაბალი ბიუჯეტით (2000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში).
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდება: "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის";
2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 12 აგვისტო, 2025 წელი;
2.3 კონკურსის ფარგლებში ნამუშევრების მიღება დასრულდება 2025 წლის 14 სექტემბერს;
2.4 გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 17 ოქტომბერს;
2.5 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-7 კაციან გუნდს (შემდგომში - "კონკურსანტი გუნდი") რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ 15-25 წლის ასაკის (დაბადების თარიღები: 2000 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქეები. გარდა ამისა, კონკურსანტ გუნდს შესაძლოა ჰყავდეს ერთი სრულწლოვანი მენტორი.
3. მოთხოვნები საკონკურსო ნამუშევართან დაკავშირებით
3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტ გუნდს ევალება აღწეროს და წარმოადგინოს იდეა, თუ როგორ, რა მეთოდებითა თუ აქტივობებით შეიძლება ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება (შემდგომში - "საკონკურსო ნამუშევარი");
3.2 საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- გათვლილი უნდა იყოს 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებზე. შესაძლებელია აღნიშნული სეგმენტიდან რომელიმე კონკრეტული კატეგორიის არჩევაც (მაგ.: მოსწავლეები ან სტუდენტები);
- შინაარსი შესაძლოა ეხებოდეს ფინანსური განათლების ერთი ან რამდენიმე საკითხის სწავლების იდეას ან/და ზოგადად აღწერდეს სწავლების მეთოდიკას, აქტივობებს და უნივერსალური სახით იყოს გამოყენებადი ფინანსური განათლების ნებისმიერი საკითხის სწავლებისათვის (იხილეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, გვერდი 23-24);
- აღწერილი უნდა იყოს მეთერთმეტე პუნქტში მოცემული კონკურსის დანართის ფორმით, "MS Word-ის" ფორმატით და აღწერდეს მასში დასმულ საკითხებს;
- ნამუშევარი და მასში გამოყენებული დამხმარე მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს ქართულ ენაზე.
3.3 საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
4. საკონკურსო ნამუშევრების მოწოდება
4.1 კონკურსანტმა გუნდმა (თუ კონკურსანტ გუნდში არასრულწლოვანი მონაწილეები არიან, მაშინ, კონკურსანტი გუნდის წევრის ერთ-ერთმა მშობლებმა/კანონიერმა წარმომადგენელმა) ან კონკურსანტი გუნდის მენტორმა არაუგვიანეს 2025 წლის 14 სექტემბრის 23:59 საათისა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ელექტრონული წერილის სათაურად (ე.წ. "Subject") უნდა მიუთითოს "კონკურსი - ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის". ელექტრონული წერილის სათაურის მიუთითებლობის შემთხვევაში, ელექტრონული წერილის მიღება შეუძლებელი იქნება. ასევე, ელექტრონული წერილის ტექსტში უნდა მიეთითოს კონკურსანტი გუნდის სახელი და მის შემადგენლობაში არსებული წევრების ჩამონათვალი - თითოეულის სახელი, გვარი და ასაკი და არსებობის შემთხევაში მენტორის სახელი და გვარი;
4.2 იმ შემთხვევაში, თუ მოსაწოდებელი ნამუშევარი შეიცავს დიდი ზომის ფაილებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაილების გასაზიარებელი სხვადასხვა პლატფორმა, მაგ.: "Wetransfer.com" ან "Google Drive" ან სხვა;
4.3 საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება "დომეინით" - "ru";
4.4 კონკურსანტი გუნდი საკონკურსო ნამუშევრის მიღების შესახებ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა მიიღებს დასტურს საკონკურსო ნამუშევრის მიღებაზე, სხვა შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი მიღებულად არ ჩაითვლება. ამასთან, აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ საკონკურსო ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა კონკურსის პირობებთან.
5. კონკურსის ჩატარების ეტაპები
5.1 საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან - 2025 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით;
5.2 2025 წლის 06 ოქტომბერს ჟიურის მიერ ნამუშევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება კონკურსის არაუმეტეს 5 (ხუთი) ფინალისტი;
5.3 2025 წლის 17 ოქტომბერს გაიმართება კონკურსის ფინალი. ფინალურ ღონისძიებაზე ფინალისტები მოწვეულნი იქნებიან მათ მიერ გამოგზავნილი ნამუშევრის წარდგენაზე/პრეზენტაციაზე;
5.4 საკონკურსო ნამუშევრის წარსადგენად კონკურსანტ გუნდს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ფორმატი პროექტის შინაარსის მიხედვით, მათ შორის „PPT“, ზეპირი წარდგენა, საჩვენებელი ტრენინგი და სხვა;
5.5 კონკურსის 3 (სამი) გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის 17 ოქტომბერს ფინალურ ღონისძიებაზე;
5.6 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა ან/და ფინალისთვის შეირჩა ხუთზე ნაკლები კონკურსანტი გუნდი, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილონ და დაადგინონ გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების განსხვავებული წესი.
6. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები
6.1 საკონკურსო ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- პროექტის იდეისა და შინაარსის გასაგებად გადმოცემა;
- შემოქმედებითობა და ორიგინალურობა;
- სწავლების მეთოდების სეგმენტთან შესაბამისობა;
- პროექტის განხორციელების რეალურობა/სიმარტივე;
- პროექტში აღწერილი მეთოდის ეფექტურობა ფინანსური განათლების გასავრცელებლად.
6.2 ფინალურ ღონისძიებაზე ფინალისტი კონკურსანტი გუნდები დამატებით შეფასდებიან შემდეგი 2 (ორი) კრიტერიუმით:
- წარდგენის/პრეზენტაციის უნარები;
- გუნდურობა.
7. კონკურსის ჟიური - კონკურსის ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებენ შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლები
- საქართველოს ეროვნული ბანკი;
- სს "ბაზისბანკი";
- სს "თიბისი ბანკი";
- ააიპ "საქართველოს საბანკო ასოციაცია".
8. კონკურსის პრიზები
8.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 (სამი) გამარჯვებული გუნდი;
8.2 კონკურსის გამარჯვებული სამივე კონკურსნატი გუნდი მიიღებს ფულად პრიზს თითოეული 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
8.3 კონკურსანტი გუნდის წევრებისთვის ფულადი პრიზის გადაცემის წესი - თანხა ნაწილდება თანაბრად გუნდის წევრებზე ან თანხა ჩაერიცხება მთლიანად მენტორს ან ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, იმის შესაბამისად თუ ვინ გამოგზავნა საკონკურსო ნამუშევარი.
9. საავტორო უფლებები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები:
9.1 კონკურსში მონაწილეობით, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნაშრომის ავტორი ნაშრომზე საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და "ფინედუ-ს. მიღებული საკონკურსო ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, "ფინედუ-სა" და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდსა და შესაბამის სოციალურ არხებში ავტორის ვინაობის მითითებით. ამასთან, ნაშრომების ვებ-გვერდიდან/სოციალური არხებიდან წაშლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და "ფინედუ-ს" გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს;
9.2 კონკურსის ფარგლებში საკონკურსო ნამუშევრებით წარმოდგენილი პროექტები შესაძლოა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და "ფინედუ-ს" გუნდის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ;
9.3 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი, ასევე, არასრულწლოვანი კონკურსანტის შემთხვევაში მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (შემდგომში - "დაინტერესებული პირი") ინფორმირებულია, რომ მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისების, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიციირების, საგანმანათლებლო მასალების შექმნის, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გადაცემისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით , რომლის საფუძველია კონკურსანტის მომართვის განხილვა და მისი ლეგიტიმური ინტერესი,საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას;
9.4 დაინტერესებული პირის მიერ კონკურსით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების წარდგენის გარეშე, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო, გამარჯვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის ( საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა ) ასევე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი პრიზის მიღებას;
9.5 ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობით, ასევე, მისი დასრულებიდან 1 წლის ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების "Facebook-ის" გვერდზე გასაჯაროებული პერსონალური მონაცემები (კერძოდ, გამარჯვებული გუნდების წევრთა და მათი მენტორების სახელები და გვარები) დამუშავდება "Facebook-ის" ოფიციალური გვერდის არსებობის ვადით, წინამდებარე განაცხადის 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი, - ამავე პუნქტში მითითებული ელექტრონული პლატფორმების არსებობის ვადით. ამასთან, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა წინამდებარე განაცხადის 8.3 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება. რაც შეეხება შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერს - იგი, წინამდებარე განაცხადის მე-7 პუნქტში მითითებული ორგანიზაციის მიერ, დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით;
9.6 გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი), პრიზების გადაცემის მიზნით გაეგზავნება წინამდებარე განაცხადის მე-7 პუნქტში მითითებულ ორგანიზაციებს. ხოლო, საბანკო ანგარიშის ნომერს, უშუალოდ მითითებული ორგანიზაცია გამოითხოვს გამარჯვებული გუნდისგან;
9.7 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება;
9.8 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - (რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva ), ხოლო მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის უფლებების დარღვევის შემთხვევაში - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს" ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
10. საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
- ცხელი ხაზი: (+995)032)2406406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;
- "Facebook-ის" გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.
11. დანართი - საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ფორმა