კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

შემიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე?

შემიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე?

2214
3.2 / 5

სპორტი ჩვენი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს ეხება. შეიძლება თავად ვიყოთ სპორტულ აქტივობებში ჩართული ან ჩვენს თავისუფალ დროს საყვარელი სპორტსმენების გამოსვლას ვუთმობდეთ.  ისევე როგორც, ცხოვრების ნებისმიერ ნაწილს, სპორტსაც თავსი განვითარება აქვს, პროგრესის საფეხურები, რომლის მწვერვალიდან  ოქროს მედალი გვიყურებს. 

როგორც ჯარისკაცები ოცნებობენ გენერლობაზე, ისე ყველა სპორტსმენს სურს მკერდზე ის ტიტულოვანი მედალი იხილოს. თუმცა, მედალსა და გენერლობაზე მეტად, სიხარულის განცდას სწორად დაგეგმილი, განხორციელებული და სასურველ შედეგამდე მიყვანილი პროცესი ქმნის. 

სპორტის ყველ სახეობას თავსის „მწვერვალი“ აქვს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ძველ შეჯიბრს - ოლიმპიადას მაინც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. თუნდაც მხოლოდ ეკრანიდან დანახული აღმართული დროშა,  სიხარული, ცრემლები იმდენ ემოციას ქმნის, ხშირად შეიძლება ვიფიქროთ, რა კარგი იქნება კვარცხლბეკზე ჩემპიონის ტიტულით დგომა.

თუმცა, მე, სპორტული კარიერის დასრულების ასაკში მყოფს, სინანული მიპყრობს, რადგან სპორტში ოლიმპიური ჩემპიონი ვეღარ გავხდები, თუმცა სულ უნდა გადავიწურო იმედი? მე მგონია, რომ არა!

რა არის ოლიმპიადაში გამარჯვება? ეს არის დასახული მიზნისკენ სვლისა და მისი მიღწევის ზეიმი, შესაბამისად ჩვენ ყველას შეგვიძლია ოლიმპიური ჩემპიონები ვიყოთ, ოღონდ არა სპორტში, არამედ იმ სფეროში, სადაც გვინდა რაღაც დავამტკიცოთ - მაგალითად, პირადი ფინანსების მართვაში.  

როგორ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონები? პირველ რიგში, გამოცდილებას უნდა გავეცნოთ, ანუ სპორტსმენების ისტორიებს, რომლითაც კვარცხლბეკამდე მივიდნენ.

როგორ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონები პირადი ფინანსების მართვაში?

ვიცოდეთ რა გვინდა

თუ წარმატების ისტორიებს შევხედავთ, თითქმის ყველას ერთი საერთო აქვს - სპორტული კარიერის დაწყებამდე ყველა სპორტსმენმა იცის, რისი კეთება სურს და რა ჯილდომდე უნდა მისვლა. ჩვენც თუ გვსურს ჩემპიონობა, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა. გვსურს თუ არა რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი მომავალი გვქონდეს და თავს სტაბილურად ვგრძნობდეთ? თუ ვიტყვით რომ გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ გზა „მედლამდე“ რთული იქნება და ბევრი რამის დათმობა მოგვიწევს.

მზად ვიყოთ გამოწვევისთვის

როდესაც კვარცხლბეკზე ამაყად მდგომ ჩემპიონს ვუყურებთ, ეკრანებიდან მათი მიღწევები მარტივად ჩანს. თუმცა, მარტივი არც ერთი მიზნის მიღწევა არაა. როგორც სპორტსმენები თმობენ თავისუფალ დროს და მთელს ძალისხმევას ვარჯიშს ანდომებენ, ჩვენც თუ გადავწყვეტთ პირადი ფინანსების მართვის მართონში გამარჯვებას, უნდა ვიცოდეთ რომ ბევრი რამის დათმობა მოგვიწევს. დაგვჭირდება ხარჯების გადახედვა, გეგმის მიყოლა, ხშირად საკუთარი თავისთვის ზედმეტ სასუსნავზე უარის თქმაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენც სპორტსმენივით ცხოვრების სტილი უნდა შევცვალოთ, თუ მიზნის მიღწევა გვინდა.

ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია

თუ შეხედავთ სპორტსმენს, რომელიც მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მისი ემოცია დაგანახებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს საყვედურობს. ასევეა ჩვენი მიზნისკენ სწრაფვაშიც, თუ დანაზოგი ვერ შევქმენით, ან თუ ჩვენი ფინანსური მიზნები სადღაც დაგვეკარგა, დამნაშავე სხვაგან არ უნდა ვეძებოთ. არასწორი იქნება თუ არასასურველ დასასრულს შემოსავალის მოცულობას, ხარჯებს, ადამიანებსა და სხვა მოვლენებს დავაბრალებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დაგვაკლდა მოთმინება, სულმა წაგვძლია და თუ მომავალში სხვა შედეგი და ოქროს მედალი გვინდა, სხვანაირად უნდა მოვინდომოთ.

დღეს ის დღეა, როდესაც უნდა დავიწყოთ

სპორტში ვარჯიშის ხანგრძლივობა, მოასპარეზის ასაკი და სტაჟი ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც მიგვანიშნებენ სავარაუდო გამარჯვებულზე. ასევეა ფინანსების მართვაშიც, რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ საკითხებზე მუშაობას და მის მართვას, მით უფრო ნათლად გამოჩნდება ჯილდო - ფინანსური სტაბილურობა.

თუ ახლა არა, მომავალში აუცილებლად იქნება შედეგი

ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ბევრი ემოცია ტრიალებს. განსაკუთრებით მათ თვალებში, ვინც მედალოსანია, თუმცა მთავარ პრიზამდე რაღაც დააკლდა. მათ სახეზე წაიკითხავთ, რომ მართალია საბოლოო დიდი მიზნისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ შემართებით არიან მომდევნო ცდისთვის. ასევეა ჩვენი ჩემპიონობის შემთხვევაშიც. თუ დღეს ვერ  მივაღწიეთ  ჩვენს მიზანს,  თუ ჩვენი დანაზოგი ზუსტად ის არაა რაც დავგეგმეთ ან ჩვენი ვალდებულებები იმ ნიშნულამდე ვერ დავიყვანეთ, როგორც ვგეგმავდით, არაუშავს! უნდა გავაგრძელოთ მცდელობა და შემდეგ „ოლიმპიადაზე“ ჩვენი კუთვნილი კვარცხლბეკის დავიკავოთ.

პატარა ნაბიჯები დიდი გამარჯვების ნაწილია

თუ ოლიმპიურ თამაშებს კარგად მივადევნებთ თვალს, ერთ კანონზომიერებას შევნიშნავთ. ახალბედა სპორტსმენებისთვის ხშირად, მონაწილეობა გამარჯვების ტოლფასია. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კი, ისინი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ. ასევეა ჩვენთვისაც, პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია მთავარ მიზანთან მივიდეთ. შეიძლება დღეს ჩვენი დანაზოგის მოცულობა ან ბიუჯეტის წარმოების მცდელობა ძალიან შორს იყოს საბოლოო მიზნიდან, თუმცა პატარა ნაბიჯებით დაწყება, მომავალში, ორგანიზებულ ადამიანებად გვაქცევს.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ყველა ოლიმპიური ჩემპიონისა თუ მედალოსნის სიხარული და სიამაყის განცდა დამსახურებული ემოციებია. დიდი შრომით და ნებისყოფის შედეგად დადებული შედეგი, რომლითაც ყველა ამაყობს. ჩვენც თუ გვინდა ამ ემოციებს, სპორტისგან შორს მყოფნიც მივუახლოვდეთ, იგივე მონდომება, თავდადება და ნებისყოფა დაგვჭირდება. შედეგად, ჩვენც ვიამაყებთ ფინანსური სტაბილურობითა და უზრუნველყოფილი მომავლით.