კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა შეიძლება გააკეთო 5 ლარად?

რა შეიძლება გააკეთო 5 ლარად?

1432
4.3 / 5

გიფიქრია, რა შეიძლება გააკეთო 5 ლარად?

  • შეგიძლია, დალიო ერთი ფინჯანი ესპრესო;
  • წახვიდე ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში ტაქსით;
  • დააგემოვნო ნაყინის ორი ბურთულა;
  • მიირთვა  ფასდ ფუდი;
  • იყიდო ორი ცალი ჰელიუმის ბუშტი;
  • შეიძინო სასურველი ტექნიკა;
  • გაიუმჯობესო უცხო ენის ცოდნის დონე;
  • იმოგზაურო;
  • იყიდო სასურველი ავტომობილი;
  • ან თუნდაც ოცნების სახლი;
  • მოიპოვო თავისუფლება!

წარმოუდგენელია, არა?

წარმოიდგინე, რომ გჭირდება თანხა სასურველი შენაძენისთვის, ან თუნდაც განათლებისთვის, ან სულაც სამოგზაუროდ. რა შეიძლება გააკეთო ამისთვის?

  • მიმართო მშობლებს ან მეგობრებს დასახმარებლად;
  • აიღო სესხი ან კრედიტი ბანკიდან;
  • გამოიყენო შენი საკუთარი დანაზოგი.

დაფიქრდი, იქნები თუ არა ფინანსურად თავისუფალი, თუ შეძლებ საკუთარი სურვილების შენივე ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას?

რა თქმა უნდა იქნები! იქნები, თუ უკვე გექნება თანხა შენი სურვილების ასასრულებლად და ამისთვის სულაც არ დაგჭირდება სესხი ან კრედიტი, არ გექნება საბანკო ვალდებულებები, არც იმაზე ინერვიულებ დაგიმტკიცებს თუ არა ბანკი სესხს და არც მეგობრებისთვის ან მშობლებისთვის მოგიწევს თანხის თხოვნა. 

ახლა, როცა უკვე მიხვდი, როგორ შეიძლება იყო ფინანსურად თავისუფალი, დროა, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ეს 5 ლარად მოახერხო. ერთი შეხედვით  შეუძლებელია, არა?

თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები, რომ სულაც არ არის მიუღწეველი.

დაფიქრდი, ყოველდღიურად რამდენ ფულს ხარჯავ გაუაზრებლად არც თუ ისე მნიშვნელოვან ნივთებში.

დაფიქრდი, რამდენის დაზოგვას შეძლებ ყოველდღიურ ჩვევებზე უარის თქმით.

ამისთვის არ მოგიწევს რაღაც მნიშვნელოვანზე უარის თქმა, უბრალოდ საკმარისია, შეცვალო მცირე ჩვევები ყოველდღიურად. გაიაზრო შენი საჭიროებები, დაალაგო პრიორიტეტები და გადაწყვიტო, რა გირჩევნია-გაიარო ცოტა მეტი მანძლი ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ტაქსის ნაცვლად, მიირთვა ერთით ნაკლები ჯანქ ფუდი, არ დახარჯო ფული იმ ნივთებში, რომლის მიმართაც ინტერესი რამდენიმე დღეში ან სულაც საათში დაგეკარგება და დაზოგო ხვალინდელი ცვლილებებისთვის, თუ გააგრძელო ჩვეული რეჟიმით ცხოვრება და საკუთარი სურვილები აუხდენელ ოცნებებად დატოვო?

ვფიქრობ, პასუხი მარტივია.

და თუ ხვლინდელი დიდი მიზნები გირჩევნია დღევანდელ უმნიშვნელო სურვილებს, მაშინ რამდენიმე რჩევაც გამოგადება უკეთ დასაგეგმად:

  • დაისახე მიზანი
  • განსაზღვრე, რა თანხა დაგჭირდება შენი მიზნის მისაღწევად;
  • გადახედე ყოველდღიურ ხარჯებს-არის რაიმე, რის გარეშეც შეგიძლია იცხოვრო? დაფიქრდი, რა შეგიძლია დათმო ყოველდღიურად;
  • დათვალე, რამდენ ხანში შეძლებ ყოველდღიურ ჩვევებზე უარის თქმით საჭირო თანხის დაგროვებას;
  • დაფიქრდი, კიდევ ხომ არ არის რამე, რის ხარჯზეც შეგიძლია დაზოგო?

ჰო და კიდევ ერთიც: რაც მეტს დაზოგავ, მით უფრო მალე შეძლებ საკუთარი სურვილების ასრულებას და რაც უფრო დიდხანს დაზოგავ, მით უფრო დიდი სურვილების განხორციელებას შეძლებ. 

ალტერნატივა ყოველთვის არის, არჩევანი კი მხოლოდ შენს ხელშია.

დაფიქრდი, რისი შეცვლა შეგიძლია დღეს, რომ მიიღო სასურველი შედეგი ხვალ.