კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა ღირს ზღაპრული მომენტები ფილმებიდან?

რა ღირს ზღაპრული მომენტები ფილმებიდან?

2272
5 / 5

ალბათ სავარძელში თბილად მოკალათებულს, სასუსნავების თასით ხელში, ხშირად გაგიტარებიათ მშვიდი საღამო ფილებისა თუ მულტფილმების ყურებაში. თუ თქვენ მაყურებელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც „ამოჩემებული“ ფილმები აქვს და ბევრჯერ შეუძლია ერთი და იმავე ფილმს დაუთმოს დრო, თქვენ უთუოდ გექნებათ მონიშნული საყვარელი მომენტი ამ ფილმებში, რომელზეც გიფიქრიათ, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის ან თქვენთვის სიამოვნებით გააცოცხლებდით.

თუმცა, ზოგჯერ ეკრანიდან ზღაპრული სამყაროს ცქერისას, შეიძლება გაგეფიქროთ, რომ ის რაც თქვენში ასეთ დადებით ემოციას აღძრავს, შესაძლოა რეალობაში ასევე „ზღაპრული“ ღირებულებით განხორციელდეს და ამიტომ, გადაიფიქროთ მისი „გადმორეალურება“. თუმცა, მოდით განსხვავებულად შევხედოთ, ფინანსურად შევაფასოთ და გავარეალუროთ ის კადრები, რომლებიც ჩვენში პოზიტივსა და ოცნების სურვილებს აღვიძებს. 

აქვე პატარა შენიშვნა, ბლოგში მოყვანილი მაგალითები, ავტორის რჩეულებია და არ ასახავს საზოგადოების ფართო მასების აზრს. მოყვანილი გათვლებიც მიახლოებით ასახავს ბაზარზე არსებულ რეალობას.

მოდი, დავიწყოთ და განვიხილოთ, რა ღირს ის, რაც ასე გვხიბლავს:

რეალური სიყვარული (love actually)

ახალი წელი
სცენა, სადაც მარკი ჯულიეტს გრძნობებს უმჟღავნებს, ერთ-ერთი ამაღელვებელი მომენტი და ფილმის თანმდევი რომანტიკის მწვერვალია. თუმცა მოდით რეალურად დავთვალოთ რა ღირს ასეთი მომენტების შექმნა.

მარკს ჯულიეტთან ვიზიტის ორგანიზებისთვის დასჭირდა მუსიკის ჩასართავი მოწყობილობა, ფურცლის მარკერი  და რამდენიმე  დაახლოებით A1 ტიპის ქაღალდის ფურცელი. 

მუსიკის ჩასართავად შეგვიძლია მობილური ტელეფონი გამოვიყენოთ, რაც სულაც არ იქნება ხარჯებთან დაკავშირებული, ხოლო თუ მაინცდამაინც გვსურს მარკს დავემსგავსოთ, შეგვიძლია მეორადი ტექნიკის ბაზარზე 50  ლარის ფარგლებში მოვიძიოთ ორი კასეტისთვის განკუთვნილი მაგნიტოფონი.

თუ რომანტიკას უფრო გავათანამედროვებთ, შეგვიძლია ბლუთუზ დინამიკი შევიძინოთ საშუალოდ 50 ლარად და საჭირო აუდიო სისტემა გამართული იქნება.

ფურცლის მარკერს საშუალოდ 3-4 ლარად შევიძენთ. აქ უკვე ჩვენს გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული, თუ თითო ფურცელს თითო ფრად გავუკეთებთ წარწერას, საჭირო ბიუჯეტი გაიზრდება, ხოლო თუ მარკის მსგავსად ერთ ფერს ავირჩევთ, ხარჯი თითქმის უმნიშვნელოა.

რაც შეეხება ფურცელს წარწერებისთვის, A1 ზომის ერთი ცალი ფურცლის შეძენა საშუალოდ 1 ლარად შეგიძლიათ საკანცელარიო მაღაზიებში. შესაბამისად თუ თქვენ 15 ფურცელს გამოიყენებთ, თქვენი ხარჯი მხოლოდ 15 ლარი იქნება.

მოდი შევაჯამოთ:

  • მუსიკისთვის საჭირო მოწყობილობა - 50 ლარი (ან უფასო );
  • მარკერი - 4 ლარი;
  • ფურცლები - 15 ლარი;
  • სულ: 69 ლარი (ან 19 ლარი)

შევთანხმდებით, რომ ეს არარეალურად გულისამაჩუყებელი სცენა, ფინანსურად საოცრად რეალისტური ყოფილა.

რაპუნცელი (Tangled)

რაპუნცელი
ამ მულტფილმში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამაღელვებელი სცენა რაპუნცელის დაბადების დღეს უკავშირდება. მაშინ როდესაც მთელი სამეფო დაკარგული პრინცესასთვის ცაში უამრავ ცის ფანარს უშვებს, ფლინი რაპუნცელს ოცნებას უსრულებს და ამ სანახაობის ეპიცენტრში ახვედრებს.

თუკი ეს სცენა თქვენთვისაც ძალიან საყვარელია და გიოცნებიათ ცის ფანრებით გარშემორტყმულს, ამ ფერადი ნათებისთვის თვალი გედევნებინათ, მაშინ დავთვალოთ როგორ შეიძლება ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ.

თუ თქვენ სხვის მიერ მოწყობილი მასშტაბური ღონისძიების ნახვა გსურთ, შეგიძლიათ ამისთვის ჩინეთს ან ტაილანდ ეწვიოთ, სადაც ყოველწლიური ტრადიციების მიხედვით კონკრეტულ დღეს ცაში ათასობით მანათობელს უშვებენ.

თუმცა, თუ თქვენ საკუთარი ძალებით გსურთ ამ სილამაზის მოწყობა, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ 1 ცის ფანრის ფასი საშუალოდ 2 ლარია. შესაბამისად, ღონისძიების მასშტაბი შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვროთ. თუმცა, როდესაც ასეთ აქტივობას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვის საკითხი და თვალი მიადევნეთ ფანრის ნარჩენებს.

შვებულება (The Holiday)

ახალი წელი
ამ ფილმში ალბათ ბევრი მომენტია რასაც ისურვებით: სხვა ქვეყანაში ვიზიტი არდადეგებზე, დღესასწაულზე სასიამოვნო სიახლის ძიება და სხვა. თუმცა, ის რაც ამ ფილმს გამოარჩევს და კიდევ უფრო საახალწლოს ხდის ეს ის ცხელი შოკოლადია, რომელსაც ამანდა, გრეჰემი და მისი ქალიშვილები მიირთმევენ ამანდას სტუმრობისას. 

ფილმს მიღმაც ცხელი შოკოლადი ის სასმელია, რომელსაც გულგრილად ვერ ჩაუვლით. ახლა კი ვნახოთ რა „დაჯდება“ ამ განწყობის მომზადება სახლის პირობებში. გაითვალისწინეთ, რომ ცხელი შოკოლადი საკმაოდ ბევრი რეცეპტით მზადდება, ჩვენ კი განვიხილავთ იმ რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს გრეჰემის შვილების რჩეულ სასმელს. მაშ ასე, ჩვენ დაგვჭირდება (ინგრედიენტები გათვლილია 4-5 პორციისთვის):

  • რძე - 4 ჭიქა - ფასი მაქსიმუმ 4 ლარი
  • შაქარი -1/3 ჭიქა - 0,5 ლარი
  • კაკაო - 3 ს.კ - 2 ლარი
  • ვანილი - 0,1 ლარი
  • მარილი - 0,05 ლარი
  • ათქვეფილი ნაღები - 4 ლარი
  • მარშმელოუ (ზეფირი) – 3 ლარი
  • სულ მაქსიმუმ - 13,65 ლარი

გამოდის, რომ საახალწლოდ, ნაძვის ხის ფონზე, ლამაზი ფინჯნებით გემრიელი სასმელი თავის ემოციით მხოლოდ 14 ლარამდე დაგვიჯდება.

მაღლა (Up)

მაღლა
თუ ანიმაციური ფილმების მოყვარული ხართ, გულგრილს არ დაგტოვებთ ანიმაციური ფილმი „მაღლა“ თავის არაჩვეულებრივი სცენით, სადაც სახლი ასობით ჰელიუმის ბუშტის დახმარებით მიფრინავს.

არ ვიცი რამდენად შესაძლებელია თანამდეროვე სახლების ჰაერში გასეირნება, თუმცა თუ მოგინდებათ მიწაზე მყარად მდგარი სახლის უამრავ ფერად ბუშტში გახვევა, შეგვიძლია დავითვალოთ, რა დაჯდება მსგავსი სილამაზე.

სურვილის ასრულების 2 გზა არსებობს: შეიძინოთ ჰელიოუმის ბალონი და ბუშტები და თავად გაბეროთ სასურველი რაოდენობის ბუშტი ან მზა ბუშტები შეიძინოთ.

  • ჰელიუმის ბალონი, რომელიც 700-800 ბუშტს გაბერავს, დაახლოებით 800 ლარი ღირს;
  • 800 ბუშტი - დაახლოებით 60 ლარი დაგიჯდებათ;
  • თუ მზა ჰელიუმიან ბუშტს შეიძენთ გაითვალისწინეთ,  ჰელიუმის ბუშტები ზომისა და ჰელიუმის გამძლეობის მიხედვით სხვადასხვა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. ამასთან, რაც უფრო მეტ ბუშტს შეიძენთ, მით უფრო შეღავათიანი პირობებით ისარგებლებთ;
  • სტანდარტულად საშუალო ზომის ჰელიუმიანი ბუშტის ღირებულება 1,3 ლარია. თუ მზა 800 ბუშტს შეიძენთ 1040 ლარი დაგიჯდებათ;
  • შევაჯამოთ: „მფრინავი“ სახლი, 800 ბუშტით დაგიჯდებათ 860 ან 1040 ლარი.

ბოლოს კი, შეუძლებელია არ ვახსენოთ გენიალური ჩარლი ჩაპლინი და მისი უკვდავი გემრიელობა - ფეხსაცმელი.

ოქროს ციებ-ცხელება (The Gold Rush)

ჩაპლინი
თუ ჩვენ საკულტო მომენტების გაცოცხლება მოგვინდება, ჩვენი სურვილების სიას აუცილებლად დაამშვენებს ჩარლი ჩაპლინი არაერთი გამორჩეული სცენით. თუმცა, ფილმში „ოქროს ციებ-ცხელება“ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სცენაა მოხარშული ფეხსაცმლის გემრიელად მირთმევა. 

ვერ ვიტყვით, რომ შეიძლება ფეხსაცმლის შეჭმა მოგვინდეს, თუმცა იმ ემოციის გაცოცხლება, რაც ჩაპლინს ახლავს თან, არასდროს იქნება ურიგო.

თავად ფილმშიც, ის ერთი შეხედვით ძველისძველი ფეხსაცმელი, კონდიტერების უბადლო ნამუშევარი ყოფილა, მარმელადის თასმით გაფორმებული. თქვენც თუ მოინდომებთ საკუთარი თავისთვის ან ახლობელი ადამიანისთვის ჩაპლინისეული ემოციის ჩუქებას, საკონდიტროები ამ სურვილს საშუალოდ 120 ლარის ფარგლებში აგისრულებენ.

თუ გადავხედავთ გამორჩეული მომენტების ჩამონათვალს, ერთ მარტივ დასკვნამდე მივალთ. ოცნებები ხშირად ძვირი არ ღირს, მათი ასრულების ფასი მონდომება, სურვილი და დიდი ემოციაა.