კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მომხმარებლის ინტერესი

მომხმარებლის ინტერესი

1524
5 / 5

ვითომ დაცული ვარ, როგორც მომხმარებელი?

ვითომ  ანუ - ისეთი არაა, როგორიც გვეჩვენება...

ვითომ - ეჭვი, გაურკვევლობა და ათასი კითხვა...

განსაკუთრებით მაშინ, როცა საფინანსო სექტორზე მიდგება საქმე.

რადგან როდესაც რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება ან ისე არ მიდის საქმე როგორც საჭიროა, გრძნობ რომ მაინც არ ხარ დაცული, რამდენიც არ უნდა გეჩიჩინონ და გითხრან რომ ყოველდღიურად ხვეწავენ და ფიქრობენ შენი უფლებები მაქსიმალურად დაიცვან და გაითვალისწინონ... 

არადა ასე არაა!

იმიტომ რომ რეალურად დაზარალებული მომხმარებელი უფრო მეტი მინახავს, ვიდრე რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი.

შეიძლება იმიტომაც, რომ ერთ მხარეს უფრო ხშირად ერთი ადამიანი დგას თავისი ოჯახით ან სულაც მარტო და მისი სასოწარკვეთა უფრო თვალნათელია, მისი ფინანსური ჩავარნა უფრო მძაფრი დასანახია, ვიდრე ინსტიტუტის. სიმძაფრე და დრამატულობა ნაკებ თვალში საცემია მისი, ვისთანაც მიხვედი და თხოვე თანხა გარკეული პერიოდით და გარკვეული პირობებით. ფინანსურმა სისტემამ ხომ ორი მხარე დააკავშირა ერთმანეთს -ის, ვისაც კაპიტალი აქვს და ის, ვისაც სჭირდება, მაგრამ არ აქვს კაპიტალი. 

არადა რისკები ამ დროს ორივე მხარეს დგას, რომელიც უნდა გათვალო და გაითვალისწინო, რადგან ფინანსური უფსკრულის წინაშე არ აღმოჩნდე. დროთა სვლამ კი აჩვენა, რომ ბანკებიც უფრო ფრთხილები გახდნენ სესხის გაცემის დროს და ყველაზე არ უღირთ კაპიტალის დაბანდება. ეს კი ხომ თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მეორე მხარის უფრო დეტალური შესწავლა დაევალათ  მათ.

ცვლილებები ფინანსურ ორგანიზაციებში

უკვე ვალდებულება აქვთ შეამოწმონ მსესხებლის შემოსავლები, (თუმცა ეს უფლება ყოველთვის ქონდათ) , მინიმუმანდე დაიყვანონ რისკები. ვალდებულებაში ჩაეწერათ მომხმარებელს დეტალურად აუხსნან და განუმარტონ ყოველი ხარჯი, რაც სესხის გაცემას მოჰყვება- დაწყებული გაცემის საკომისიოდან, დაზღვევის საფასურით, ქონების შეფასების თუ ანგარიშის მომსახურების საკომისიოთი დამთავრებული.

არადა ყოველთვის ასე არ ყოფილა, დროთა სვლამ მოიტანა უფრო დახვეწილი და დაცული ურთიერთობები. ეს კი თავისთავად მიდის მომხმარებლის უფლებებამდე,  მის უფრო და უფრო დაცულობამდე. საფინანსო ორგანიზაციებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გაჭრამდე ასჯერ გაზომვა სჯობს.  

დღეს მე დილეტანტი ვარ ვისაუბრო საბანკო ტერმინებით ან სულაც ჩემი ნააზრევით რამე ფასეული ვთქვა, თუმცა შეუძლებელია რაღაცეების არდანახვა და ართქმა. მე,  როგორც ერთი დიასახლისი, რომელიც უკვე წლებია მხოლოდ საოჯახო საქმეებით ვარ დაკავებული, არ შეიძლებოდა არ შემემჩნია ჩემი სახლის ფანჯრიდან დანახული სინათლე დიდ საბანკო სივრცეში.

ადრე არ კონკრეტდებოდა კლიენტთან სესხის ხარჯის თითოეული თეთრი, დღეს კი ამის გარეშე შეუძლებელია.

როდესაც იზღვეოდა  სესხი და მსესხებელი, ნამდვილად არ იყო იმის ფუფუნება, არჩევანი გაკეთებულიყო სადაზღვეო კომპანიებს შორის. იყო ბანკი და ყავდა ერთი მასთან მიბმული სადაზღვეო. დღეს შესაძლებელია არჩევანი რამდენიმე კომპანიას შორის გაკეთდეს, ეს კი ბაზარზე ჯანსაღ, კლიენტისთვის უფრო ხელმისაწვდომ გარემოს ქმნის. ესეც დრომ მოიტანა.

როდესაც ხელშეკრულებაზე კლიენტი ხელს აწერდა, წინასწარ არ ხდებოდა  ხელშეკრულების ასლის სახლში გატანება, რათა დეტალურად გაცნობოდა თითოეულ პუნქტს.

დღეს ესეც შეიცვალა -  მოთხოვე, წაიღე, წაიკითხე, აწონ-დაწონე და შემდეგ გადაწყვიტე! 

კიდევ ბევრი რამ იცვლება და იხვეწება, გამოცდილება კიდევ უფრო მეტ დაცულობის სურვილს აჩენს და ამ მხრივ ეროვნული ბანკი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფიქრსა და მუშაობას, მისასალმებელია რომ ეროვნულ ბანკში ცალკე განყოფილებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი საქართველოში დაახლოებით 10 წლის წინ შემუშავდა და მას შემდეგ გამუდმებით იხვეწება. სტანდარტი უფრო მაღალია, ევროდირექტივებთან უფრო დაახლოებული და ქართულ საფინანსო სექტორზე მორგებული.

დასკვნა

სიტყვა „ვითომ“ ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ნდობაც იზრდება. ურთიერთობაში კი მთავარი ნდობაა. ხოდა დღეს უფრო მეტად შეგვიძლია  ვენდოთ საფინანსო ორგანიზაციას, რადგან ნებისმიერი ფინანსური ვალდებულებები არა ტანჯვად და ტვირთად იქცეს,  არამედ წინსვლად და წარმატებად. 

მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებულ და წელგამართულ ურთიერთობებს.

მხოლოდ ასე შევძლებთ ვაშენოთ ისე, რომ თავზე არ ჩამოგვენგრეს მერე უსწორმასწოროდ დადებული აგურები.

მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი შემცირდეს პრობლემური სესხების და მსესხებლების რიცხვი.

რადგან ამ შენებას საძირკველად მომხმარებელთა უფლებები აქვს და მომხმარებელი უფრო მეტია, ვიდრე საფინანსო ორგანიზაციები.

სიძლიერე ორივე მხარისა არის გარანტი მხოლოდ წინსვლისა.

ფინანსებიც ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ წინ წავიდეთ.

წინ და მხოლოდ წინ!!!!