კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

აეროპორტში გაჩერებული დრო

აეროპორტში გაჩერებული დრო

78
0 / 5

      რა არის ემიგრაცია?  ამას მხოლოდ ემიგრაცია გამოვლილი ადამიანი გაიგებს. ეს არის გზა ახალი გამოწვევების და, ცხადია, სირთულეების. უნდა შეისწავლო ენა,   გაიცნო კულტურა, წეს-ჩვეულება და მოერგო  უცხო ქვეყნის მენტალობას, სადაც უნდა იცხოვრო. ემიგრაციის პირველი 6 თვე კრიზისულია. გადიხარ სრულ  კოშმარს.  გგონია რომელიღაც დაუსახლებელ კუნძულზე ხარ ერთი ადამიანი და რობინზონ კრუზოსავით გადარჩენაზე უნდა იფიქრო. სულიერ გადარჩენაზეა ფიქრი, თორემ  ფიზიკური გადარჩენა ყველგან შესაძლებელია.      ემიგრაციის პირველსავე დღეს  სვამ შეკითხვას: რატომ? პასუხები მრავალფეროვანია, ან კონკრეტული. 

    თავდაპირველად გგონია შენი ემიგრანტული ცხოვრება არის ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული, მაგრამ როცა სხვა ემიგრანტებს უსმენ, ხვდები რომ    ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 

    ჩაფრენისთანავე იწყებ  სოცქსელებში  ჯგუფების ძიებას. იღებ უამრავ ინფორმაციას,  რომელიც დაგეხმარება კონკრეტული საკითხის გარკვევაში, ან გადაწყვეტაში.  დაუსრულებელია მესიჯების და ზარების  კასკადი  ფინანსურ დახმარებაზე.   პარალელურად მოდის   ვირტუალური შეთავაზებები  ონლაინ პლატფორმებიდან, თითქოს  მოკლე დროში შესაძლებელია ფული გამოიმუშაო.  ეს არის მახე ე.წ. ,,სწრაფი ფულის მისაღებად.“  ფოკუსირება ძირითადად ხდება ემიგრანტებზე.  ყველას უნდა სამშობლოში  მალე დაბრუნება და ამიტომ  მძიმე შრომისგან გამომუშავებულ თანხებს გასცემენ იმ იმედით, რომ ორმაგად დაუბრუნდებათ; თუმცა უმეტესობა, არათუ ნამატ თანხებს, არამედ საკუთარ თანხებს  ვერ იბრუნებს.

      ვიცი,  რომ ფინანსების აკუმულირებისთვის  წამოვედი  ემიგრაციაში. გადის თვეები, წლები და არ გაქვს არანაირი დანაზოგი, ანაბარი. საბანკო ანგარიში თვიდან თვემდე ცარიელია!  დროის გასვლასთან ერთად ხვდები, რომ შენი ფინანსებიც და  ემიგრაციაც უსასრულო ვერ იქნება და ფიქრობ როგორ გაანაწილო სწორად  საკუთარი ფინანსები.  თუ მოახერხებ და ტრენინგებს გაივლი, მიღებული ცოდნა  დაგეხმარება ფინანსების  მართვაში. 

     ცხოვრებაში შემოდის ახალი მოქმედებები: მობილბანკის აქტიურად გამოყენება, გადარიცხვები,  გზავნილები, დანაზოგი, სხვადასხვა ტიპის ანაბრები და ა.შ.   თავიდან ფრთხილად ეცნობი შემოთავაზებებს და შემდეგ აქტიურად იწყებ  ამ ყველაფრის გამოყენებას.   ეს არის ფინანსური მოქმედებების ერთი დიდი  ციკლი, რომელიც გჭირდება არა მხოლოდ ემიგრაციაში, არამედ არაემიგრანტულ ყოველდღიურობაში.  კი, საკუთარ ფინანსებს სჭირდება მართვა და სწორად ინვესტირება,  რომ  ემიგრაცია  ორიათას რომელიღაც წელს დაასრულო! 

     დრო სწრაფად გადის, თითქოს  აქაური ცხოვრების რიტმსაც ფეხი აუწყვე,  მაგრამ შენი დრო  იმ აეროპორტში გაჩერდა, საიდანაც  გამოფრინდი.

რა  არის გზა ემიგრაციაში? - ყველაფერი! 

ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში