კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ რეგიონებში ტრენერების შერჩევას იწყებს

ფინანსური განათლების გავრცელების მასშტაბისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, ასევე მისი მდგრადობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუ" საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს- "ფინედუს ტრენერი".

რას გულისხმობს პროექტი "ფინედუს ტრენერი"?

პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით შერჩეული პირები, ფინედუს ტრენერები ეროვნული ბანკის თანამშრომლების მიერ გადამზადდებიან და აღიჭურვებიან სატრენინგო მასალებით.  ტრენერები კი, თავის მხრივ, 2025 წლის განმავლობაში მოიზიდავენ დაინტერესებულ აუდიტორიას და ჩაატარებენ ტრენინგებს საკუთარ საცხოვრებელ რეგიონში, რისთვისაც საქართველოს ბანკისგან მიიღებენ ანაზღაურებას. 

როგორ გავხდე ფინედუს ტრენერი?

კონკურსში მონაწილეობის მიღება და პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ცხოვრობს თბილისს გარეთ და აქვს ფორმალური და/ან არაფორმალური სწავლების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

რატომ უნდა გავხდე ფინედუს ტრენერი?

პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში ტრენერები: 

  • გაივლიან ინტენსიურ 3-დღიან ტრენინგებს ტრენინგის წაყვანისა და კომუნიკაციის ზოგად ტექნიკებში, რომელსაც გამოიყენებენ მიმდინარე პროექტის გარეთაც და მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს
  • გადამზადდებიან ფინანსური განათლების საკითხებში და მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს
  • მიიღებენ ანაზღაურებას
  • ხელს შეუწყობენ საკუთარ რეგიონში ფინანსური განათლების გავრცელებას
  • გაიფართოებენ პროფესიული კავშირების წრეს

ტრენერობა ანაზღაურებადია?

დიახ, "საქართველოს ბანკი" შერჩეულ ტრენერებს მათ მიერ ჩატარებულ ერთ ტრენინგში 70 (სამოცდაათ) ლარს გადაუხდის. თანხა მოცემულია შესაბამისი გადასახადების გადახდის შემდეგ, ხელზე ასაღები სახით.

პროექტის ფარგლებში ანაზღაურდება თითოეულ ტრენერის მიერ ჩატარებული 9 ტრენინგის თანხა. 

 

რა მოლოდინებია ფინედუს ტრენერისადმი?

ფინედუს ტრენერმა ტრენინგები უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ტრენინგები საკუთარ საცხოვრებელ რეგიონში, რისთვისაც მან უნდა: 

  • დაგეგმოს ტრენინგების განრიგი;
  • შეარჩიოს  სამიზნე აუდიტორია და განსაზღვროს შეხვედრების ტიპი;
  • გაავრცელოს ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგების შესახებ და მოიზიდოს დამსწრეები;
  • მოიძიოს შეხვედრის ადგილი პროექტით განსაზღვრული ტრენინგების ჩასატარებლად; 
  • უზრუნველყოს ყოველ ტრენინგზე მინიმუმ 10 ახალი მონაწილის დასწრება.

რა მხარდაჭერა მაქვს ფინედუს ტრენერობისთვის მზადების პროცესში?

1. საგანმანათლებლო

  • ფინედუს ტრენერობის კანდიდატები გადამზადდებიან 2 მიმართულებით: ტრენერული უნარ-ჩვევებსა  და ფინანსური განათლების საკითხებში. 

2. ფინანსური

  • მეორე ეტაპზე გადასული 8 ტრენერი მიიღებს ფინანსური განათლების საკითხებში ტრენინგზე დასწრებისათვის ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების თანხას;
  • ანაზღაურება ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგები;

3. ტექნიკური

  • ტრენერებს გადაეცემათ ჩასატარებელი შეხვედრების ტრენინგმოდული / გეგმა;
  • ტრენერებს გადაეცემათ საკანცელარიო ნივთები  ტრენინგების უზრუნველსაყოფად.
  • ტრენერებს გადაეცემათ საგანმანათლებლო მასალები;

4. ადამიანური რესურსით

  • "ფინედუს" წარმომადგენელი როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე ვიზიტით  გაუწევს კონსულტირებას საჭირო საკითხებზე;

5. საინფორმაციო 

  • ფინედუს არხზე განთავსდება მხარდამჭერი პოსტები ტრენინგზე დამსწრეთა მოსაზიდად

როგორ შეირჩევიან ფინედუს ტრენერები?

ტრენერების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შეირჩევა 20, ხოლო მეორე საბოლოო ეტაპზე - 8 კანდიდატი.

ტრენერების პირველადი შერჩევა მოხდება "ფინედუს" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ  სპეციალურ ბმულზე  დარეგისტრირებული კანდიდატებიდან.

თავდაპირველად შეირჩევა 20 ძირითადი და 10 სარეზერვო კანდიდატი. უპირატესობა მიენიჭებათ საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს. 

ტრენერების საბოლოო შერჩევა განხორციელდება შემდეგნაირად:

  • თავდაპირველ ეტაპზე შერჩეული 20 კანდიდატი გადამზადდება  ტრენერულ უნარ-ჩვევებში;
  • 20-ვე კანდიდატი ჩაატარებს 1-1,5 საათიან საჩვენებელ ტრენინგს
  • საჩვენებელი ტრენინგების საფუძველზე შეირჩევა არაუმეტეს 8 ტრენერი

საბოლოოდ შერჩეული 8 ტრენერი დამატებით გაივლის ასევე ტრენინგს ფინანსური განათლების იმ საკითხებსა და იმ მეთოდოლოგიით, რომლის გამოყენებითაც მომდევნო პერიოდში თავად უნდა ჩაატარონ ტრენინგები საკუთარ საცხოვრებელ რეგიონებში.

რა მიზანი აქვს პროექტს "ფინედუს ტრენერი"?

  • ფინანსური განათლების საკითხების ცოდნის დონის ზრდა;
  • ტრენინგის მონაწილეებისთვის პირადი და ოჯახის ფინანსების მართვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში დახმარება;
  • ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაცია; 
  • ფინანსური განათლების საკითხებზე, წლის განმავლობაში მუდმივი შეხვედრების ორგანიზება.

პროექტის დეტალები და ვადები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წარმატებას გისურვებთ!