კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია ემიგრანტებისთვის

5 ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია ემიგრანტებისთვის

65
0 / 5

ინვესტირება რთული და დინამიკური პროცესია, რომლის წარმატებით განხორციელება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მნიშვნელოვანია, როგორია ჩვენი ფინანსური მიზნები, რისკების როგორი მიმღებლობა გვაქვს და რამდენად კარგად ვიცნობთ საინვესტიციო გარემოს. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია: განვახორციელოთ საფუძვლიანი კვლევა, გავაანალიზოთ მონაცემები და მივიღოთ რეკომენდაციები ფინანსური მრჩევლებისგან. სწორედ გონივრული საინვესტიციო არჩევანი იქნება ჩვენი წარმატებული ფინანსური მომავლის წინაპირობა როგორც მშობლიურ, ისე ემიგრაციის ქვეყანაში. 

ახლა ერთად განვიხილოთ ის პოტენციურად მომგებიანი ინვესტიციები, რომლებიც შედარებით მდგრადია და რთულ ფინანსურ სამყაროში სხვებზე მეტი სტაბილურობის მოლოდინს აჩენს. 

უძრავი ქონება

ინვესტირება უძრავ ქონებაში უკვე გამოცდილი სტრატეგიაა ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად. უძრავი ქონების შეძენისას, პირველ რიგში, განსაზღვრეთ ქონების ტიპი, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კომერციული ფართი, სახლი, ბინა და/ან მიწის ნაკვეთი. შეძენამდე მოიკვლიეთ ადგილობრივი ბაზარი, შეაფასეთ ღირებულება, სამომავლო განვითარების პერსპექტივა და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. მაგალითად: ბინა, რომლის შეძენასაც აპირებთ გაქირავების მიზნით, უმჯობესია შეარჩიოთ იმ ადგილებში, სადაც შედარებით დიდია დამქირავებელთა ინტერესი; კომერციული ფართის შეძენისას საჭიროა, შეაფასოთ, რამდენად ხალხმრავალ ადგილასაა ფართი განთავსებული, ასევე, არსებობს თუ არა ისეთი შეზღუდვა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ბიზნესზე. 

მეწარმეობა

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ კარგი ბიზნეს იდეა, უნარები და შესაძლებლობები მის წარმატებით გასავითარებლად, მაშინ დროა ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და შეაბიჯოთ მეწარმეობის მომგებიან და გამოწვევებით სავსე სამყაროში. მეწარმეობა გულისხმობს ბიზნესის დაწყებისა და მართვის პროცესს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გამოიყენოთ თქვენი უნიკალური უნარები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზნესის დაწყებას ემიგრაციის ქვეყანაში აპირებთ. იქ გექნებათ შესაძლებლობა მასპინძელი ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე შეიტანოთ თქვენი კულტურა და გემოვნება, რაც ასე ძალიან მოგწონთ და გიყვართ. მეწარმეობას შეიძლება  სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მცირე ადგილობრივი სტარტაპიდან დაწყებული, მაღალტექნოლოგიური ბიზნესით დამთავრებული. ნებისმიერი სახის ბიზნესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, ბაზარი საფუძვლიანად მოიკვლიოთ/შეისწავლოთ და შემდეგ მეტ-ნაკლებად მოარგოთ თქვენი იდეები მის საჭიროებებს. აქვე გასათვალისწინებელია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა ადგილობრივი რეგულაცია და გადასახადები. ასევე, არ დაგავიწყდეთ რისკები და გამოწვევები, რომლებიც ნებისმიერი ბიზნესის თანმხლები კომპონენტია.   

სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციები

სოფლის მეურნეობაში ინვესტირება გამართლებულია სხვადასხვა  მიზეზის გამო. მისი წარმატების მთავარ საფუძველს წარმოადგენს გლობალურად მოსახლეობის ზრდა და შესაბამისად, სურსათზე გაზრდილი მოთხოვნა. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წასახალისებლად მთავრობებს ხშირად აქვთ სუბსიდირების და სხვა პროგრამები, რომლებშიც მიგრანტები ხშირად განსაკუთრებული პრიორიტეტებით სარგებლობენ. შესაბამისად, გირჩევთ მოიძიოთ ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც   როგორც მშობლიური, ისე მასპინძელი ქვეყნის მთავრობები გთავაზობენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ისარგებლოთ. აღნიშნული პროგრამები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დანახარჯები და მიიღოთ მაქსიმალური მოგება. ინვესტირება განსაკუთრებით მომგებიანი ისეთ რეგიონებშია, სადაც   გარკვეული სურსათის წარმოებაზე და მიწოდებაზე მოთხოვნა არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებას შეუძლია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნით და სოფლის ეკონომიკური ზრდის წახალისებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ინვესტირება საკუთარ ქვეყანაში ან რეგიონში სურთ.

აქციები

აქციის შესყიდვით ინვესტორი ხდება კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ანუ აქციონერი. აქციებში ინვესტირებას მოკლევადიან პერიოდში არასტაბილურობა ახასიათებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია როგორც მნიშვნელოვანი მოგების, ისე ზარალის მოტანა . აქციებში ინვესტირება მნიშვნელოვან დაფიქრებას, მოკვლევას და შეფასებას მოითხოვს, ერთ არასწორ გათვლას ან ნაბიჯს შეუძლია ინვესტირებული  თანხის ძირიც კი ათწლეულების განმავლობაში ვერ ამოგაღებინოთ, მაშინ როცა, იმავე თანხის სხვაგვარად ინვესტირებას შესაძლოა, გაცილებით მეტი მოგების პოტენციალი ჰქონოდა. შესაბამისად, მიგრანტებს, რომლებსაც აქციებში ინვესტირება გხიბლავთ, გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ მოიკვლიოთ დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ, სწორად შეაფასოთ მისი მომგებიანობის რისკები, შედეგები მოკლევადიან პერიოდზე არ გათვალოთ, მზად იყოთ მათ გრძელვადიანი პერსპექტივაში მისაღებად და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგათ ნაბიჯი ამ სფეროში ინვესტირებისკენ. 

თუ დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რომ ინვესტირება აქციებში გსურთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ აქციებში ინვესტიციის სხვადასხვა გზა შეგიძლიათ გამოიყენოთ - როგორც ინდივიდუალური, ისე საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის. თუმცა უმჯობესია საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციებით ივაჭროთ, რომლებიც მეტი გამჭვირვალობით, შედარებით მაღალი ანგარიშვალდებულებით და ლიკვიდურობით (აქტივების ნაღდ ფულად ქცევის შესაძლებლობა) გამოირჩევა. რაც შეეხება, ინდივიდუალური კომპანიის აქციებში ინვესტირებას,  ეს გაცილებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. ინდივიდუალური კომპანიის აქციების შეძენასთან შედარებით კონკრეტული სექტორების/ბაზრების მომგებიანობაზე მიბმული ფონდების (ETF) აქციებში ინვესტირება გაცილებით დაბალრისკიანია. თანაც აქ ერთდროულად სხვადასხვა სექტორში, ინდუსტრიასა თუ რეგიონში ინვესტირების შესაძლებლობა გეძლევათ, რაც რისკების განაწილების და, შესაბამისად, შემცირების საშუალებას მოგცემთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტიციისთვის აქციები თქვენს ფინანსურ გეგმებსა და მიზნებზე მორგებულად შეარჩიოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ რისკებსა და მათი თავიდან არიდების გზებზე. 

ფასიანი ქაღალდები/ობლიგაციები

ობლიგაცია წარმოადგენს სავალო ფასიან ქაღალდს, რომელსაც გამოსცემს ემიტენტი (გამომშვები) ინვესტორისგან თანხის მისაღებად. ობლიგაციების შეძენა აქციებთან შედარებით ნაკლებრისკიან ინვესტიციად ითვლება, რადგან გთავაზობთ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს და ინვესტირებული თანხის დაბრუნებას ობლიგაციის ვადის გასვლისთანავე, გარდა ამისა, კომპანიის გაკოტრების/ლიკვიდაციის შემთხვევაში, პირველ რიგში კმაყოფილდება ობლიგაციონერების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ - აქციონერების. 

ობლიგაციები შედარებით ურისკო, სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა მისი მოგება სხვა ინვესტიციებთან შედარებით ნაკლებია. არსებობს სხვადასხვა სახის ობლიგაცია, მათ შორის, სახელმწიფო ობლიგაცია (სახაზინო ობლიგაცია), რომელიც ქვეყანაში ყველაზე დაბალრისკიან ინვესტიციად მიიჩნევა. რისკიანობის მხრივ ქვეყნებს შორისაცაა სხვაობა, შესაბამისად, თუ თქვენ სხვადასხვა ქვეყნის ობლიგაციებს შორის აკეთებთ არჩევანს, გირჩევთ, გაეცნოთ საერთაშორისო რეიტინგებს. კორპორაციულ ობლიგაციას რაც შეეხება, უმჯობესია, ინვესტორმა ჯერ ობლიგაციის მიმოხილვა (წინ უძღვის ყველა ობლიგაციის გამოშვებას) წაიკითხოს და დააზუსტოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რისკიანობაზე, მაგალითად: უზრუნველყოფილია თუ არა ობლიგაცია, სუბორდინირებულია თუ არა, რა არის კომპანიის და ობლიგაციის საკრედიტო რეიტინგი და ა.შ. არჩევანის გაკეთებისას, როგორც სხვა ინვესტიციების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჩაატაროთ მოკვლევა და თქვენი არჩევანი იმ საჭიროებებსა და გარემოებებს მოარგოთ, რომლებიც თქვენთვის პრიორიტეტულია. 

რომ შევაჯამოთ, ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ შესაძლო მოგებასა და რისკს/რისკებს შორის ურთიერთკავშირი. ზოგადად, შედარებით მაღალრისკიანი ინვესტიცია ძირითადად მაღალ მოგებასთან არის ხოლმე დაკავშირებული, თუმცა ეს ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის არ ამართლებს. სწორედ ამიტომ გირჩევთ, შეაფასოთ და საბოლოოდ ისეთი ინვესტიცია შეარჩიოთ, რომელიც თავის კლასში ყველაზე მეტ მოგებას მოგცემთ გაწეულ რისკთან შედარებით. რისკების კიდევ უფრო შესამცირებლად კი მთელი ფულის ინვესტირებას აქტივების ერთ კლასში ნუ მოახდენთ, რადგან სხვადასხვა ბაზარზე და სექტორში ინვესტირება გიცავთ დიდი ფინანსური დანაკარგებისგან. ინფორმაციის მოძიებისას გირჩევთ მიმართოთ და გაითვალისწინოთ პროფესიონალების რჩევები, რომლებსაც საერთაშორისო ფინანსებსა და იურიდიულ საკითხებში აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რათა ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.